"ვაპირებთ დიპლომატიურ კორპუსსა და სამოქალაქო საზოგადოებას გავაცნოთ ის დოკუმენტაცია, რაც გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი და მისი ოჯახი არის კორუმპირებული"


"კარგად ვიყავი მომზადებული. ჩვენი პარტიის ექსპერტებმა მოამზადეს მნიშვნელოვანი არგუმენტაცია, მაგრამ სააკაშვილს ჩემთვის ხელი რომ არ შეეშალა და ეცლია, ჩემი გამოსვლა შინაარსობრივად უკეთესი იქნებოდა, იმიტომ, რომ ბევრის თქმა ვერ მოვასწარი. სამწუხაროდ, სააკაშვილის ჩარევამ და მისმა არაადეკვატურმა მოქმედებამ - უზრდელობამ, უტაქტობამ და დარბაზიდან წამოსულმა ღრიანცელმა გარკვეული დეფექტი შესძინა ჩემს გამოსვლას. თუმცა, საერთო ჯამში, მაინც არ იყო ჩემი გამოსვლა ურიგო" - აცხადებს ჯონდი ბაღათურია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მითხრეს, სააკაშვილს კატეგორიულად არ უნდოდა დარბაზში დაბრუნება, თუმცა დააშოშმინეს და მის გადარწმუნებაში გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ დარბაზში ჯერ კიდევ იჯდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ამას ყველაფერს ხედავდა!"

"სააკაშვილის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ვაპირებდი დოკუმენტებით ლაპარაკს და მერე იმ დოკუმენტების აფრიალებას. საგანგებოდ მინდოდა მესაუბრა 2008 წლის აგვისტოში მომხდარ სამარცხვინო ფაქტზე, როცა საოკუპაციო ჯარებმა გორი დაიკავეს, ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა, მთავრობის წევრებმა და ზოგიერთმა დეპუტატმა ხალხს ზურგი აქცია და გაიქცა წითელ ხიდზე თავისი ტყავისა და ქონების გადასარჩენად.... ამ ხალხის სახელები და გვარები უჯრაში უდევს პაატა დავითაიას, რომელიც, მოგეხსენებათ, იმ კლოუნადური კომისიის თავმჯდომარე გახლდათ, რომელიც აგვისტოს ომის კატასტროფული მიზეზების ვითომდა გამოსარკვევად შექმნეს. აი, ამ საკითხზე მინდოდა საუბარი, მინდოდა მელაპარაკა პოლიტპატიმრების შესახებაც, მინდოდა მესაუბრა 26 მაისის დარბევაზე და იმ 45 პოლიტპატიმარზე, რომლებიც 26 მაისს დააპატიმრეს. ძალიან ბევრი კრიტიკული რამის თქმას ვაპირებდი, თუმცა სააკაშვილის თავშეუკავებელმა საქციელმა ამის საშუალება არ მომცა... სააკაშვილის პარლამენტიდან გაქცევას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ეს იყო ძალიან სამარცხვინო რამ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯონდი ბაღათურია.

