"მეცხრე არხის" ახალი სახე "რეალტივიდან" წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს წყარო

ივანიშვილის ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ახალი სახე შეიძლება ნუგზარ ხავთასი გახდეს. ის "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, რომ არხის ხელმძღვანელობიდან შემოთავაზება აქვს და რამდენიმე საცდელი გადაცემა უკვე ჩაწერა, თუმცა, უჭირს დაკონკრეტება, როდის გავა არხი ეთერში. "რეზონანსი" ხავთასს ახალ ტელევიზიაზე, "რეალტივიდან" წამოსვლის მიზეზებზე და იქ არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა. ტელეწამყვანი ადასტურებს, რომ არხს ხელისუფლება აკონტროლებს და რომ ხელმძღვანელობა ჟურნალისტებს მუდმივად მითითებებს აძლევს.

რატომ დატოვა ნუგზარ ხავთასმა 9 თვის უკან "რეალტივი" და რაზე მოუვიდა მას არხის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი, ამის შესახებ "რეზონანსი" ტელეწამყვანს ესაუბრა.

- მართლა გაქვთ "მეცხრე არხიდან" შემოთავაზება?
- ნამდვილად მაქვს "მეცხრე არხიდან" შემოთავაზება. აღნიშნულ ტელევიზიაში უკვე შედგა რამდენიმე საცდელი ჩაწერა, ე.წ. პრაგონები. საუბარია საინფორმაციოს მთავარი გამოშვების წამყვანობაზე, წყვილში წამყვან გოგოსთან ერთად. თუმცა, ვინ იქნება წამყვანი გოგო, გადაწყვეტილი არ არის. გარდა იმისა, რომ რამდენიმე ჩაწერა გვქონდა, სხვა არაფერი შემიძლია გითხრათ, რადგან ტელევიზიაში მიმდინარეობს მუშა პროცესი და ხელმძღვანელობას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

- ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ტელეკომპანიას აპარატურის მხრივ შეექმნა პრობლემები.
- ამ ეტაპზე ყველაფერი გადაწყვეტის ფაზაშია. არხს დაუზიანეს ძალიან ბევრი აპარატი, მათ შორის თითქმის ნახევარმილიონიანი "პეტეესის" აპარატი. ამ მოწყობილობის დაზიანება მოხდა საბაჟოზე და ახლა ამ საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ არხის ეთერში გასვლას ხელი შეეშალოს, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან არხის ხელმძღვანელობა თავდაუზოგავად მუშაობს.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ ტელეკომპანია "რეალტივიზე", სადაც რამდენიმე თვე მუშაობდით. საერთოდ, რატომ  წახვედით ამ არხზე სამუშაოდ, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს და რა გახდა ამ არხიდან თქვენი წამოსვლის მიზეზი 9 თვის წინ?
- ამ ეტაპზე უხერხულია ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი, თუ რატომ წავედი "რეალტივიზე". საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსვლის მერე, ერთ წელზე მეტი სახლში ვიჯექი უმუშევარი. ამ პერიოდის მანძილზე "რეალტივიდან" სისტემატიურად მქონდა შემოთავაზებები, თუმცა, სწორედ იმ მიზეზით, რაც თქვენ ახსენეთ, თავს ვიკავებდი ამ არხზე მუშაობისაგან. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ძალიან ბევრ პროფესიონალს ვკითხე აზრი, მათ შორის ზენონ კაციას, რომელიც ახლა ცოცხალი აღარ არის და თაობები ჰყავს გამოზრდილი. ამ გადაწყვეტილების მიღება გამოწვეული იყო გარემო პირობებით, რომლის დაკონკრეტებაც მინიმუმ უხერხულია და ეს საზოგადოებას არც უნდა აინტერესებდეს, რადგან ჩემი პრობლემაა.

ამასთან, მე მქონდა არხის ხელმძღვანელობისგან დაპირება, რომ ისინი ჩემს ტექსტებში არ ჩაერეოდნენ და საკადრო ტექსტებს თავად დავწერდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს არ იყო არხი, რომელზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ დიდხანს უმუშევრად ყოფნა შეუძლებელი იყო მიზეზთა გამო, ასევე იყო დაპირება, რომ არ ჩაერეოდნენ ჩემს საქმიანობაში, ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც მივიღე. თუმცა, ძალიან მალე მივხვდი, რომ ეს იყო შეცდომა. თავიდან იყო საუბარი, რომ "რეალტივი" იქნებოდა იგივე, რაც იყო "პირველი არხი", "იმედი" "რუსთავი 2", თუმცა, რეალურად ამ არხმა ჩამოთვლილ არხებს პროპაგანდაში ნამდვილად გადაუსწრო. თავიდან მეგონა, რომ მომიწევდა იმ პირობებში მუშაობა, როგორიც პირველ არხზე მქონდა, თუმცა, სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. რა რეპორტაჟების მომზადებაც "რეალტივის" ჟურნალისტებმა დაიწყეს, როცა არხი უკვე დაიქოქა, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.

