ეკა ბესელია ექსკლუზიურად ,,ვერსიისთვის'' ყველა კულუარულ კითხვას პასუხობს და ივანიშვილის პარტიულ გადაწყვეტილებას ელოდება
ეკა ბესელია იმ სამეულიდან ერთ-ერთია, ვისაც ბიძინა ივანიშვილმა პირველი წერილობითი განცხადების მესამე დღეს დაუძახა. დანარჩენი ორი, ზურაბ ბიგვავა და ირაკლი ტრიპოლსკი მას ივანიშვილის რეზიდენციაში დაუხვდა. პირველი რამდენიმე კვირის მანძილზე რადიკალი ქალბატონი ნამდვილად იყო მილიარდერის რჩეული, ოქტომბრიდან დეკემბრამდე კი ქართული რეალობისთვის ცოტა უჩვეულო სტატუსით სარგებლობდა – პირადი ადვოკატი. დღეს, თებერვლის მიწურულს, ეკა ბესელია აღარც მოვლენების ეპიცენტრშია, არც პარტია-კოალიციაში, ხოლო მის ანგარიშზე კი გაუთავებელი მითქმა-მოთქმა და შუშის სასახლის კარის ინტრიგებია. ტოვებს თუ არა ივანიშვილის გუნდს, ვინ სადაა ,,ჩაჩოჩებული'', ვის ინტერესებში შედის პირადი ადვოკატის ავანსცენიდან ჩამოყვანა, სინამდვილეში, ვინ მიიღო გადაწყვეტილება მისი ჩრდილში გადაყვანის შესახებ, რატომ აღარ ხელმძღვანელობს ივანიშვილის მოქალაქეობის საქმესა და იურიდიულ ჯგუფს, შევა თუ არა პარტია ,,ქართულ ოცნებაში'', გახდება თუ არა ვაკის ან ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი, რა თემებზე მოსდის დავა მილიარდერთან და რაში არ ეთანხმება ივანიშვილს – პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ეკა ბესელიას გარშემო დაგროვდა, ,,ვერსიაში'' ამოიკითხავთ:
– აქ რატომ ვხვდებით, თქვენ ძველ ოფისში, სადაც წლებია, იურიდიულ საქმიანობას ეწევით და რატომ არა როსტომ მეფის სასახლეში, ან ივანიშვილის რეზიდენციაში?
– ამ ბოლო პერიოდში, აქ უკეთ ვმუშაობ. ეს ჩემი სივრცეა და აქ რაღაცების დაგეგმვა უფრო მიადვილდება. თუ აუცილებელია, ერთ ან მეორე ოფისში ვიყო, ვთქვათ, საჯარო ღონისძიებებზე, მაშინ იქ ვარ.
– პირიქით, არ ხართ – თქვენ გამოტოვეთ ივანიშვილის ორივე პოლიტიკური ნაბიჯი: პარტიის საინიციატივო ჯგუფისა და კოალიციის პრეზენტაციები. როგორ აღმოჩნდა, რომ ორივე ღონისძიების დროს დაკავებული იყავით?
– მე მასთან უფრო მნიშვნელოვანი პროცესის დროს ვიყავი, პირველივე დღიდან ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა. ახლა თავს არ ვიმშვიდებ, მართლა ასეა. სახლი როცა შენდება, საძირკველი სახურავზე მნიშვნელოვანია, რადგან სახურავი იცვლება, საძირკველი – არა.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– უკვე ყველაფერი ვთქვი! იცით, რატომ არ მაღელვებს ის, რაც ჩემ გარშემო მესმის? იმიტომ, რომ თუ მე არ მინდა აღმოვჩნდე ჩრდილში, თუ კულუარებში ე.ი. არც აღმოვჩნდები.
– ანუ, გინდოდათ ჩრდილში აღმოჩენა და ის ვითარება, რაც ახლაა?
