გენოციდის ნაციონალური თავისებურებანი

გენოციდის ნაციონალური თავისებურებანი


მიხეილ სააკაშვილი და «ნაციონალური მოძრაობის» სხვა ლიდერები ხშირად შლიან ხელებს და ლამის გულწრფელი გაკვირვებით კითხულობენ: რა გინდათ, ხალხო, შუქი და გაზი არ იყო ქვეყანაში, ბნელი და უკუნი იყო საქართველოში, ამდენი რამ გავაკეთეთ, გზები დავაგეთ, ქვეყანა გავანათეთ და ტაშ-ფანდურსაც არ გაკლებთ, თავი დაგვანებეთო! ხელისუფლება მიიჩნევს, რომ, რაც მათ საბიუჯეტო, ანუ ხალხის ფულით გააკეთეს, ყოველდღე უნდა გვამადლონ. თან თავი უნდა ვუკანტუროთ და ყველა არჩევნებში ხმაც მათ უნდა მივცეთ.

ჯერ ერთი, ვერ მიმხვდარან, რომ, თუ ხალხისა და ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთოს აკეთებენ, ეს ამ ხალხის ფულია და მათი გადასაწყვეტია, სად რა უნდა გაკეთდეს, და არა სააკაშვილის ახირებებისა, ქვეყანა შადრევნებით რომ გაავსო. 

მეორეც, «ნაციონალებს» ისიც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამ სახელმწიფო დოვლათს, ბიუჯეტი რომ ჰქვია, სხვა პოლიტიკური ძალა უფრო ყაირათიანად, ხალხისთვის სასარგებლოდ გახარჯავდა. ესენი ამას ვერც ვერასოდეს გაიგებენ, რადგან მთელი საქართველო ამტკიცებს, რიყეზე «ოლვეის ულტრად» წოდებული შუშის ხიდი უგემოვნობის დემონსტრირებააო და ასიოდე «ნაციონალი» ხმამაღლა გაჰკივის – სუპერთანამედროვე არქიტექტურული ნიმუშია, ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის ასეთი ეფექტური შერწყმა სხვაგან არ გვინახავსო.

რა აღმაშენებელიც მიხეილ სააკაშვილია და რა დიდი ნაზირ-ვეზირებიც ჰყავს, რა წარმატებული ინფრასტრუქტურული თუ ანტიკრიმინალური რეფორმები განახორციელეს და რატომ აქვს ხალხს ერთი სული, დედაწულიანად როდის მოშორდება ამ ქვეყანას «ნაცმოძრაობის» კრიმინალური კლანი, ამის თაობაზე მხოლოდ ციფრებით ვილაპარაკებ, რადგან ციფრებს მართლა ვერსად გაექცევიან. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს ერთ ზრდასრულ ადამიანზე საარსებო მინიმუმი 156,1 ლარს შეადგენს. იმავე სამსახურის მონაცემებით, ოთხსულიან ოჯახზე თვეში 270 ლარია. მე არაფერი შემშლია, აი, ასეთი აბსურდულია «ნაციონალური სტატისტიკა». დალოცვილო, თუ ერთმა ადამიანმა 156,1 ლარი უნდა იკმაროს, ოთხჯერ 156,1 ხომ 624,4 ლარია? ოთხსულიან ოჯახს თავი დავანებოთ, ეს 270 ლარი ორსულიან ოჯახსაც არ ჰყოფნის. წესიერად მაინც დაითვალე ეგ საარსებო მინიმუმი და ხალხს აბუჩად ნუ იგდებ! გარდა ამისა, საქართველოში 800 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, ანუ მათ ეს საარსებო მინიმუმი 156,1 ლარიც არ აქვთ თვეში შემოსავლად. გამოდის, სახელმწიფო ამ ხალხს თავად უბიძგებს, რომ მოიპაროს, იმათხოვროს ან რაღაც უბედურება ჩაიდინოს.

