როგორ სჯიან ჯარისკაცს, ვინც ავღანეთში წასვლას გააპროტესტებს

როგორ სჯიან ჯარისკაცს, ვინც ავღანეთში წასვლას გააპროტესტებს


გასულ კვირას, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში ისევ უმძიმესი დანაკარგი განიცადა. ჰილმენდის პროვინციაში თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანა აფეთქდა და სამი ქართველი კაპრალი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტრომ მომხდარზე მწირი ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქართველი სამხედროები: რუსლან მელაძე, პაატა კაჭარავა და ვალიკო ბერაია საბრძოლო ამოცანის შესრულებას შეეწირნენ. თავდაცვის სამინისტრო სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს; ექსპერტები დაჭრილების არსებობასაც არ გამორიცხავენ. მათი თქმით, დაჭრილებზე ზუსტი ინფორმაცია რატომღაც არასოდეს ვრცელდება. არადა, ცხადია, რამდენიმე ათეული დაჭრილი სამხედრო უცხოეთის კლინიკებში მკურნალობს, დასახიჩრებულ ჯარისკაცთა ნაწილი კი - გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული.

სამწუხაროდ, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს უკვე 15 ვაჟკაცი დავკარგეთ. დანაკარგის უდიდესი წილი სწორედ მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონზე მოდის. 

მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია, თუ რა პირობებში არიან ავღანეთში მყოფი ჩვენი ჯარისკაცები და რა ხიფათი ხვდებათ. იქიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს მასმედიასთან კონტაქტი კატეგორიულად ეკრძალებათ. თავდაცვის სამინისტრო რატომღაც, გარდაცვლილთა ოჯახებსაც უკრძალავს ჟურნალისტებთან კონტაქტს. ამიტომ უცხო მიწაზე დაღუპული ბიჭების სახელის უკვდავყოფაც ფაქტობრივად, არ ხდება. 

შევეცადეთ, მეტი შეგვეტყო ამ სამი ჯარისკაცის ცხოვრებაზე, მაგრამ იოლი არ აღმოჩნდა. მეზობლებს არ დაუმალავთ, რომ სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ოჯახებს დუმილი ურჩია.

ცხედრები ერაყიდან სპეცრეისით, 25 თებერვალს გამთენიისას გადმოასვენეს. დაღუპული გმირების ცხედრებს მათ სოფლებში თვალცრემლიანი ადამიანები დახვდნენ. 

25 წლის ვალიკო ბერაია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხეცერაში გადაასვენეს. ახალგაზრდა ბიჭს ყველა დადებითად ახასიათებს. ამბობენ, მან ყველას თავი შეაყვარა და, თავისი ასაკის მიუხედავად, ღირსეული კაცის სახელიც მოიხვეჭაო. ვალიკოს ოჯახს თურმე მატერიალურად ძალზე უჭირდა, ამიტომ ბიჭი პატარაობიდანვე შრომობდა - 12 წლის იყო, ნაყინის გაყიდვით მოპოვებულ თანხას ოჯახის წევრებს რომ უნაწილებდა; თავისი შემოსავლით დედასა და და-ძმასაც არჩენდა. ვალიკოს მამა სკოლაში სამხედრო საქმის მასწავლებელი იყო; იგი გარდაცვლილია. ახალგაზრდა ბიჭმა ოჯახის მთელი სიმძიმე თავად იტვირთა; ქართულ არმიაში სამსახური დაიწყო და ქვეყნის სადარაჯოზე წლების მანძილზე იდგა. ვალიკო ბერაია თავისი შრომით მოპოვებული ფულით დას სწავლის საფასურსაც უხდიდა. "დას ასწავლა. ცოტა ხნის წინ გოგო გათხოვდა და ამ პატარა ბიჭმა გაამზითვა კიდეც. ფაქტობრივად, მამის მაგივრობა გასწია. ძალზე ჭკვიანი ბიჭი იყო, ყველას გვერდში ედგა, ძალიან გვიყვარდა და ყველანი შეწუხებული ვართ მომხდარით. არ ვიცით, როგორ ვანუგეშოთ მისი ავადმყოფი დედა", - ამბობს მეზობელი. 