– მაღალი სტატუსის, ან თანამდებობის გამო არ მინდა, ყველაფერი გავაკეთო, ვიკადრო და ის ავიტანო, რაც ასატანი არ არის. არ მიღირს, უბრალოდ. დავიღალე... დავიღალე ამ ოთხწლიანი დაუმთავრებელი, უშედეგო ბრძოლით ოფისში, ქუჩაში, სასამართლოში. დიახ, ხანდახან მეც ვიღლები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრძოლას ვწყვეტ. პირობა მაქვს დადებული, რომ მანამ ვიბრძოლებ, ვიდრე რეჟიმი არ შეიცვლება.
– ეს ლამაზი პასუხია ჩრდილში გადასვლის ასახსნელად, მაგრამ აქ მეორე მომენტია, გადახვედით თუ გადაგიყვანეს? ფაქტია, თქვენ, ირაკლი ტრიპოლსკი და ზურაბ ბიგვავა _ იყო პირველი სამეული ივანიშვილთან, რომელიც ახლა აღარსად ჩანს.
– თუ ამას ზედმეტ თავის ქებაში არ ჩამითვლით, არ ვარ ისეთი მსუბუქი კატეგორია, ასე ადვილად მიმწი-მომწიონ. მე თვითონ ვუწყობ ხელს იმ მდგომარეობას, რომ წინა პლანზე არ ვჩანდე. ვინც ამ ვარიანტს არ უშვებს, ის კარგად არ მიცნობს.
– იმ ვერსიასაც უშვებენ, რომ ჩრდილში კი არ გადახვალთ, საერთოდ წახვალთ ამ პროცესიდან.
– არა, არ წავალ იმიტომ, რომ იქ, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილთან ვარ და პიროვნულად მისი მჯერა. ერთად დავიწყეთ სტრუქტურების შენება, მერე პროცესს ბევრი ხალხი შემოემატა, ფუნქციები გადანაწილდა. ჩემი გადაწყვეტილებით, დროებით, უკანა პლანზე აღმოვჩნდი, ამაში თავისი წვლილი გარეპროცესებმაც შეიტანა. შესაძლოა, ჩემი იქ ყოფნა ვიღაცისთვის მეტისმეტად გამაღიზიანებელიც იყო.
– ვისთვის?
– გარეთ – ხელისუფლებისთვის, შიგნით – არ ვიცი. უფრო სწორად, შესაძლოა, ჩემი ეჭვები და ვარაუდები მქონდეს, მაგრამ იმის დასახელება, ვინ ვერ იძინებს ღამით ჩემზე ნერვიულობაში, არ შემიძლია. კოალიციის პრეზენტაციის დღეს საქართველოში მართლა არ ვიყავი. ვფიქრობ, სწორი გათვლა იყო ისიც, რომ არც საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე ვიყავი, ცენტრალურ ოფისში, რომლის საქმეც დღეს მე მაბარია.
– როსტომ მეფის სასახლის საქმე დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოა. თქვენ, ივანიშვილის პირადი ადვოკატი მისი მოქალაქეობის საკითხს ხართ ჩამოშორებული, აღარ ხელმძღვანელობთ მის იურიდიულ ჯგუფს. რატომ?
– ცენტრალური ოფისის საქმე ძალიან პრინციპული საკითხია. მთავარ თემად ისევ რჩება ივანიშვილის მოქალაქეობა, ხოლო მეორე თემა, რაზეც ხელისუფლებამ ყველაზე მეტი იერიში მიიტანა და 8 სარჩელის შეტანა მოგვიხდა, სწორედ ამ ოფისის საქმეა. რაც შეეხება იურიდიულ ჯგუფს – ახლა ვამბობ პირველად: ის პრესკონფერენცია, როცა იურიდიული ჯგუფი მედიას შეხვდა და მე არ ვიყავი, უჩემოდ დაინიშნა! მეორე საკითხია, იყო თუ არა იქ ჩემი ყოფნა საჭირო, მაგრამ მოდით, პირდაპირ ვთქვათ – მე ეს არ ვიცოდი! როგორც მერე გავიგე, უთქვამთ, ბესელია არ მოვიდაო. ამის გამო საყვედურიც მიიღეს ვიღაცებმა. სხვათა შორის, ბატონ ბიძინასაც ასე უთხრეს, ეკას არ ეცალა და არ მოვიდაო.