840 ათასი პენსიონერი კატასტროფულ მდგომარეობაშია – თვეში 97 ლარს იღებს, ანუ ამ 156,1 ლარზე გაცილებით ნაკლებს. მართალია, სახელმწიფო სხვადასხვა სოციალური პროექტით ეხმარება ამ ხალხს, მაგრამ ამ 156 ლარს ვერ მისწვდნენ. აი, ამის მერე გვეუბნება სააკაშვილი, წინ მივიწევთ, ქვეყანა ვითარდებაო?! ასე «განახორციელა» მიშამ და მისმა «ნაცმოძრაობამ» წინასაარჩევნო დაპირება «საქართველო სიღარიბის გარეშე.»

ყველა მაღალი ტრიბუნიდან სააკაშვილი გაჰყვირის, რომ მისი ქვეყანა ოკუპირებულია და 500 ათასი დევნილი ჰყავს. ეს საერთაშორისო ფინანსური დონორი ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი მესიჯია _ არიქა, გვიჭირს, დაგვეხმარეთო. ისინიც გვეხმარებიან, მაგრამ რა აღწევს ამ დახმარებიდან ხალხამდე? რეალურად, 280 ათასი დევნილია აღრიცხული და თითოეულის სახელმწიფო დახმარება 24 ლარია, ანუ 132 ლარით ნაკლები იმ საარსებო მინიმუმზე, რომლის იქით, ადამიანს ჭკუა აღარ მოეკითხება – ან უნდა იქურდო და იყაჩაღო, ან უნდა იმათხოვრო. ამ 24-ლარიან დევნილებს ატყუებს სააკაშვილი: ნუ გეშინიათ, მალე დაგაბრუნებთ საკუთარ სახლებშიო.

საქართველოში ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი, სულ მცირე, 200 ათასი ნარკომანია. ქვეყანას, რომლის მთლიანი მოსახლეობა, რეალური გათვლებით, 3 მილიონ 100 ათასს არ აღემატება და რომელსაც 200 ათასი ნარკომანი ჰყავს, განვითარება არ უწერია. აი, ეს არის «ნაციონალების» ჯანდაცვისა და შს სამინისტროს ნარკომანიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შედეგი. ამას «საქართველოს ნარკოგენოციდი» ჰქვია, საკუთარი ხალხის მიმართ წარმოებული გენოციდი. სამაგიეროდ, ნარკომანთა მიერ გადახდილი 500-1000-ლარიანი ჯარიმებით ივსება ბიუჯეტი და ამ ხალხს «ნაცმოძრაობა» მარტო წინასაარჩევნოდ როდი იყენებს სათავისოდ.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო იმ 22 ქვეყანას შორისაა, სადაც ვერა და ვერ დადგინდა ც ჰეპატიტით დაავადებულთა ზუსტი რაოდენობა? და იცით რატომ? ჩ ჰეპატიტზე საკონტროლო შემოწმება რომ ჩაიტარო, 120 ლარი ღირს, უამრავ ადამიანს 120 ლარი ერთად არც უნახავს და, ცხადია, ამ თანხას ვერ გადაიხდის, რომ გაიგოს, აქვს თუ არა ეს დაავადება. მერე ეს ხალხი ასნებოვნებს სხვა ადამიანებს, ხოლო თავად დაავადებულთა უმეტესობა ციროზით, კიბოთი და ღვიძლის უკმარისობით იღუპება.

