21 ივნისს ეგვიპტეს ახალი პრეზიდენტი ეყოლება

21 ივნისს ეგვიპტეს ახალი პრეზიდენტი ეყოლება

ეგვიპტის არაბეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ფარუქ სულთანის განცხადებით, ეგვიპტის პრეზიდენტის ვინაობა არაუგვიანეს 21 ივნისისა გახდება ცნობილი.

23-24 მაისს ეს ქვეყანა „25 იანვრის რევოლუციის“ შემდეგ პირველ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს, 29 მაისს კი შედეგები შეჯამდება. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების სათანადო რაოდენობასა, მაშინ მეორე ტური 16-17 ივნისს ჩატარდება.

კანდიდატების რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება და 8 აპრილამდე გასტანს. 30 იანვარს მიღებული კანონის თანახმად, კანდიდატი დაბადებული უნდა იყოს ეგვიპტეში, არ უნდა ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, არ უნდა იყოს უცხოელთან ქორწინებაში და მათ წამოყენებას პარლამენტის 30–მა დეპუტატმა ან 30 ათასმა ამომრჩეველმა  უნდა დაუჭიროს მხარი. კანდიდატი არ შეიძლება იყოს 40 წელზე უმცროსი. კანონის თანახმად, პრეზიდენტობის მაქსიმუმ ორი  ვადა  (4+4წ.) განისაზღვრა.

კანდიდატების რეგისტრაციის შემდეგ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. პრეზიდენტის არჩევით დასრულდება სამხედრო საბჭოს მიერ სამოქალაქო მმართველობისთვის ძალაუფლების გადაცემა. პროცესი, რომელიც ძალიან გაჭიანურდა, ეგვიპტის საზოგადოების სერიოზულ პროტესტს იწვევდა. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირმაც გამოთქვა შეშფოთება, როცა თებერვლის ბოლოს ერთობლივად მიღებულ დოკუმენტში ხაზი გაუსვა „სამოქალაქო მმართველობაზე სწრაფად გადასვლის მნიშვნელობას და მოუწოდა ხელისუფლებას, განსაზღვროს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საბოლოო ვადები“. ევროკავშირის ქვეყნებმა ამავე დოკუმენტში გააკრიტიკის ეგვიპტის ხელისუფალნი არასამათვარობო სექტორის და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების შევიწროვების გამო. თავის მხრივ, ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს მეთაურმა, მუჰამედ ჰუსეინ ტანტავიმ პირობა დადო, რომ ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს, რომელიც მისი თქმით „სამართლიანობისა და პატიოსნების მაგალითი“ იქნება. „ეს არჩევნები გახდება დასტური იმისა, რომ შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო ასრულებს თავის დაპირებას, რომელიც მან მან ძალაუფლების აღების დროს დადო“ - ნათქვამია ტანტავის ეგვიპტის პარლამეტისადმი მიმართვაში. სამხედროებმა უკვე გადასცეს საკანონმდებლო ხელისუფლება ახლად არჩეულ პარლამენტს.