– მაშინ მოდით, ნაცვალსახელების გარეშე ვილაპარაკოთ – შეხვედრა ზაქარია ქუცნაშვილმა დაგეგმა და დღეს ის და არჩილ კბილაშვილი პარტიაში არიან, თქვენგან განსხვავებით.
– არ მიკითხავს, მაგრამ თუ არ ვცდები, მედიასთან ბოლო ორი შეხვედრა ქუცნაშვილის დაგეგმილია. მერე, როგორც თავად მითხრა, ბატონი ბიძინას დავალებით დამირეკა, ამ უხერხულობის გასარკვევად. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, მომავალში ჩვენ შორის კომუნიკაცია, მინიმუმ, იმ დონეზე შემდგარიყო, რომ ინფორმაცია მაინც მქონოდა. ამას ახლა, ძალიან გულწრფელად ვამბობ. თუ ეს თვისება პოლიტიკაში არ სჭირდებათ, ჩათვალეთ, რომ ჩემი ადგილი ქართულ პოლიტიკაში საერთოდ არ არის და რომ შეგნებულად ვიღებ თეთრი ყვავის როლს! ვუსვამ წერტილს ამ თემას _ ჩემი სახელითა და გვარით ვარსებობ და არ მჭირდება სტატუსი პოლიტიკაში. აქ რომ ვზივარ და არა შუშის სასახლეში, რა, ეკა ბესელია აღარ ვარ?! ან იქ თუ არ ვიჯდები, როგორც ორთვენახევარი, სხვა წონა მექნება და ამით უნდა გამზომონ?!@აი, ვინც ამით მზომავს, იმისი აზრი უკვე ნაკლებად მაინტერესებს!
– და მაინც, სტატუსი ,,პირადი ადვოკატი'' და ,,იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი'' აღარ გაქვთ?
– ჯგუფს რაც შეეხება, მისი შექმნის იდეა მე მეკუთვნის. საერთოდ, პირველ დღეებში რამდენიმეკაციანი სია გაკეთდა, კარგი იქნება, თუ ამ სათათბირო ორგანოში შემოვლენო. ყველას გვქონდა ხმის უფლება ისევე, როგორც ვეტოს დადების საშუალება. იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელობა პირადად მე შევთავაზე ზაქარია ქუცნაშვილს, რადგან იქ ჩვენ გარდა, ადვოკატებიდან მაშინ სხვა არავინ იყო, მხოლოდ შალვა თადუმაძე გვეხმარებოდა. იმდენი საქმე მქონდა, ფიზიკურად ვერ შევძლებდი ჯგუფის კოორდინაციას. ზუსტად მაშინ მითხრა ბატონმა ბიძინამ, მირჩევნია, კონკრეტული ფუნქცია არ გქონდეს, რადგან ბევრ სხვადასხვა საქმეზე მჭირდებიო.
– მერე ეს, კარგია თუ ცუდი?
– პირადად ჩემთვის, ალბათ, ცუდი... თუმცა, მეც მერჩივნა თავისუფალი რეჟიმი მქონოდა. სტატუსი ,,პირადი ადვოკატი'' ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მქონდა და ეს ხანმოკლე კონტრაქტი მხოლოდ ერთი თვე უნდა გაგრძელებულიყო, არადა 4 თვე გაგრძელდა. მერე ამის აუცილებლობა აღარ იყო და ჩემს მერე ,,პირადი ადვოკატი'' სხვა აღარც ყოფილა. მე დავიწყე მისი მოქალაქეობის საქმეზე მუშაობაც, სარჩელიც ჩემი კოორდინაციით მომზადდა და შევიდა სასამართლოში.