ავადმყოფ დედას მისი დაღუპვის ამბავი მისი ნეშტის ჩამოსვენებამდე დაუმალეს. დედას ახლობლები და თანასოფლელები არ შორდებოდნენ, მაგრამ მისი თანდასწრებით ცრემლებს იკავებდნენ; მხოლოდ ის უთხრეს, ვალიკო დაჭრილია და ველოდებით, უნდა ჩამოიყვანონო. დედაც დაჭრილ შვილს ელოდა... ის მძიმე სენითაა დაავადებული. თურმე ვალიკოს ხელფასის დიდი ნაწილი დედის წამლებში მიდიოდა. კაპრალი სამხედრო სამსახურში თავის მოვალეობას ღირსეულად ასრულებდა. იგი დაჯილდოებულია მედლებითა და სამხედრო სიგელებით. სამშვიდობო მისიით ქვეყნიდან წასვლა 6-6 თვით, მესამედ მოუხდა. ეს მესამე კონტრაქტი საბედისწერო აღმოჩნდა. 

კაპრალი პაატა კაჭარავა ვალიკო ბერაიას უახლოესი მეგობარი იყო. ბიჭებმა ერთმანეთი ჯარში გაიცნეს და განუყრელი მეგობრები გახდნენ. ვალიკო პაატას ნათლია იყო. ჯარშიც სულ ერთმანეთის გვერდით იყვნენ და როგორც ჩანს, მიცემული დავალების შესასრულებლადაც ერთად გავიდნენ. პაატა კაჭარავა აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში დაიბადა და გაიზარდა. მის ნეშტსაც უამრავი თვალცრემლიანი ადამიანი დახვდა აბაშის ცენტრში. პაატას ყველა დიდი სიყვარულით იხსენებს; ამბობენ, რომ მისი მოღიმარი სახე არასოდეს დაავიწყდებათ. მას დედა და ძმა ჰყავს. 

რაც შეეხება რუსლან მელაძეს, - ის ხულოს რაიონში ცხოვრობდა. ოჯახის წევრები რუსლანს ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე "სკაიპით" ესაუბრნენ. რუსლანმა ოჯახი დაამშვიდა: "ნურაფრის გეშინიათ, ყველაფერი კარგად არის. არ ინერვიულოთ, ეს ორთვე-ნახევარიც მალე გავა და თქვენთან დავბრუნდები; ხომ იცით, რომ სამშობლოს ვიცავ"... რუსლან მელაძესაც ყველა საოცრად ღირსეულ ახალგაზრდად მოიხსენიებს; ამბობენ, გამორჩეული მეგობრობა იცოდაო. 
ბიჭებს 6-თვიანი კონტრაქტის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი ჰქონდათ და ოჯახის წევრები დარჩენილ დღეებს ითვლიდნენ. 

ამ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, ავღანეთში მყოფი ჩვენი ჯარისკაცები პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა. "ავღანეთიდან ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა ჩვენი ბიჭების დაღუპვის შესახებ. ეს ჩემთვის უმძიმესი დარტყმაა იმის გათვალისწინებითაც, რომ სულ ორი დღის წინ ვიყავი მათთან ერთად. საკუთარი თვალით ვნახე, როგორი შემართებით, სულისკვეთებითა და თავგანწირვით ასრულებდნენ ისინი მეტად სარისკო დავალებებს. ჩვენი ბიჭები ავღანეთში რისკის სრული გაცნობიერებით მიდიან და თავი ამაყად და ღირსეულად უჭირავთ, რადგან ხუთჯვრიანი დროშის ქვეშ უწევთ ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად... კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს ასეთი თავდადებული ბიჭები ჰყავდა, დღესაც ჰყავს და ყოველთვის ეყოლება", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. იგი თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებსა და თანამებრძოლებს. 

აღსანიშნავია, რომ ჰილმენდის პროვინციაში სერიოზული ინციდენტი მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის დროსაც მოხდა. ქართველი სამხედროების თქმით, თალიბები 31-ე ბატალიონის სამოქმედო რაიონის დანაღმვას შეეცადნენ, მაგრამ მოკავშირეებმა ისინი უპილოტო თვითმფრინავის მეშვეობით აღმოაჩინეს, ქართველებმა კი თალიბები ადგილზე გაანადგურეს. როგორც ჩანს, ამ ინციდენტს გაგრძელება მოჰყვა და მას სამი ქართველიც ემსხვერპლა.
2003 წელს წავიდა პირველად სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში, ქ. ტიკრიტში 70-კაციანი სამედიცინო ჯგუფი და საინჟინრო ოცეული. 2004 წელს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 300 კაცამდე გაიზარდა. 2007 წლის ივლისიდან კი - საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ერაყში, ვასიტის პროვინციაში სამშვიდობო მისიით მესამე ქვეითი ბრიგადის 2000 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა... როტაციის პრინციპის შესაბამისად, მისიაში ახალი ასეული ყოველ 6 თვეში ცვლის წინამორბედს.

