"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ბოლო პერიოდში საქართველოს რეგიონებსა და თბილისის გარეუბნებში ერთი ტენდენცია შეინიშნება - როგორც აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, მათთან მიდიან უცხო ადამიანები, ეუბნებიან, რომ არიან "ქართული ოცნებიდან" და ივანიშვილთან შეხვედრას სთავაზობენ. როგორც ეს ადამიანები ამბობენ, "ქართული ოცნების" სახელით მათ ჰპირდებიან, რომ შეხვედარზე თავადვე წაიყვანენ და რაც მთავარია, ეუბნებიან, რომ შეხვედრაზე ივანიშვილი მათ 200-200 ლარს დაურიგებს..." - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "თაღლითობა ივანიშვილის სახელით / შესაძლოა, ჩაფიქრებული ჰქონდეთ, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვის იმიტირებით შეაფერხონ ჩვენი საქმიანობა".
"ეს ამბავი გლდანში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა გვითხრა და ისინი დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილი მათთან შეხვედრას აუცილებლად გამართავს და ელოდებიან, რომ, რომ ამ შეხვედრაზე ისინი შეპირებულ თანხასაც აუცილებლად მიიღებენ. ამასთან ეს ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ არ იციან, ეს შეხვედრა როდის გაიმართება, რადგან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, როგორც მათ თავი გააცნეს, უთქვამთ, რომ ივანიშვილს ძალიან ბევრი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი და ჯერჯერობით არ იციან, რომელ რაიონში როდის ჩატარდება. "ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან - არც არანაირი შეხვედრები არ დაუგეგმავთ და მით უმეტეს, არც ფულის დარიგებას დაპირებიან ვინმეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ეს ინფორმაცია ჩვენთვის პირველი არ არის და ეს არის მოძველებული ხერხი იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ჩირქი მოსცხონ. ისინი აცნობიერებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა განპირობებულია მისი მორალური და ინდივიდუალური ლიდერობით. ესენი კი ცდილობენ, რომ საზოგადოების ინტერესი დაიყვანონ მისი კაპიტალის ოდენობაზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ტყუილი და მინდა ყველა მოქალაქეს მოვუწოდო, ვისთანაც ჩვენი სახელით მივლენ და შესთავაზებენ ფულს ან სხვა რამე ქონების გადაცემას, - აუცილებლად შეგვატყობინონ ჩვენ და ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლიან, შეატყობინონ პოლიციას იმის თაობაზე, რომ ის კონკრეტული პირი ეწევა ამომრჩევლის მოსყიდვას. იმიტომ, რომ ჩვენ არავის მოსყიდვას არ ვეწევით და ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს იმ პირის მხილება, , რომელიც ცდილობს ჩვენი სახელით მოაწყოს პროვოკაცია და მოგვცხოს ჩირქი", - ამბობს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი. რომლის თქმით, ასეთი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ცდილობენ საფრთხის შექმნას, რათა შემდეგ ისინი ამომრჩველის მოსყიდვაში დაადანაშაულონ", - დასძენს გამოცემა.
"შესაძლოა, ჩაფიქრებული ჰქონდეთ, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვის იმიტირებით შეაფერხონ ჩვენი საქმიანობა. პირველ რიგში ჩვენ ვართ დაინტერესებულნი, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და როდესაც ჩვენ გავაპროტესტეთ დრაკონული კანონი "პოლიტიკური პარტიების შესახებ", ეს სულაც ან ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ამომრჩევლის მოსყიდვის შეზღუდვას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ჩვენ ვაკრიტიკებთ იმას, რომ პარტიას არსებობის საშუალება უნდა ჰქონდეს - პოლიტიკური პარტია არ არის სამეწარმეო ობიექტი, რომელიც თავის რჩენას შეძლებს. თუ პოლიტიკურ პარტიას ვინმე თანხას არ შესწირავს, იგი არსებობას ვერ შეძლებს. ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ეს კანონი არის უსამართლო, რომ პარტიას სასიცოცხლო არტერიები გადაუჭრა, თორემ მეორე ნაწილში, რომ პარტიებში შესული თანხა არ უნდა გამოიყენონ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, რა თქმა უნდა, ცალსახა პოზიცია გვიკავია, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა არ შეიძლება", - ამბობს ქუცნაშვილი. ის არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობას მათი სახელით ჯერ თანხებს დაპირდნენ და შემდეგ გამოიყენონ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რომ თითქოს მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობენ. ეს ქმედება კი კანონმდებლობით დასჯადია და ამის გამო პარტიას არა მარტო ჯარიმის დაკისრება, არამედ საარჩევნო რეგისტრაციაში არგატარებაც შეიძლება დაემუქროს. ამიტომ, ქუცნაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავებს აცნობონ", - წერს სტატიის ავტორი.
870
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85