კაცი ვერ მოთვლის, ჯანდაცვის რამდენი მინისტრი გამოიცვალა საქართველომ, მაგრამ ყველამ ერთად იმდენს ვერ მიაღწია, რომ ის მაინც დაედგინათ – რამდენი ჩ ჰეპატიტით დაავადებული ადამიანია საქართველოში. ანდრია ურუშაძეს «საამაყოდ» ის აქვს, რომ საქართველოში ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა 7000 შემთხვევა ვლინდება და ამ მხრივ, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, პოსტსაბჭოურ სივრცეში ვლიდერობთ. დიახ, ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში უფრო მეტი ონკო-დაავადებულია, ვიდრე ჩერნობილის კატასტროფაგადატანილ უკრაინაში, სადაც მილიონობით ადამიანმა მიიღო რადიაციული დასხივება და მრავალ რეგიონში, სადაც დასახლებებია, წყალსა და ნიადაგში ჯერაც ნორმაზე ბევრად მაღალია რადიაციული ფონი. «ნაცმოძრაობა» ონკოპაციენტებს ამშვიდებს, 2012 წლის ოქტომბრიდან III-IV ჯგუფის ინვალიდებს დაგაზღვევთ და იქ ქიმიოთერაპიის ხარჯებიც გათვალისწინებული იქნება, მანამდე გაუძელითო. როგორ გაძლოს ადამიანმა, რომელმაც ყოველ 6 თვეში თუ არ გაიკეთა ქიმიოთერაპია, აუცილებლად დაიღუპება? როგორ დაიცადოს 2012 წლის ოქტომბრამდე, ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებამდე, IV კატეგორიის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულმა? დათვალეთ ახლა, 2013 წლამდე რამდენი ადამიანი დაიღუპება, რამდენს დაუმძიმდება მდგომარეობა და ეს იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მის ნაცბანდას ახლახან გაახსენდათ, რომ ეს ხალხიც, მათი ჭირისუფალნიც ამომრჩეველნი არიან და ქიმიოთერაპიის კურსებს საოქტომბროდ, წინასაარჩევნოდ აფინანსებს.

შვეიცარიის განვითარების ფონდის კვლევების მიხედვით, საქართველომ 2012 წელს პირველი ადგილი დაიკავა კრიმინალური აბორტების გამოვლენის მხრივ: შარშან _ 25 ათასი აბორტი, წელს _ 14 ათასი აბორტი დაფიქსირდა. საქართველოს უკან მოსდევენ აზერბაიჯანი, სომხეთი და ალბანეთი. ამავე ფონდის კვლევების თანახმად, ფეხმძიმე ქალთა 60% ორსულობამდე ექიმთან ვერ მიდის. ამიტომაც იმრავლა თანდაყოლილმა პათოლოგიებმა, ამიტომაც იმატა დაბადებისთანავე სიკვდილის ფაქტებმა. ღმერთმა ჯანმრთელად უმყოფოს გიგი უგულავს შვილები, მაგრამ აქ უთუოდ გაგახსენდება მისი მეუღლის, ლელა კილაძის ვენის პრესტიჟულ კლინიკაში «მშობიარობა-ფართი», რომლის ხარჯიც, 26 ათასი ევრო, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაიხადა. დალოცვილო, დედაქალაქის მერი ხარ, შენი ქვეყნის ფეხმძიმე მოსახლეობის 60% ექიმთან კონსულტაციისთვისაც ვერ მისულა და შენი მორიგი შვილის შეძენა 26 ათასი ევრო უნდა დაუჯდეს ქვეყანას?

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის საქართველო მე-14 ადგილზეა, რომლის ყოველი მე-4 მოქალაქე სოციალური გაჭირვების გამო ტოვებს ქვეყანას. პარლამენტარ კობა ნაყოფიას გაუჭირდება ამის გაგება, რომელიც საკუთარ შვილს სახელმწიფოსგან ჩალის ფასად ნაყიდი «მადნეულიდან» ნაკეთები ფულით 1,5-მილიონიან ქორწილს უხდის თურქეთში.

რაღაცაში ხომ უნდა ვიყოთ პირველები და აი, ისევ გაეროს კვლევათა მონაცემები: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის, რომელიც არანაირ დახმარებას არ უწევს არც ახალშობილსა და არც მშობელს. სხვათა შორის, როცა სახელმწიფო მინისტრი იყო, კახა ბენდუქიძის ინიციატივით შეუწყდათ მშობლებსა და ახალშობილებს ყოველთვიური სახელმწიფო დახმარება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო უსიტყვოდ დათანხმდა. სახელმწიფომ დიდი ეკონომია გააკეთა, ათასი სისულელე დააფინანსა ახალშობილთა და მათი დედებისთვის წართმეული რძისა და პამპერსის ფულით. პირველი საცურაო აუზიც მაგ ფულით გახსნა სააკაშვილმა.

