არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას მოითხოვენ

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას მოითხოვენ

„არჩევნების მონიტორინგის მიზნით ხელისუფლებამ ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა უზრუნველყოს საქართველოში, რაც 28 თებერვალს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გახმიანდა“, - ამის შესახებ დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „ეს შენ გეხება“ კამპანიის მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა უცხოპელ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადეს და შესაბამისი მიმართვაც გაავრცელეს, რომლის ადრესატებიც არიან საქართველოს ხელისუფლება (მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქრაძე, გრიგოლ ვაშაძე)  და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR).

„მოგმართავთ წინადადებით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში,“ - ნათქვამია მიმართვაში, რომელზეც არასამთავრობოებისა და მედია ორგანიზაციების მხრიდან ხელმოწერები დაფიქსირდა.

დღესვე კამპანიის - „ეს შენ გეხება“ ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს.

მათვე მრგვალი მაგიდის ირგვლივ არსებული საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული გაუმართლებელი შეზღუდვები მიმოიხილეს და საკუთარი წინადადებებიც გააცნეს საზოგადოებას, რაც უზრუნველყოფს კანონის დემოკრატიულობას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში. კამპანიის ორგანიზატორთა აზრით, მათ მიერ წარდგენილი ახალი კანონპროექტი  პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის ბოროტად გამოყენებას გამორიცხავს და ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ ინტერპრეტირების  საშუალებას არ აძლევს კონტროლის პალატას.

მართალია, მრგვალ მაგიდაში მონაწილე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელი, პავლე კუბლაშვილი Presage.tv-სთან საუბარში საარჩევნო გარემოს დახვეწის მიზნით ცვლილებებს დაგვპირდა. თუმცა კონკრეტულად ვერ დაგვიკონკრეტა,  ხელისუფლება რა მიმართულებით ხედავს კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობას.

დიპლომატებმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისგან მოისმინეს მთელი ის საკანონმდებლო ხარვეზები, რამაც საქართველოში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვა გამოიწვია. კერძოდ, საუბარია დეკემბერში პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რაც ხელისუფლებისთვის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ გახდა აქტუალური. კონკრეტულად,  პოლიტიკური პარტიებისა და ფიზიკური პირებისთვის სანქციების დაწესება, შემოწირულობის საკითხის მოუგვარებლობა და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილება, რაც ამომრჩევლის დაჯარიმებას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არასამთავრობოების აზრით, ამომრჩეველს საერთოდ არ უნდა ეკისრებოდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„ეს შენ გეხება“ კამპანიის ორგანიზატორებს ილუზია არ აქვთ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, მთლიანად დემოკრატიული გახდება საარჩევნო გარემო, მაგრამ მის დახვეწაზე მსჯელობა შესაძლებლად მიაჩნიათ. ამიტომ „ეს შენ გეხება“ კამპანიის გაგრძლებას კვლავაც აპირებენ.

დიპლომატებთან შეხვედრისას კონკრეტული წინადადებებით გამოვიდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. კობა დავითაშვილმა მოუწოდა კამპანიის ორგანიზატორებს, გამოყონ პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხთა წრე, რადგან ძალიან „ნიჭიერია“ ხელისუფლება და შესაძლოა, უმნიშვნელო საკითხთა მოგვარება მნიშვნელოვნად გამოაცხადონ. ნინო ბურჯანაძე კი მზადაა, თავადაც ჩაერთოს საარჩევნო გარემოს დახვეწისთვის ბრძოლაში, მიუხედავად იმ იარლიყისა, რაც მის მიმართ ისმის, თითქოს იგი და „სახალხო კრება“ საარჩევნო გარემოს დახვეწას ირონიით უყურებენ. თანაც, პრინციპულია, რომ არჩევნების მოგება არჩევნებამდე უნდა მოხდეს.

