ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ტოლფასია

ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ტოლფასია

,,აუცილებელია  ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც საქართველოში სტუმრობისას რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა“ -  ამ პირობის შესრულების შემდეგ,  რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოოს და  ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს.  ოფიციალური მოსკოვის შეთავაზებას თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღგენის შესახებ,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე პასუხობს.  მას  ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა წარმოუდგენლად მიაჩნია.

როგორ აფასებს ოფიციალური მოსკოვის  შემოთავაზებას, ამ ეტაპზე  რამდენად შესაძლებელია ქვეყნებს შორის ურთიერთობების დარეგულირება, ჩვენი მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში,  არის თუ არა ეს  უარის თქმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ  აღიარებულ საზღვრებზე  და როგორ განიხილავენ ამ მესიჯს დასავლელი პარტნიორები, რომლებიც  რუსეთან ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე   ინტენსიურად საუბრობენ,  presage.tv საქართველოს ყოფილ ელჩს რუსეთში, პოლიტიკური ექსერტ ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

ზურაბ აბაშიძე: ამ განცხადებაში ორი მომენტია, ერთი  სავიზო რეჟიმის მოხსნას, ხოლო მეორე - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ეხება.  სავიზო რეჟიმის მოხსნას რაც შეეხება, თუკი რუსეთს საქართველოს მიმართ 2001 წელს ცალმხრივად  შემოღებული  სავიზო რეჟიმის გააუქმება  სურს,  ამის გაკეთებას არავინ  უშლის. ამისთვის  მას საქართველოს ნებართვა აბსოლუტურად არ სჭირდება.  მათი მხრიდან  სავიზო რეჟიმის  გააუქმება  ვფიქრობ, პოზიტიური გადაწყვეტილება და ნაბიჯი იქნება. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას,   ამ ეტაპზე ამის პირობები არ არსებობს.  დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ჩვენი მხრიდან,  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დაკანონების ტოლფასი იქნება.  ფაქტიურად დავაკანონებთ იმ ვითარებას რაც რუსეთმა  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  შექმნა.  ამიტომ მიმაჩნია, რომ  ამ ეტაპზე ჩვენ ამის გაკეთება არანაირად არ შეგვიძლია.   ორ სახელმწიფოს შორის თუ მოლაპარაკებები და   რეალური სახელმწიფოთაშორისი დიალოგი დაიწყება  და  თუ  ამ დიალოგის შედეგად  მიღწეული იქნება რეალური პროგრესი ისეთ  კარდინალურ საკითხებთან დაკავშირებით,  როგორიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაა მაშინ,  რაღაც ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ  საკითხი   შეიძლება მართლაც დადგეს, მაგრამ ეს იქნება პროცესის შედეგი და არა დასაწყისი.

გასაგებია, რომ  ჩვენი მხიდან ეს ნაბიჯი იქნება უარის თქმა იმ საზღვრებზე, რომლებიც საერთაშორისოდაა აღიარებული,  თუმცა მაშინ, როდესაც დასავლელი პარტნიორები  ინტენსიურად მოგვიწოდებენ  და საუბრობენ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაზე - ამ რეკომენდაციის შესრულების რა პერსპექტივა  არსებობს?

ერთია დიალოგის აღდგენა,   საუბრის დაწყება სახელმწიფოთა შორის დონეზე და მეორეა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. დასავლელი პარტნიორები მოგვიწოდებენ,  რომ შეძლებისდაგვარად აღდგეს დიალოგი რუსეთთან, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობები გინდა თუ არა აღადგინეთო არ ყოფილა, იმიტომ რომ  მათ ამ საქმის სამართლებრივი საკითხები კარგად ესმით.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას რუსეთთან სავიზო რეჟიმს ცალმხრივად გაუქმების შესახებ თავდაპირველად ოფიციალური მოსკოვის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. როგორ ფიქრობთ მათი ტრანსფორმაცია რამ განაპირობა?

ჩემი შთაბეჭდილებით,  ქართული მხარის გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ,  რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ არაკომფორტულ მდგომარეობაში  ჩააყენა. ამიტომ მათ ნაწილობრივ ამ ვითარების გამოსწორება  გადაწყვიტეს და    ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.  მაგრამ იქ ჩამოთვლი პირობები  საქართველოსთვის ამ ეტაპზე  პრაქტიკულად მიუღებელია.  რუსეთს თუ  სავიზო რეჟიმის გაუქმება სურთ  ამის არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. ჩვენთან შეთანხმება რად უნდა, ჩვენ მათთან ხომ არ შეგვითანხმებია?

ოპოზიცია ხომ არ იტყვის, რომ საქართველოს  ხელისუფლებამ რუსეთთან  ურთიერთობის ნორმალიზების შანსი ვერ გამოიყენა?

არამგონია.  ვფიქრობ,  რომ ჩვენს ოპოზიციურ პარტიებს,  გონიერი ოპოზიციონერები მყავს მხედველობაში კარგად ესმით,  ორ ქვეყანას შორის  2008 წლის და   განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ  თუ რაოდენ  რთული ვითარება შეიქმნა.  ვფიქრობ, რომ მათი  მხიდანაც ადეკვატური რეაქცია იქნება.

რაც შეეხება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს, მოსახლეობა არჩევნების შემდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება, როგორ ფიქრობთ როგორ ჩაივლის არჩევნები?

საერთო შთაბეჭდილებით  და შეფასებით  პუტინი ალბათ,  პირველ ტურშივე გაიმარჯვებს.   ნამდვილად  დაგეგმილია საპროტესტო აქციები, მაგრამ რამდენად მაშტაბური იქნება ეს აქციები და რამდენად ძლიერ გავლენას მოახდენს  საპრტესტო ტალღა ქვეყანაში  შექმნილ ვითარებაზე, ახლო მომავალი გვიჩვენებს. ამის პროგნოზირება რთულია.