თამთა კაკაურიძე, "რეზონანსი"
61 წლის ზური თავართქილაძე 20 წელზე მეტი ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო სამნეო ნაწილის გამგე და ხელოვნების მასწავლებელი. დაახლოებით ორი კვირის წინ კი სკოლიდან გაათავისუფლეს. თავართქილაძე სკოლიდან გათავისუფლების მიზეზად იმას ასახელებს, რომ სკოლაში "ქართული ოცნების" გაზეთს კითხულობდა. სკოლის მანდატურების მიერ ამასთან დაკავშირებით შედგენილ ოქმში კი წერია, რომ იგი სკოლაში ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის გაზეთს ავრცელებდა და მოსწავლეებს შორის აგიტაციას ეწეოდა.
"დილით სკოლაში რომ მივდიოდი, სახლის კარებთან გაზეთი დამხვდა. ვიფიქრე, სკოლაში წავიღებ და წავიკითხავ-მეთქი. იქ როგორ გაიგეს, ან ვინ მნახა, არ ვიცი. ცოტა ხანში მანდატურების უფროსი მოვიდა და ახსნა-განმარტება დამაწერინეს, თითქოს აგიტაცია-პროპაგანდას ვეწეოდი. ამის შესახებ განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაშიც დაურეკავთ და მათაც არ დააყოვნეს, სკოლაში მეწვივნენ.
"დირექტორს უთხრეს, რომ სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. დირექტორთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მას სხვა გზა არ ჰქონდა. ასე დავისაჯე გაზეთის კითხვისთვის.
"რომ ვიჩივლო, სად ვიჩივლო? ამ ქვეყანაში სასამართლო პროცესს დარაჯის გათავისუფლებისთვის კი არა, ვერაფრისთვის ვერ მოიგებ. ჩვენ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, მესმის, მაგრამ ამ ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვი. ადგილობრივ არჩევნებში "ეროვნული საბჭოდან" კენჭს ვიყრიდი, მაშინ ხელოვნებას ვასწავლიდი, ამის გამო დარაჯამდე ჩამომაქვეითეს. ახლა კი საერთოდ გამათავისუფლეს", - განუცხადა თავართქილაძემ "რეზონანსს".
აღსანიშნავია, რომ მისი რძალი ამავე სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობს. ფოთის მე-7 სკოლის მასწავლებლები, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით ვინაობას არ ასახელებენ, აცხადებენ, რომ ისინი დირექტორმა წინასწარ გააფრთხილა -სახლში რაც გინდათ ის წაიკითხეთ, გაზეთები სკოლაში არ მოიტანოთ და პრობლემები არ შეიქმნათო.
ფოთის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის ჭაბუკი ქოიავას განცხადებით, ზური თავართქილაძე ხშირად ტოვებდა სამუშაო ადგილს, რამდენჯერმე გაფრთხილება და შენიშვნა მიიღო, მაგრამ სიტუაცია მაინც არ გამოსწორდა.
"რაც შეეხება მის გათავისუფლებას, როგორც მე გადმომცეს, მანდატურის სამსახურის უფროსმა შეამჩნია, რომ სამუშაო ადგილი დატოვებული ჰქონდა და სკოლაში გაზეთებს არიგებდა, თუმცა, არ ვიცი, რომელი პოლიტიკური პარტიის გაზეთი იყო.
თავართქილაძეს ადრეც ჰქონდა შენიშვნები მიღებული და ამიტომ იძულებული გავხდი გამეთავისუფლებინა. ახლა ყველას უნდა, რომ ამ ფაქტს პოლიტიკური სარჩული დაადოს, მაგრამ ასე არ არის. ეს, ალბათ, თავართქილაძის ინტერესებშია", - განუცხადა დირექტორმა "რეზონანსს".
ქოიავა მასწავლებლების გაფრთხილების ფაქტს უარყოფს: "მასწავლებლები ნამდვილად არ გამიფრთხილებია. ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, მაგრამ სკოლა არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პოლიტიკური პროკლამაციები და გაზეთები გავრცელდეს. ახლა თქვენზეა დამოკიდებული, როგორ ობიექტურად დაწერთ ამ ყველაფერს".
ფოთის განათლებისა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო დვალიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ დარაჯის გათავისუფლების საფუძველი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა გახდა:
"რაც შეეხება "ქართული ოცნების" გაზეთთან დაკავშირებულ ინცინდენტს, მე ამ კითხვაზე საპასუხოდ მზად არ ვარ, ჩემთვის ეს რაღაც ახალია. გიმეორებთ, რომ მას ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მხოლოდ ეს გახდა გათავისუფლების მიზეზი."
ამ ინციდენტთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვცადეთ დავკავშირებოდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თუმცა, სამწუხაროდ, მათი პოზიციის დაფიქსირება ვერ მოხერხდა.
"ქართული ოცნების" პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ თავართქილაძეს მათ ორგანიზაციასთან არაფერი აკავშირებდა.
"ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შემთხვევა მომხდარიყო", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
1105
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85