ინტერნეტგამოცემა Presage.tv-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები ძალიან მალე მოგვადგება კარს, ამიტომ მნიშვნელოვანია პირველხარისხოვანი საკითხების მოგვარება და არა - ხელისუფლებისგან შემოთავაზებულ მესამეხარისხოვან საკითხებზე დათანხმება.

„დროულად უნდა ვიმოქმედოთ, თორემ, საბოლოო ჯამში, არჩევნები მოახლოვდება, და შესაძლოა, ამ კანონის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს. თანაც, ადამიანებს ჩამორთმეული ექნებათ არა მარტო დამკვირვებლის, არამედ ხმის მიცემის უფლებაც. კობა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემოს დახვეწის მიზნით, უნდა მოხდეს იმ საკითხების დაზუსტება და გრადაცია, რომელიც შესწორებების სახით კანონში უნდა შევიდეს. არსებობს პირველი, მეორე და მესამეხარისხოვანი საკითხები და ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ მესამეხარისხოვან საკითხებზე გაგვიმართოს საუბარი და ამასობაში ისე მოვიდეს ოქტობერი, რომ პირველხარისხოვანი საკითხები გვერდზე დაგვრჩეს. ამიტომ ხელისუფლებასაც ვადა უნდა მივცეთ, თუ როდის მოხდება ამა თუ იმ საკითხის გამოსწორება,“ - აღნიშნა გია იაკობაშვილმა.

მისი თქმით, საეჭვოა, ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ფიქრობდეს. ამის თქმის საშუალებას გია იაკობაშვილს ისიც აძლევს, რომ ამ მოწვევის პარლამენტი ხელის აწევით ყველაფერს ისე იღებს, რომ არც კითხულობს ამ კანონებს. გარდა ამისა, პარლამენტში შესული კანონპროეტების 100 %-ი მთლიანად გადმოწერილია საიდანღაც, კომპილაციებია გაკეთებული და კანონს მექანიკურად იღებენ.

„პირველი კანონი, რომელზეც ხელისუფლებამ გულდასმით იმუშავა, ზუსტად ის კანონია, რომელზეც დღეს იყო საუბარი - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი. ხელისუფლებამ იცოდა, რომ ეს უარყოფით რეზონანსს გამოიწვევდა.  გონივრული ეჭვი მაქვს, ვიფიქრო იმაზეც, რომ მათ ისიც წინასწარ იცოდნენ, რომ ამას პროტესტი მოჰყვებოდა. შემდეგ ისიც გათვლილი ჰქონდათ, თუ რაზე დაიხევდნენ უკან, რა კომპრომისებზე წავიდოდნენ, როგორ შეფუთავდნენ და გააპიარებდნენ ამ ყველაფერს. ამასობაში კი დრო გავიდოდა. ადამიანურ დისკუსიებს, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, მაგრამ ხელისუფლების დემაგოგიას საზღვარი არასდროს ჰქონია. ამას ყველა მიეჩვია და ვფიქრობ, რომ აკადემიური დისკუსიების გარდა, კიდევ სხვა მეთოდები უნდა იყოს მოფიქრებული, იმავე დიპკორპუსთან ურთიერთობაში, თუნდაც ისევ აქციები - სასტვენებით იქნება, მაისურებით და სხვა. ოღონდ, არ უნდა მოხდეს მიღწეულით დაკმაყოფილება,“ - აცხადებს გია იაკობაშვილი და მიიჩნევს, რომ არჩევნების გაუმჯობესების კუთხით, ჯერჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, კანონში ცვლილებები თავის სასარგებლოდ განახორციელოს. თუმცა აუცილებელია, კანონში ცვლილებები ისეთნაირად შევიდეს, რომ თითოეული ადამიანისთვის გარკვეული გახდეს, რისი გაკეთების უფლება აქვს მას წინასაარჩევნო პერიოდში (ან - ზოგადად), და რისი უფლება არ ეძლევა.

