ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, ახლო წარსულში პოპულარული ჯგუფი “Sex Pistols”-ის წევრებმა ხმის ჩამწერ სტუდია “Universal”-თან კონტრაქტი გააფორმეს და თავის დროზე სკანდალურად ცნობილ ალბომს “Never Mind The Bollocks, Here's The Sex Pistols” ხელახლა გამოსცემენ.
ამ სტუდიურმა ნამუშევარმა დღის სინათლე 1977 წელს იხილა. მიმდინარე წელს მისი გამოცემიდან 35 წელი სრულდება.
დისკის გამოშვების გარდა ხმის ჩამწერი სტუდია რამდენიმე ღონისძიების ჩატარებასაც გეგმავს. ჯგუფის ერთგული თაყვანისმცემლები დაზუსტებულ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მიიღებენ.
“Never Mind The Bollocks, Here's The Sex Pistols” ჯგუფის არსებობის ისტორიაში ერთადერთი ოფიციალური ალბომია. მისი გამოცემიდან ერთ თვეში დისკი ბრიტანულ ჰიტ-აღლუმებში გალიდერდა, მაგრამ ამის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა გაილაშქრეს.
1977 წელს დედოფალი ელისაბედ მეორე ტახტზე ასვლის ვერცხლის იუბილეს აღნიშნავდა. ალბომში განთავსებულ მთელ რიგ კომპოზიციებში ბრიტანული სამეფო კარის წარმომადგენლებმა უხამსი ტექსტების არსებობა აღმოაჩინეს. ამ მიზეზის გამო დისკი გაყიდვიდან ამოიღეს და მისი ტირაჟის გარკვეული ნაწილი გაანადგურეს.