ძალიან ვცდილობდი, რომ ასეთი სიუჟეტების იქით ეთერში ჩემი ტექსტები მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო, რის გამოც არხის ხელმძღვანელობასთან სერიოზული პრობლემები მქონდა ხოლმე, რამდენჯერმე თათბირიც კი დავტოვე პროტესტის ნიშნად. არხზე მისვლიდან ძალიან მალე დაიძაბა ურთიერთობა ჩემსა და არხის ხელმძღვანელობას შორის.

"რეალტივიმდე" "პირველ არხზე" 8 წელი ვმუშაობდი. შემდეგ გია ჭანტურიამ განაცხადა, რომ ახალი სახეები უნდა მიეღო არხზე. თუმცა, რეალური მიზეზები მაშინ სწორედ თქვენმა გაზეთმა დაწერა და ეს იყო ჩემი პოლიტიკური შეხედულებები, რომელიც არხის ხელმძღვანელობის შეხედულებებს არ ემთხვეოდა.

- თქვენი "რეალტივიდან" წამოსვლა, როგორც ვიცი, მაისის ამბებს უკავშირდება. ზუსტად რა მოხდა?
- 26 მაისს, როდესაც პარლამენტთან აქცია დაარბიეს, "რეალტივიზე" გადიოდა სრულიად არაადეკვატური კადრები. ამ დროს კი  ჩემი პერსონალური კომპიუტერი, რომელიც სტუდიაში მედგა,"მაესტროზე" მქონდა ჩართული და "მაესტროზე" რა კადრებსაც აჩვენებდნენ, იმას ვამბობდი ეთერში, რომ რეალობა ოდნავ მიახლოებულად მაინც მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რადგან კადრების ეთერში გასვლას მე არ ვწყვეტდი. ამის გამო სერიოზული კონფლიქტი მოხდა არხის ხელმძღვანელობასთან. მაისის მოვლენები უკვე პიკი იყო, თუმცა, მანამდეც რამდენჯერმე დავტოვე თათბირი და მქონდა უკვე გამუდმებული უსიამოვნება მათთან, რადგან ის, რასაც "რეალტივი" აკეთებდა, ყველანაირ სტანდარტს და ეთიკას გასცდა, თან ძალიან. ამის ატანა უკვე შეუძლებელი იყო და ამიტომაც 9 თვის უკან დავტოვე არხი და წამოვედი.

- როგორც ვიცით, დღემდე გთავაზობენ არხზე დაბრუნებას და ორჯერ მეტ ხელფასს, ვიდრე მანამდე გქონდათ, ნამდვილად ასეა?
- "რეალტივის" ხელმძღვანელობა გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს მე უკვე "რეალტივიდან" 9 თვის წამოსული ვიყავი და მაშინ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაზე საერთოდ არ იყო საუბარი. "რეალტივის" ხელმძღვანელობამ ამ განცხადების მერე დაიწყო მცდელობა, რომ არხზე დავებრუნებინე, რაზეც კატეგორიული უარი ვთქვი. შემდეგ უკვე დაიწყო საუბარი მაღალ ხელფასზე, ასევე პირობის მოცემა, რომ ამჯერად მართლაც არ ჩაერეოდნენ ჩემს საქმიანობაში, თუმცა, არანაირი შემოთავაზება იქ არ დამაბრუნებს.

- საზოგადოება და პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ "რეალტივი" შსს- ს დანამატია და რომ ის ხელისუფლების მითითებებს ასრულებს. თქვენ შიგნიდან უყურებდით ამ ყველაფერს და ადასტურებთ ამას?
- მიჭირს ამის თქმა, რადგან მეც იქ ვმუშაობდი და უხერხულობას ვგრძნობ, თუმცა ასეა. მუდმივად მიდიოდა კონტროლი და მითითებები, ეს ყველაფერი იყო– ჟურნალისტიკის გარდა. ყველა ტელევიზია, რომელიც ამ ხელისუფლებას ემსახურება, ერთნაირია, თუმცა სხვა არხებზე შეფუთვა ხდება უკეთესად და "რეალტივი" ამას ძალიან უხარისხოდ აკეთებს. ერთი ადამიანის მცდელობა, ანუ ჩემი, რომ დაბალანსებული ტექსტები წამეკითხა ეთერში, მივხვდი, რომ არაფერს ცვლიდა, თან ამის საშუალებასაც აღარ მომცემდნენ, ამიტომაც ავდექი და წამოვედი, თუმცა, უკეთესი იყო საერთოდ არ წავსულიყავი.