"ყველაზე სამარცხვინო იყო, სააკაშვილი პარლამენტის წევრს დარბაზში რომ ემუქრებოდა. თუ გახსოვთ, თავიდან თავისი გამოსვლა დაიწყო წყევლით და გვითხრა - თქვენ იარეთ საავადმყოფოებშიო! ამას რომ ამბობდა, თვალებში მიყურებდა, ერთი სიტყვით, აშკარად მწყობრიდან იყო გამოსული და რაც აკეთებდა, თვითონ არ იცოდა. რაც სააკაშვილმა ჩაიდინა უკვე მსოფლიომ გაიგო და ყველამ იცის, რომ პრეზიდენტობა კი არა, როგორც პოლიტიკოსი სააკაშვილი უკვე დამთავრდა! როგორც წესი, პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან. ჩემი თვითმიზანი ნამდვილად არ იყო სააკაშვილის გაქცევა, მაგრამ რომ გაიქცა, ამით სულაც არა ვარ უკმაყოფილო! რისი თქმაც ვერ მოვასწარი და რაც სააკაშვილის ოჯახის კორუმპირებულობას ადასტურებს ის გახლავთ, რომ პრეზიდენტის ოჯახმა ფონდი "ქართუდან" 2009 წელს საჩუქრად მიიღო 400 000 ლარი, მერე დამატებით 640 000 ლარი... კანონი კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ პირდაპირ ამბობს, რომ საჯარო მოსამსახურემ ან მისი ოჯახის წევრმა ერთი წლის განმავლობაში საჩუქრის სახით შეიძლება მიიღოს 1000 ლარის ღირებულების ნივთი და თან აუცილებლად უნდა მოახდინოს მისი დეკლარირება. სააკაშვილის ოჯახმა უხეშად დაარღვია ორივე პუნქტი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"გასასვლელი, რომელიც თქვენ ნახეთ, გადის დეპუტატთა დასასვენებლ ოთახში და მერე იქიდან გადის კიდევ სხვა გასასვლელები. შესაბამისად, მიშა წავიდა არა უკან მოსაბრუნებლად, არამედ საერთოდ წავიდა და დარბაზი მიატოვა. ეს იყო მისი გაუწონასწორებლობის მაჩვენებელი. მე იქვე შევამჩნიე, რომ სააკაშვილს დაცვა დაედევნა. როგორც შემდეგ მითხრეს, სააკაშვილს კატეგორიულად არ უნდოდა დარბაზში დაბრუნება, იყო ძალიან გაღიზიანებული, თუმცა დაარწმუნეს, დააშოშმინეს და მის გადარწმუნებაში გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ დარბაზში ჯერ კიდევ იჯდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ამას ყველაფერს ხედავდა... მიიღო თუ არა რამე დამაწყნარებელი საშუალება, რაც არ ვიცი, არ ვიცი. ისე, დაწყნარებული და დამშვიდებული თავიდანვე რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა", - დასძენს ჯონდი ბაღათურია.

" ელჩებთან საუბარი ჯერ არ მქონია, მაგრამ გეტყვი, რომ იმ კვირაში ვგეგმავ დიპლომატიური კორპუსის მოწვევას და მაღალი ალბათობით ამას ერთობლივ ფრაქცია გავაკეთებთ. ჩვენ ვაპირებთ დიპლომატიურ კორპუსსა და სამოქალაქო საზოგადოებას გავაცნოთ ის დოკუმენტაცია, რაც გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი და მისი ოჯახი არის კორუმპირებული. ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს ასევე გავაცნობთ საკანონმდებლო ინიციატივას, რაც გულსიხმობს სპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც უნდა გამოიძიოს პრეზიდენტისმ მისი ოჯახისა და მისი გარემოცვის კორუფციული და შავი ბიზნესსაქმიანობა", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ყოველივე იმის შემდეგ, რაც სამშაბათს პარლამენტში მოხდა, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი ქვეყანაში ნორმალური არჩევნების ჩამთარებელია და ხელისუფლებისდან წამსვლელი?"- პასუხობს:

"ამას ფიქრიც არ უნდა და სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და ყველა მეთოდით, მათ შორის კრიმინალური მეთოდით, იბრძოლებს "ნაცმოძრაობის" გასამარჯვებლად. სამშაბათს, პარლამენტში მომხდარი ამბის შემდეგ, სააკაშვილი კანონიერი, ლეგალური ფარგლებიდან გავიდა და მოგვევლინა როგორც კრიმინალი და კორუმპირებული კლანის მეთაური, რომელიც პარლამენტის დარბაზში პარლამენტის წევრს პირადპირ ემუქრებოდა. რომელ არჩევნებსა და ხელისუფლების რომელს დათმობაზია ლაპარაკი, როცა კაცი ქვეყნის დასაქცევადაა მომზადებული. ჩვენ თუ ამგას ხელისუფლებას ხელიდან არ გამოვგლეჯთ, რა თქმა უნდა, ის არაფრის დათმობას არ აპირებს".