დევი ჯონსი გარდაიცვალა

დევი ჯონსი გარდაიცვალა

სააგენტო “Agence France-Presse”-ს ინფორმაციით, აშშ-ში ცნობილი ჯგუფი “The Monkees”-ის ვოკალისტი დევი ჯონსი გარდაიცვალა. მუსიკოსი 66 წლის გახლდათ.

ინგლისის ქალაქ მანჩესტერში დაბადებული დევი ჯონსი ჯგუფს 1966 წელს შეუერთდა. ჯონსი სამშობლოში ისეთი პოპულარობით სარგებლობდა, რომ მისმა არანაკლებ ცნობილმა კოლეგამ დევიდ რობერტ ჯონსმა თავის დროზე გვარი გადაიკეთა და საზოგადოებას დევიდ ბოუის სახელით მოევლინა.

მუსიკოსმა “The Monkees” რამდენჯერმე დატოვა. ჯგუფი 1965 წელს აშშ-ში ჩამოყალიბდა და იმ წლებში პოპულარული “The Beatles”-სათვის ერთგვარი კონკურენცია უნდა გაეწია.

1971 წელს ჯონსმა საკუთარი სოლო კარიერა წამოიწყო. ამის პარალელურად პოეზიით და ფოტოგრაფიითაც დაინტერესდა.

გასულ წელს “The Monkees” წევრებმა საკონცერტო მოღვაწეობა განაახლეს. ჯგუფის დაარსებიდან 45 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში მსოფლიო საგასტროლო ტურნეში უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ ორი კვირის წინ მუსიკოსებმა ეს ტურნე გაურკვეველი მიზეზების გამო გააუქმეს.

ჯგუფმა “The Monkees” ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში 11 სტუდიური ნამუშევარი გამოუშვა. უკანასკნელმა “Justus” დღის სინათლე 1996 წელს იხილა.