2010 წლის აპრილიდან ქართველი ჯარისკაცები მსოფლიოში ყველაზე ცხელ წერტილში - ჰილმენდის პროვინციაში იმყოფებიან. ბოლო როტაცია 2011 წლის ნოემბერში მოხდა, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ბატალიონის 750-მა სამხედრო მოსამსახურემ 33-ე ბატალიონი ეტაპობრივად ჩაანაცვლა. მართალია, ქართულმა არმიამ სერიოზული დანაკარგი განიცადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა 2011 წლის 16 დეკემბერს პარლამენტს დამატებით, ერთი ქვეითთა ბატალიონის გაგზავნაზე თანხმობა სთხოვა. საკითხი დადებითად გადაწყდა და ავღანეთში კიდევ ერთი ბატალიონი გაიგზავნება. ეს ხდება მაშინ, როცა თვით აშშ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობას ამცირებს და 2014 წლისთვის ჯარის სრულად გამოყვანას აპირებს... ბუნებრივია, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები შეშინებული არიან, რადგან იციან, რომ მათი შვილები, ქმრები, ძმები ყველაზე ცხელ წერტილში იმყოფებიან - იქ, სადაც პარტიზანული მოქმედებები მიმდინარეობს. 

აქვე უნდა ვთქვათ - ოფიციალური ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, მაგრამ ეს რეალობას არ შეესაბამება: კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცებს მეთაურები შეიარაღებული ძალებიდან გაგდებით ემუქრებიან და ასე აიძულებენ ავღანეთში წასვლას; უარის თქმის შემთხვევაში, ჯარისკაცმა იცის, რომ კონტრაქტის დარღვევისათვის მას სასამართლოში უჩივლებენ და სოლიდურ ფულად ჯარიმას დააკისრებენ... მას შემდეგ, რაც პარლამენტმა დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის დადგენილება მიიღო, თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთში სამშვიდობო მისიით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონზე შეაჩერა არჩევანი. ჯარისკაცების უმრავლესობამ თურმე წასვლაზე უარი თქვა, ამიტომ ბატალიონის დაკომპლექტების პრობლემა დადგა. უარის გამო იანვარში 100-ზე მეტ ჯარისკაცს კონტრაქტი გაუუქმეს და კონტრაქტის დარღვევისთვის სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ. ყველას ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, თუ რატომ არ მიდიოდნენ ავღანეთში. 

ისინი პასუხობდნენ, - საქართველოში არეულობა რომ მოხდეს, იარაღს ავისხამთ და სამშობლოს სადარაჯოზე დავდგებით, მაგრამ იქ წასვლა არ გვსურს და ოჯახური პირობებიც არ გვიწყობს ხელსო. სხვადასხვა დანაყოფიდან დათხოვნილი ჯარისკაცები კი ახლა შიშით ელოდებიან იმ დღეს, როცა მათ წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევა. ერთმა ჯარისკაცმა ისიც მითხრა, - ავღანეთში წასვლა არ მინდოდა, მაგრამ როცა ჯარიმის თანხა დამიანგარიშეს და მითხრეს, მაშინ 28 ათასი ლარის გადახდა მოგიწევსო, რა მექნა? ამდენ ფულს სად ვიშოვიდი, ჩემს სახლში ჩემ გარდა არავინ მუშაობს და ოჯახს ქუჩაში ხომ არ დავტოვებდიო... როგორც ამბობენ, თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში მუშაობის მსურველ ახალ ნაკადს კონტრაქტში პირდაპირ უწერს, რომ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა სავალდებულოა. 

გასაგებია, რომ სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების ყოფნა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და რომ ნატოს სტანდარტებს უნდა მივუახლოვდეთ, მაგრამ გაუგებარია, ხელისუფლება რატომ იჩენს ინიციატივას, რომ ყველაზე ცხელ წერტილში დამატებითი ქვედანაყოფი გაგზავნოს, როცა დღეს არსებული კონტინგენტითაც საკმარისია ავღანეთის ოპერაციაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა... 

ჯერჯერობით უცნობია, როდემდე მოუწევთ უცხო მიწაზე ყოფნა ქართველ ჯარისკაცებს. ჩვენ კი ყველა მათგანს თავიანთი მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულებასა და სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას ვუსურვებთ, გარდაცვლილთა ოჯახებს კი ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ.