დებატების შემდეგ სააკაშვილი „გაღლეტილ მინისტრებთან“ ერთად სუში ბარში იქარვებდა ნაღველს

დებატების შემდეგ სააკაშვილი „გაღლეტილ მინისტრებთან“ ერთად სუში ბარში იქარვებდა ნაღველს

„ეს იყო მაღალი დემოკრატიის სტანდარტის მქონე დებატები, სადაც ყველა პოლიტიკურმა ძალამ კარგად გამოავლინა თავის თავი და საკუთარი ღირებულებები. ვინ რა ღირებულებებით არსებობს ქართულ პოლიტიკაში...

ამავე დროს იყო ემოცია და  დაპირისპირება, მთავარი და ღირებული ჩემთვის არის ის, რომ დებატებზე მოვისმინე აბსოლიტურად მკაფიო გეგმა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში ყველა ოჯახის მდგომარეობა მომავლი წლის განმავლობაში“, – ასეთი შეფასება პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ძნელი სათქმელია, საიდან დაასკვნა ბაქრაძემ, რომ პრეზიდენტს რაიმე მკაფიო გეგმა გააჩნია ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, რადგან ამ თემაზე სააკაშვილმა მხოლოდ რამდენიმე ძველი დაპირება გაიმეორა, მათ შორის, მესამე ახალდაბადებული ბავშვისთვის ერთჯერადი ათასლარიანი დახმარების მიცემის თაობაზე. შეგახსენებთ, რომ ეს იყო სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი დაპირება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

მაგრამ ბაქრაძის ამ განცხადებაში გაცილებით მნიშვნელოვანი ამ დებატების „მაღალი დემოკრატიის სტანდარტის მქონედ“ შეფასებაა, რადგან მაგიდაზე მუშტყების ბრახუნი, დედის გინება უწმაწური სიტყვებით, პრეზიდენტის ღია მუქარა, ძნელი წარმოსადგენია, რომ დემოკრატიის მაღალ კი არა, საერთოდ რაიმე სტანდარტს აკმაყოფილებდეს.

პრეზიდენტთან გამართული პოლიტიკური დებატებისას სხდომათა დარბაზში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტის ტრიბუნასთან ჯერ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მდივანი გია ცაგარეიშვილი, შემდეგ კი ამავე ფრაქციის წევრი ჯონდი ბაღათურია მივიდნენ. ორივე დეპუტატმა პრეზიდენტსა და მის გარემოცვას მძიმე ბრალდებები წაუყენა და ის კორუფციაში, უფლებამოსილების გადაჭარბებაში, უკანონოდ გამდიდრებასა და ბიზნესის ხელში ჩაგდებაში დაანაშაულა.

პრეზიდენტი განსაკუთრებული სიმძაფრით ბაღათურიას გამოსვლას შეხვდა. ბაღათურიას გამოვლის დროს მან მცირე დროით სხდომათა დარბაზი დატოვა კიდეც, თუმცა მანამდე ოპონენტის საპასუხოდ განაცხადა, რომ „მისი ბუნებრივი მდგომარეობა ტალახში გორაობა იყო“.    

„ვთხოვ, პარლამენტში მანდატურებს, აქედან გასულს ნამდვილი ტალახის აბაზანები მოგიმზადონ, რომ კარგად იბანაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაღათურიას მისამართით.  

პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, პარლამენტის სხდომაზე მათი ფრაქციის წევრების მიმართ უმრავლესობის მხრიდან ღია პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, „რასაც თავად პრეზიდენტმა აუნთო მწვანე შუქი“.    

„ისმოდა უმისამართო დედის გინება, ღიად გამოხატული აგრესია და მუქარა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა მწვანე შუქი მას შემდეგ აუნთო, რაც მასაჟების თანხლებით ტალახის აბაზანების მიღების შესახებ განაცხადა. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია, ღია მუქარა და დაუსჯელობის სინდრომის წახალისება პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც საბოლოო მომენტში ისევ სააკაშვილმა დააბალანსა, რომელიც გავიდა სხდომათა დარბაზიდან და უკან სახეშეცვლილი დაბრუნდა.

თავის მხრივ რას უკავშირდება ეს, ამაზე დასკვენების გამოტანას არ ვაპირებ, მაგრამ ფაქტია, რომ მან ქცევის მოდუსი მყისიერად შეცვალა. თავდაპირველად სააკაშვილი იმდენად აიჭრა, რომ პირდაპირი გზავნილი გაუგზავნა უმრავლესობის იმ ნაწილს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ზონდერის ფუნქციას ასრულებს და დარწმუნებული ვარ, მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც სახალხო მღელვარების ჩახშობაშიც შეიძლება, იღებდნენ მონაწილეობას, ხოლო დადგა რა იმ ფაქტის წინაშე, რომ ეს პროვაკაცია სხდომათა დარბაზშივე შეიძლება, გარდაუვალი ყოფილიყო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფრაქციის შვიდივე წევრი ერთად იყო შეკრული და პოზიციას სიცოცხლის ფასადაც არ დავთმობდით, როგორც ჩანს, დიპლომატიური კორპუსის წინაშე სააკაშვილმა მოსალოდნელი შედეგები გააცნობიერა და ავანტიურისტული ჩანაფიქრისგან ხელი აიღო“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ცხადია, პრეზიდენტის მხრიდან ღია მუქარა და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დედის გინება დანაშაულია და, წესით, ამას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ ბაღათურია და ცაგარეიშვილი აცხადებენ, რომ ისინი სასამართლოში ჩივილს არ აპირებენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ „ამ სასამართლოს პირობებში ამას არანაირი აზრი არა აქვს“. თუმცა, ორივე მათგანი იმედოვნებს, რომ ამ ყველაფერს სათანადო პასუხს ქართული და საერთაშორისო საზოგადოება გასცემს.

„რაც სააკაშვილმა ჩაიდინა უკვე მსოფლიომ გაიგო და ყველამ იცის, რომ პრეზიდენტობა კი არა, როგორც პოლიტიკოსი სააკაშვილი უკვე დამთავრდა! როგორც წესი, პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან. ჩემი თვითმიზანი ნამდვილად არ იყო სააკაშვილის გაქცევა, მაგრამ რომ გაიქცა, ამით სულაც არა ვარ უკმაყოფილო“, - ამბობს ჯონდი ბაღათურია.

როგორც ბაღათურია აცხადებს, სააკაშვილი სხდომათა დარბაზიდან სათადარიგო   გასასვლელით გაიქცა და მისი დაბრუნება მთავრობის წევრებმა და დაცვამ ძლივს შეძლო და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ უთხრეს, სხდომათა დარბაზში ამერიკის ელჩი ისევ იმყოფებაო.

„პრეზიდენტის მხრიდან დაბალი დონის მაჩვენებელია ის ტერმინოლოგია, რითაც სააკაშვილი საუბრობდა. ასევე მის დაბალ დონეზე მიუთითებს 15 წლის ბავშვზე – მიხეილ ალექსიძეზე თავდასხმა. ამის შემდეგ რა ავტორიტეტი ექნება ასეთ პრეზიდენტს, საზოგადოებამ განსაჯოს. ამ დებატების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, დასრულდა“, – აცხადებს ჯონდი ბაღათურია.  

ბაღათურია იმასაც ამბობს, რომ „პრეზიდენტის გუშინდელი საქციელი დღეს ყველა ქვეყნის პრეზიდენტისთვის არის ცნობილი“.

„ეს იყო სამარცხვინო საქციელი, როცა პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში დოკუმენტალურად კორუფციაში ამხილეს, ის ჯერ ლანძღვაზე, შემდეგ მუქარაზე გადავიდა და მერე გაიქცა დარბაზიდან. მას თან გაყვნენ და როგორც ჩანს, განუმარტეს, რომ მაშინ, როცა ამას აშშ-ს ელჩი და მთელი დიპლომატიური კორპუსი უყურებდა, სირცხვილი იქნებოდა დარბაზში არ შემობრუნებულიყო. შემობრუნდა, მაგრამ მის შემობრუნებას უკვე ფასი აღარ ჰქონდა. არსებობენ დიქტატორები: ფიდელ კასტრო, უგო ჩავესი, თურქმენ-ბაში და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის მათთან შედარება მიწევს, მაგრამ მათაც კი არ ჩაუდენიათ ის, რომ ჯერ პარლამენტის წევრს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ემუქრებოდე და შემდეგ გარბოდე დარბაზიდან. ასეთი რამ არ მახსოვს და ასეთები უკვე პოლიტიკოსობას ამთავრებენ, " - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

მაგრამ ეს ყველაფერი რამდენად ადარდებს სააკაშვილს, ძნელი სათქმელია. რადგან presage.tv-ს ინფორმაციით, დებატების შემდეგ ის თავის „გაღლეტილ მინისტრებთან“ ერთად, როგორც მათ თავად სააკაშვილმა უწოდა, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სუშიბარში მივიდა, რომელიც დღეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია და დილამდე ქეიფობდნენ.

მის მისვლამდე კი მისმა დაცვამ ტერიტორია „გაასუფთავა“, გზები გადაიკეტა, იმ ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანები ევაკუატორებით გადაიყვანეს და იქ მცხოვრები მოსახლეობა, ვიდრე სააკაშვილი არ წავიდა, სახლში შესვლასაც კი ვერ ახერხებდა. ქვეყნის პრეზიდენტი კი ამ ბარში, თურმე, დილამდე ცდილობდა ბრაზის გაქარვებას.