– ითქვა, რომ ეს სარჩელიც კი შეიცვალა და, საერთოდ, ივანიშვილის გარემოცვიდან ორი ინფორმაცია მაქვს: ერთი ის, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა ჩამოგიშორათ გზიდან და მეორე – ივანიშვილი თქვენი მუშაობით უკმაყოფილო იყო, მოქალაქეობის საქმესაც ჩამოგაშორათ და ხელფასიც გაგინახევრათ.
– ტყუილია! მეც მოვისმინე მოსაზრება, თითქოს შეიცვალა სარჩელი, არც ესაა სწორი, წარმოებაში ისევ პირადად ჩემ მიერ შეტანილი სარჩელია, უბრალოდ, მას იურისტების ჯგუფმა დამატებითი არგუმენტები დაურთო. მოდით, პირდაპირ გეტყვით: მე არ ვიცი, რას ფიქრობს ზაქრო ქუცნაშვილი, მაგრამ ვიცი ერთი რამ – ის ბიძინა ივანიშვილზე გავლენას ვერ მოახდენს და გადაწყვეტილებას ვერ მიაღებინებს.
– ის არის პარტია ,,ქართულ ოცნებაში'' – თქვენ არა.
– ჯერ ერთი, ეს პარტია არ არის, საინიციატივო ჯგუფია. ამ თემაზე ქუცნაშვილთან არ მილაპარაკია, უხერხულია ამაზე საუბარი. რაც შეეხება საყვედურს, მსგავსი ერთხელაც არ მომისმენია ბატონი ბიძინასგან.
– იქნებ, პირადად არ გეუბნებათ?
– ახლა ეგ რას ნიშნავს? თუ ვიღაცა კულისებში ჩუმად რამეს ლაპარაკობს და ამას მე არ მეუბნება, არასწორია, მაგრამ ბატონი ბიძინა პირდაპირი ადამიანია და რამე შენიშვნა რომ ჰქონოდა, ამას აუცილებლად მე მეტყოდა. თუ ვინმეს უნდა ეს ტყუილი გაავრცელოს, ეს ძალიან იაფფასიანი სცენარია. ჩემ ხელფასს რაც შეეხება, ეს რომ ასე თვალშისაცემი ყოფილიყო, აუცილებლად მოხვდებოდა გამოქვეყნებულთა სიაში. თუ აუცილებლად მიგაჩნიათ ჩემგან ამ პასუხის მოსმენა, ვიტყვი: იმ კონტრაქტში, რაც ჩვენ შორის გაფორმდა, 2500 დოლარი ეწერა და ის არ განახევრებულა, პირიქით, ცოტა მომიმატეს-კიდეც. ისე, ამ ინტერვიუს განმავლობაში სულ თავს ვიმართლებ, არა?
– ეს კითხვები დაგროვდა თქვენ გარშემო და მიგაჩნიათ, რომ თავი გაქვთ სამართლებელი?
– დავიწყოთ იმით, რომ ჩემთან დაკავშირებით ჩემზე მეტი იქ არავინ იცის. არის საკითხები, რომლებზეც, უბრალოდ, არ ვლაპარაკობ, რადგან ისინი მარტო მე არ მეხება, ეხება საქმეს. არ მინდა, დავდგე ახლა ჭორიკანა ქალივით და ყველაფერი ვთქვა, რისი მომსწრე და მონაწილეც ვარ. ასე შორს წავალთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მაინც დასაწყისი და ფინალია და არა უშავს, თუ შუალედურ პროცესში არ ჩანხარ. დიდად არც საინიციატივო ჯგუფებში ყოფნის აუცილებლობას ვხედავ.
– საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე საჯაროდაც გიკითხეს და ივანიშვილმა უპასუხა, თუ სურვილი ექნება, პარტიაშიც იქნებაო. ეს დიპლომატიური ქვეტექსტი იყო, რომ თავად არ აქვს ამის სურვილი, თუ პარტიაში მისვლა მართლა არ გინდათ?
– მან თქვა ზუსტად ის, რაც არის სინამდვილეში – მან იცის, რომ მე მაქვს პარტიაში ყოფნის სურვილი, მე კი ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ჩემი მის პარტიაში ყოფნა. თუმცა ამას შემდეგი ეტაპი სჭირდება.
– თუ შემდეგი ეტაპი წინასაარჩევნო კამპანიაა, სად იქნება ამ დროს ივანიშვილის გუნდში ეკა ბესელიას ადგილი?
– ჯერ კარგად უნდა შევისწავლოთ მოსახლეობის განწყობა, რომ ვიცოდეთ, სად სჯობს კენჭი ვიყაროთ. ერთი ვიცი – მზად ვარ, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, როგორც პარტიული, ისე მაჟორიტარული სიით.
– აქ მთავარია, ივანიშვილი რისთვისაა მზად.
– დიახ, მე პარტიაში ვიქნები და ბატონ ბიძინასთან ამაზე მისაუბრია. შევთანხმდით, რომ ვიქნები იქ და იმ დოზით, როგორც საქმეს დასჭირდება. ახლავე ვამბობ ერთ რამეს _ არჩევნებში ნამდვილად ვიქნები, დანარჩენს პოლიტსაბჭო გადაწყვეტს. თუმცა ჩემთვის ერთნაირად საომარია ნებისმიერი საარჩევნო უბანი. ახლა კი ვაკეში ვცხოვრობ...
– აჰ, გასაგებია, ვაკის მაჟორიტარი უნდა იყოთ?
– ახლა ვცხოვრობ ვაკეში, თორემ ადრე ნაძალადევში ვცხოვრობდი, იქ კენჭიც ვიყარე და 20 000 ხმაც ავიღე. ამ საკითხში მაინც საერთო გადაწყვეტილებას დავემორჩილები, თუმცა არის საკითხები, რაზეც განსხვავებული მოსაზრება შეიძლება მქონდეს. ყოფილა შემთხვევა, განსხვავებული შეხედულება მქონია ბიძინა ივანიშვილთანაც. ჰოდა, შეიძლება, ამაზეც ახალი მითები და ჭორები მოვისმინო, ამიტომ თუ საზოგადოებაში კითხვები ჩნდება, მინდა, პასუხი თავად გავცე...
– კითხვა არაერთია – დაექვემდებარა თუ არა ეკა ბესელია ივანიშვილის კონიუნქტურას და რაში გაქვთ ივანიშვილისგან განსხვავებული ხედვა?
– პირველ რიგში, მე ბიძინა ივანიშვილი ლიდერად ვაღიარე. არის მიმდინარე, შედარებით უმნიშვნელო საკითხები, ტექნიკური, სტრატეგიული ხასიათის, მაგრამ არ შემქმნია პრობლემა, ჩემი მოსაზრება ღიად დამეფიქსირებინა. მთავარია, კოორდინაცია იყოს კოალიციის წევრ და არაწევრ ძალებს შორის, რათა იგივე არ მოხდეს, რაც წინა საპარლამენტო არჩევნებზე. მაშინ ,,რეპუბლიკელებმა'' თავიანთი კანდიდატი, ირაკლი ბათიაშვილი ნაძალადევში ჩამისვეს. იქ იყრიდა კენჭს ,,ლეიბორისტი'' პაატა ჯიბლაძეც. ახლა კოალიცია კარგად შეისწავლის რეიტინგებს და ამის მიხედვით კანდიდატებს გადაანაწილებს. ბუნებრივია, არიან ადამიანები და რაც მთავარია, ბატონი ბიძინა, ვის აზრსაც გავითვალისწინებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღო, მაშინაც კი, თუ პოლიტსაბჭო იტყვის, რომ ეს არ უნდა გავაკეთო.
