"ჯონდი ბაღათურიას უსაფრთხოება საშიშროების წინაშეა"

„პრეზიდენტმა ირიბად დაადასტურა, რომ წასვლას არ აპირებს მანამ, სანამ ლაზიკა არ აშენდება. ლაზიკა კი კარგა ხანს არ აშენდება“, - აცხადებს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე, ექსპერტი გია ხუხაშვილი Presage.tv-სთან საუბარში. ექსპერტი მიიჩნევს, რომ პარლამენტში სტუმრობისას პრეზიდენტმა სრულად გამოავლინა თავისი სისუსტეები და მუქარაზეც გადავიდა.

როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში?  

- რასაც მოველოდით, ალბათ, ისეთი იყო პრეზიდენტის გამოსვლა. თავისი გამოსვლის პირველ ნაწილში პრეზიდენტმა ისაუბრა რომელიღაც ქვეყანაზე, რომელიც მე არ ვიცი, სად არის... ასეთი ქვეყანა რუკაზე ვერ ვიპოვე. მერე, უკვე დაბრუნდა საქართველოში და ილაპარაკა პრობლემებზე და აქ რაღაცნაირად რეალობას დაუახლოვდა. სისტემური წინადადებები, რაღაც სიახლე ამ გამოსვლაში არაფერი ყოფილა. ყველაფერ ამისგან რისი გამოტანაც შეიძლებოდა, გახლავთ ის, რომ ხელისუფლებიდან წასვლას პრეზიდენტი არ არსად აპირებს, მუდმივად აპელირებდა 2015 წელზე და, ასე ვთქვათ, 2015 წლის გეგმების იდენტიფიცირებას საკუთარ პერსონასთან ახდენდა. აქედან გამომდინარე, პრინციპში, თუ ვინმეს კიდევ კითხვა ჰქონდა, აპირებდა თუ არა სააკაშვილი ხელისუფლებიდან წასვლას, მე მგონი, ირიბად ეს კითხვა მოიხსნა.

ამ გამოსვლიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობის დათბობა გადაწყვიტა.

- პრეზიდენტის გამოსვლაში იყო მეორე საკითხი, მეტად უცნაური - უვიზო რეჟიმი რუსეთთან, რაც ვერ გავიგე. თავისთავად, პოლიტიკურად ეს რომ არაფრის მომტანია, გასაგებია. ძალიან ინფანტილურია, როდესაც ერთ წინადადებაში აგინებ და მეორე წინადადებაში ცდილობ, კოჭი გაუგორო რუსეთს, მაგრამ აქვე დამებადა სხვა შეკითხვა, თუ ჩვენ ასე გვინდა, ჩვენი კეთილგანწყობა, კონსტრუქციულობა ვაჩვენოთ რუსეთს, დიდი ბოდიშით, მაგრამ, სანამ რუსეთთან უვიზო რეჟიმს გამოვაცხადებთ, იქნებ, ჯობდა, ჯერ ევროკავშირთან გამოგვეცხადებინა უვიზო რეჟიმი?! რას ნიშნავს, როდესაც ევროკავშირისკენ გაქვს ორიენტირი აღებული და ამ დროს მათთან არ აპირებ უვიზო რეჟიმის შემოღებას და რუსეთთან აცხადებ ასეთ რეჟიმს?! ადამიანური  და მოქალაქეობრივი ლოგიკის ენაზე რომ გადავიყვანოთ, რას ნიშნავს ეს ინიციატივა?! უვიზო რეჟიმს ცალმხრივად თუ აცხადებ, პირველ რიგში, ევროკავშირს გამოუცხადე უვიზო რეჟიმი, ხომ იქით მივდივართ ევროკავშირთან და მერე ილაპარაკე რუსეთთან. ეს იყო ჩემთვის ძალიან უცნაური.

როგორი იყო ოპოზიციის რიტორიკა? გამოხატეს მათ ის, რაც უნდა ეთქვათ?

- რაც შეეხება ოპოზიციას, ჯაჭვზე დაბმული ოპოზიციის რიტორიკა უფრო მოკრძალებული იყო, ვიდრე შარშანდელი ექსპერიმენტი, როდესაც მათი საბელი, ასე  ვთქვათ, ცოტა უფრო დააგრძელეს და, გარკვეულწილად, რეზოლუცია ჰქონდათ კრიტიკაზე დადებული. ეტყობა, წელს ასეთი რეზოლუცია ვერ მიიღეს. ამიტომაც უფრო მოკრძალებული იყო მათი მხრიდან კრიტიკა. რა თქმა უნდა, გუშინდელი დღის პიკი გახლდათ ორი დეპუტატის გამოსვლა, რამაც, ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა მთელი ეს სცენარი. ვგულისხმობ, ცაგარეიშვილისა და ჯონდი ბაღათურიას გამოსვლებს. აქ იყო სამი მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი, საუბარი იმავე მეთოდებით, რა მეთოდებითაც თავის დროზე კარიერას იკეთებდა დღევანდელი ხელისუფალი, ანუ კორუფციასთან დაკავშირებული სურათებით. მეორე მომენტი, ეს გახლდათ ოჯახის ინტერესებზე საუბარი, რაც ძალიან მტკივნეული იყო, და ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტის რეაქცია, რომელიც მანამდე საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა. ამის შემდეგ კი, უბრალოდ, დარბაზი დატოვა. რაც ყველაზე სკანდალურია მისი მხრიდან, რამდენიმეჯერ გაისმა პირდაპირი მუქარა დეპუტატის მიმართ, რაც წარმოუდგენელი რამ არის. ფაქტობრივად, ჯონდი ბაღათურიას რამდენჯერმე პირდაპირ დაემუქრა - ყვითელი ავტობუსები, ტალახები და ა.შ. პრეზიდენტი ძლივს იკავებდა თავს, რაც ძალიან კარგად ჩანდა, რაღაც მომენტში დარბაზიც დატოვა, რადგან გაუჭირდა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ჯონდი ბაღათურიას უსაფრთხოება ნამდვილად საშიშროების წინაშე დგას. პრეზიდენტის მხრიდან ასეთი გამოსვლა (თუნდაც მის მიერ არ იყოს შესაბამისი ბრძანება გაცემული), სისტემაში მომუშვე ძალიან ბევრი ცხელი თავისთვის შეიძლება, პირდაპირ მითითებად იყოს აღქმული. მე ვფიქრობ, ჯონდი ბაღათურიას უსაფრთხოების საკითხია დასაყენებელი, რადგან შეიძლება, ვიღაცამ საკუთარი ინიციატივით რაღაც სისულელე ჩაიდინოს. ფაქტობრივად, პრეზიდენტის რიტორიკაში ისმოდა, რომ ჯონდი ბაღათურიასთან ფიზიკურად გასწორება ძალიან უნდოდა. მესამე  მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ ხელისუფლების მხრიდან მუდმივი აპელირებაა თითქოს ოპოზიციას თარგამაძის პოლიციის დაბრუნება უნდა  - როდესაც ადამიანები სართულებიდან ცვიოდნენ. ამ დროს, ჩვენმა ნაქებმა პოლიციამ ზუსტად იგივე დასკვნა დადო, რასაც თავის დროზე თარგამაძე დებდა. ანუ, თურმე მესამე სართულიდან თავისით გადმოვარდა დაკითხვაზე მისული ეჭვმიტანილი (და არა ბრალდებული). რა ხდება, ვერ გავიგე, თარგამაძის დროში დავბრუნდით? როგორც ჩანს, თვითონ ჩვენი ხელისუფალნი დაბრუნდნენ ამ დროში, რადგან, ფაქტობრივად, ზუსტად იგივე ტექსტი შემოგვთავაზა შსს სამინისტრომ, რასაც გვთავაზობდა კახა თარგამაძის შსს სამინისტრო.

ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად საპარლამენტო დარბაზიდან გასვლა გადაწყვიტა. თქვენი აზრით, რატომ დაბრუნდა პრეზიდენტი დარბაზში? ვინ ურჩია დაბრუნება

- იქ არდაბრუნება, უბრალოდ, სრული კატასტროფა იქნებოდა. პრეზიდენტი მიხვდა ამას, იმიტომ, რომ ეს იყო გაქცევა, ეს იყო კლასიკური გაქცევის მაგალითი. რაც არ უნდა ამტკიცოს, რომ ის არ გაქცეულა საპარლამენტო დარბაზიდან, ჩვენ ეს ყველამ ვნახეთ.

პრეზიდენტის პარლამენტში მისვლას მისი და მისი გუნდის მხრიდანქართულ ოცნებაზეპოზიციის დაფიქსირების გარეშე არ ჩაუვლია. ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ ეს არის რუსული და არა - ქართული ოცნება.

- ეს უკვე პოლიტტექნოლოგიის საკითხია, რაც არ არის მნიშვნელოვანი. ძალიან სასაცილოა, როდესაც რუსეთს უვიზო რეჟიმს, ლამის სიყვარულს ეფიცები და მერე ვიღაცის რუსულ ოცნებაზე საუბრობ, ეს ალოგიკურია. მიაქციეთ ყურადღება, აქ უვიზო რეჟიმზეა საუბარი. მე შეკითხვას ვუსვამ ბატონ წიკლაურს, რომელიც ამ თემას შეეხო, როდესაც რუსეთთან ცალმხრივად უვიზო რეჟიმის ინიციატივა ცხადდება და ამ დროს, ჩვენი ორიენტირი პროდასავლურია, რატომ არ ვაცხადებთ უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან? ეს ძალიან მაინტერესებს. რას ნიშნავს ეს ინიციატივა, იქნებ, გვიპასუხოს ბატონმა წიკლაურმა?

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ დეპუტატს და აღნიშნა, რომ ეს სხდომა მათთან ერთად კარგად ჩააბულბულა. თქვენი შეფასებით, სააკაშვილი საპარლამენტო გამოსვლისას ძლიერად წარმოჩნდა, თუ იგი სუსტი იყო და, უბრალოდ, თამაშობდა, რომ იგი და მისი გუნდი 2015 წლამდე მყარად იქნებიან ხელისუფლებაში?

- რა არის, იცით? მე ვფიქრობ, რომ მან ძალიან სერიოზული სისუსტე გამოავლინა სხდომის ბოლოს. შემიძლია ვაღიარო, რომ მანამდე ძალიან კარგად ეჭირა თავი, მაგრამ სხდომის ბოლოს ყველაფერი წყალში ჩაეყარა. ანუ, მან სრულად გამოავლნა თავისი სისუსტეები და მუქარაზეც გადავიდა. ასე რომ, ეს ბოლო მონაკვეთი რომ არ ყოფილიყო, შეიძლებოდა, გუშინდელი დღე მის გამარჯვებად აღქმულიყო. პარლამენტში ყოფნის მისი ბოლო, ფინალური აკორდი სრული კატასტროფა იყო. ის რომ წასვლას არ აპირებს, ეს ხომ ჩვენ ისედაც ვიცოდით, რად გვინდოდა, ამის კიდევ ერთხელ შეხსენება?! მაგრამ გუშინ ირიბად დაადასტურა, რომ წასვლას არ აპირებს მანამ, სანამ ლაზიკა არ აშენდება. ლაზიკა კი, კარგა ხანს არ აშენდება.