„დღესდღეობით კანონში ეს ყველაფერი განსაზღვრული არ არის, ამიტომ დიდი საშიშროებაა, ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება შეიზღუდოს. ეს კანონი აუარესებს საარჩევნო გარემოს. ძალიან არაკონკურენტულ გარემოს ქმნის და პარტიებისთვის ერთნაირ შესაძლებლობას გამორიცხავს. ვიცით, რომ ძალიან დიდი პრობლემაა იმავე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება. ამიტომ ყველა ეს პრობლემა უნდა შეიცვალოს,“ - აღნიშნა ეკა გიგაურმა Presage.tv-სთან საუბარში.

მისი თქმით, დიპლომატებს ეს პრობლემები გასულ კვირასაც გააცნეს და რამდენიმე ელჩსაც (გერმანიის, ამერიკის,  შვეიცარიის, შვედეთის, ევროკავშირის ელჩებს) შეხვდნენ, რომლებიც უფრო აქტიურები არიან და ზუსტად იციან, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

„მოლოდინი არ გვაქვს, რომ ელჩები მივლენ ხელისუფლებასთან და ეტყვიან, ზუსტად ისე შეცვალეთ კანონი, როგორც არასამთავრობოები გთავაზობენ. თუმცა შესაძლებელია, მმართველ გუნდს ურჩიონ, რომ ყურადღება მიაქცონ ამ პროცესს, მოგვისმინონ, შეგვხვდნენ და შემდეგ უკვე მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეთ“. 

საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის, კახა კახიშვილის აზრით, საარჩევნო გარემო ბევრად გლობალური პროცესია. თუმცა  კონკრეტულ კანონში შესული ცვლილებები, ფაქტობრივად, ამომრჩევლის ნებას აკონტროლებს.

„ამ კამპანიის მიზანია, რომ თითოეული ამომრჩეველი და ორგანიზაცია პოლიტიკური დევნის საგანი არ გახდეს. ვფიქრობ, ხელისუფლება გამოდიოდა იმ მოტივიდან, რომ ივანიშვილისთვის თუნდაც ფინანსების ხარჯვა აეკრძალა. შორს ვარ იმ იდეისგან, რომ ამ კანონის მიხედვით, ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს დათმობს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ისევ გაუხსნიან ივანიშვილს გზას ხელისუფლებისკენ. პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დროს კი გამოჩნდა, რომ ამას არ აპირებენ“, - გვითხრა კახა კახიშვილმა.

მისი აზრით, კანონში ისეთი ცვლილებები მაინც უნდა შევიდეს, რომ ნაკლებად დაზარალდეს ადამიანი, ამომრჩეველი, რომელიც, შესაძლოა, აღმოჩნდეს ციხეში, რადგან თურმე ვიღაცის დაპირება მიუღია.

„კაბალური ნორმები არ უნდა არსებობდეს. არ უნდა არსებობდეს სანქციები და ჯარიმები ამომრჩევლის მიმართ. თუ ვინმეს რაღაც პრეტენზია აქვს, ისევ პოლიტიკურ ორგანიზაციას მოჰკითხოს. არის ბევრი ნიუანსი, რომელიც  ერთმანეთთან კოლიზიაშია. ამ კოლიზიის შესწორებას ვითხოვთ. წარმოიდგინეთ,  იმის გამო, რომ ვიღაცამ თავის ლიმიტზე გადაჭარბებით გადაურიცხა თანხა პოლიტიკურ პარტიას, შეიძლება, მას ჯარიმა დაკისრონ. საიდან უნდა გაიგოს პოლიტიკურმა პარტიამ, რომ, დავუშვათ, მე თქვენს გარდა, 60-60 ათასით კიდევ ხუთი პარტია დავაფინანსე?! ან რას ნიშნავს,  ამომრჩეველი ციხეში ჩასვა დაპირების მიღების გამო? ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც ისევ და ისევ ხელს აძლევს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაარკვიონ, რომელი ადამიანის მიმართ გაატარონ ქმედითი ღონისძიებები და რომლის მიმართ თვალი დახუჭონ. სწორედ ესაა შერჩევითი სამართალი,“ - აცხადებს კახა კახიშვილი.