– აბა, რას იზამთ, კოალიციის პოლიტსაბჭოს დაუპირისპირდებით?
– ჯერ ერთი, მჭირდება არგუმენტი, თუ რატომ არა და თან, ის ისეთი დამაჯერებელი უნდა იყოს, ჩემი პოზიცია გადაწონოს.
– მაშინ ხალხის ნაწილის კიდევ ერთ კითხვას უპასუხეთ – ,,ქართულ ოცნებაში'' ყველაზე რადიკალური ლიდერი ხართYდა როგორც ამბობენ, სწორედ თქვენ ხართ ის, ვინც ივანიშვილს ათქმევინა _ თუ საჭიროა, ხმებს ქუჩაში დავიცავ და ამისკენ ხალხსაც მოვუწოდებო. ასეა?
– არა, არ არის სწორი, ენას ძვალი არ აქვს! არ სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს ამ პოზიციის ჩამოყალიბებისას ვინმეს შთაგონება. აბა, ნორმალური იქნებოდა ეთქვა, არჩევნები გაყალბდება და ჩვენ ამას შევეგუებითო?! აქციაზე პროტესტის გამოხატვა ბრძოლის ყველაზე ცივილური ფორმაა და რატომაა ეს საქართველოში მარგინალიზაციისკენ სვლა?! არასდროს დავუჭერ მხარს აზრს, რომ ვინც წლების მანძილზე ქუჩაში, ტყვიების წვიმაში იდგა, ის მარგინალია, მოდი, მისგან გავთავისუფლდეთ და შორს დავიჭიროთ თავიო. მე კი პრინციპული ვარ და არა – რადიკალური.
– თქვენ მეგობარ გოგა ხაინდრავას ივანიშვილის გამარგინალებას აბრალებენ, პრეზიდენტის სურათზე ფეხის დაბიჯებისთვის, ასევე თქვენმა მეგობარმა კოკა გუნცაძემ არასამთავრობო შექმნა და უკვე აქციებით იმუქრება, თქვენ ივანიშვილის ტაქტიკის გადასინჯვას შიგნიდან ცდილობთ – ეს ბევრისთვის ერთიანი თამაშის ნაწილია, ამაზე არ გიფიქრიათ?
– ამ ლეგენდებზე თქვენც ხომ გეღიმებათ? რა გამოდის, მე, ხაინდრავას და გუნცაძეს გვინდა ხმების დაცვა და ივანიშვილს არა? ვის რა შეუძლია, გამოჩნდა და კიდევ გამოჩნდება, ვისაც ეზარება, ეგეც გამოჩნდება, ასე რომ ბრძოლის ველზეც ის დარჩება, ვინც ბოლომდე იბრძოლებს. არ მესმის, შუა გზაზე გაჩერება როგორ უნდა გაამართლო, პროცესი რატომ უნდა მიატოვო და ხალხი პირშიჩალაგამოვლებული დატოვო!
– მიგატოვათ კახა შარტავამ 26 ნოემბერს პარლამენტის წინ, როცა ხალხს მოუწოდა, ბესელიას ტელევიზიასთან აქციაზე არ გაყვეთო, მანვე მიატოვა შუა გზაზე სახალხო კრება. ,,რვიანმა''Mმიატოვა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და დაიშალა, თქვენგან ,,სიმპატიურებად'' წოდებულმა ლიდერებმა მიატოვეს ერთმანეთი მკვდრადშობილ ,,ექვსიანში''...
– კახა შარტავამ იმ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ ჩემი პოზიცია იყო გამართლებული. ყველას აქვს უფლება, მოგვიანებით საკუთარი ქმედება გადააფასოს. საქმე ბოლომდეა მისაყვანი, ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ასეც მოიქცევა. მე იქ ივანიშვილის გვერდით ვდგავარ და სხვა რომელიმე პარტიის წევრი არ ვარ – ესაა ჩემი პასუხი. მარტო ეს ძალები კი არა, ვისაც წარსულს უხსენებთ, გაცილებით ფართო გაერთიანება და პროცესში მეტი ადამიანის ჩართვაა საჭირო. მხოლოდ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი ვერ შეძლებს ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას, თუ მას საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიეხმარა.
– კოალიციის პრეზენტაციაზე ოთხმა პარტიამ დიდი სიხარულით დახურა ერთობის კარი მათთან პარტიულად შემატების მსურველთათვის. თქვენი აზრით, ვინ აკლია ამ ერთობას?
– ბოლო პერიოდში ამაზე დებატები არ მქონია, მაგრამ როგორც კი დადგა საკითხი, კარი უნდა დაიხუროს თუ არაო, მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ კარი არ უნდა დაგვეხურა. ახლა ვერ ჩამოვთვლი, კიდევ ვის რა აზრი ჰქონდა, ამაზე თვითონ ილაპარაკონ. ფაქტია, ყველა ერთნაირ პოზიციაზე არ ყოფილა. იმედი მაქვს, როცა სალომე ზურაბიშვილს მისი ამჟამინდელი სამსახური ბარიერს აღარ შეუქმნის, პროცესს შემოუერთდება და მასში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
– და თქვენ გულწრფელად ფიქრობთ, რომ დავუშვათ, სალომე ზურაბიშვილის შემოერთება უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე ნინო ბურჯანაძის, ან ლევან გაჩეჩილაძის?
– ძალიან ვერიდები პერსონალურ დახასიათებებს. ამ თემებზე ახლა შეგნებულად არ ვსაუბრობ, თუმცა ვერც ერთ მათგანზე ვერ ვიტყვი, რომ ისინი პროცესში არ უნდა იყვნენ ჩართულნი.
– ისედაც არავის აქვს უფლება, ვინმეს აქტიურობა აუკრძალოს, მე გეკითხებით, ემთხვევა თუ არა თქვენი და კოალიციის აზრი იმაში, რომ ეს ადამიანები საჭირო არიან ამ ერთობაში?
– არცაა აუცილებელი, ყველა ძალასა და სუბიექტს ერთი სტატუსი ჰქონდეს. სააკაშვილის დასამარცხებლად უნდა იყოს ფორმულა ,,ყველას მინუს სააკაშვილი'', ხოლო რაღაც ფორმით, ურთიერთობა ყველა იმ ძალასთან საჭიროა, ვისაც რეჟიმის შეცვლა უნდა.
– დაბოლოს, რადგან მიდასტურებთ, რომ რჩებით კოალიციაში და მეტიც, საკუთარ თავს ივანიშვილის პარტიაში ხედავთ, რა შეიძლება გახდეს მისი გუნდიდან თქვენი წამოსვლის მიზეზი?
– დღეს მე მჯერა, ბიძინა ივანიშვილის. რაღაც ეტაპზე, შეიძლება კითხვები ჩნდებოდეს, მაგრამ ეს არ არის ბრძოლის მიტოვების საფუძველი. ამ ეტაპზე, ასეთ მოცემულობას გამოვრიცხავ, მაგრამ თუ დავინახე, რომ ჩვენი გუნდი არჩევნების გაყალბებას შეეგუება და გაუჩუმდება, ან გამარჯვებისთვის ბრძოლის მზაობა არ იქნება, არ მივიღებ ამაში მონაწილეობას! პროცესს არც ჩუმად დავტოვებ, სიმართლეს ვიტყვი და თუ საჭირო გახდება, თუნდაც მარტო ვიმოქმედებ. ამისთვის არც სტატუსი მჭირდება, არც – რეგალია. ყველას თავის წილი ბრძოლა აქვს და საკუთარ ბრძოლის ველზე ჯარისკაცობაც უნდა შეგეძლოს და გენერლობაც.