სხვათა შორის, კახა ბენდუქიძის რეფორმატორული ნაბიჯების წყალობითაა, რომ საქართველოს მოსახლეობის 23% ჩიყვით არის დაავადებული, მათ შორის 48% არასრულწლოვანია. ბენდუქიძის დავალებით გააუქმა ჯანდაცვის მინისტრმა «იოდდეფიციტური დაავადებების პროგრამა», რომლის ფარგლებშიც, იკრძალებოდა არაიოდიზირებული მარილის ქვეყანაში შემოტანა. იოდის შემცველობასთან ერთად, მარილში სხვა ნივთიერებების კონტროლიც მოიშალა. ამის მერე იყო, გივი თარგამაძემ უკრაინიდან მარილის იმპორტი რომ დაიწყო და მათ შორის, იმ რეგიონებსაც გადასწვდა, ჩერნობილს რომ ესაზღვრება. მესამე სამყაროს წყალწაღებული ქვეყნის ჩინოსნებიც კი ერიდებიან ამ რეგიონებიდან ნებისმიერი სახის პროდუქციის იმპორტს. ამ რეგიონების უკონტროლო მაფიოზებთან, მარტო განვითარებადი ქვეყნის განგსტერი-ოლიგარქები იჭერენ საქმეს, რომელთაც ერთადერთი მიზანი აქვთ – ამოწყვიტონ საკუთარი ხალხი, რომელიც მათ არ ეგუება. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, როგორც იქნა, ოფიციალურად აღიარა, რომ 24 ათას 500 პატიმარია საქართველოში და ამ მონაცემებით, აშშ-ის მერე, მეორე ადგილზე ვართ მსოფლიოში. ქართველი უფლებადამცველები კი მეტსაც ასახელებენ, 45 ათასი პატიმარიაო, – რაღაცით ხომ უნდა დავეწიოთ ამერიკას. წინ საპარლამენტო არჩევნებია, ბევრი ხალხი ჰყავს «ნაცმოძრაობას» დასაჭერი და მერწმუნეთ, რომ ამერიკას სადღაც შემოდგომამდე გავუსწრებთ კიდეც.

ევროსაბჭოს ოფიციალური მონაცემებით, ქართულ სასამართლოებში საპროცესო გარიგებების 80% თვითაღიარებით სრულდება. ევროსაბჭოს მეტი აღარაფერი უთქვამს, მან ციფრი დადო და ეჭვის საფუძველი დაიტოვა. ახლა თავად განსაჯეთ. რატომ 80%? იმიტომ, რომ, თუ არ აღიარებენ ბრალს, საპროცესო გარიგებაზე ვერ წავლენ ბრალდებულნი. ვინც საპროცესო გარიგებას ვერ მიიღებს, ვაი იმის ბრალი: ციხეს ხომ ვერ დააღწევს თავს და იმ ქონებას, რომლის ნაწილსაც ამ გარიგებით ართმევდა სახელმწიფო, ამჯერად სულ წაართმევს და მისი ოჯახის წევრებს გაამათხოვრებს; მას კი აუღიარებლადაც კარგად მიუსჯიან, სასჯელს სრულად მოახდევინებენ და ბოლო დღემდე ნამდვილ ჯოჯოხეთში ამყოფებენ. რატომ ეუცნაურა ეს 80% ევროსაბჭოს უმაღლეს კომისარს, რომელიც აქამდე თვალს ხუჭავდა ასეთ «წვრილმანებზე»?

გაეროს მონაცემებით, საქართველო კატასტროფის ზღვარზეა. წეღან მოგახსენეთ, ყოველი მე-4 მოქალაქე ტოვებს ქვეყნას. ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს-მეთქი, ვფიქრობდი. თურმე ჯერ სადა ვარ! საქართველო გაერომ იმ 20 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებშიაც დეპოპულაციაა, და იმ 14 ქვეყანას შორის მოიხსენია, რომელთა განვითარებაც არ ხდება. სააკაშვილსა და მის ხელის ბიჭებს ქვეყნის აშენება ბათუმში პიაცას აშენება და კანალიზაციის გაყვანა ჰგონიათ.

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოც კი ვეღარ მალავს შემზარავ სინამდვილეს: საქართველოს მოსახლეობის 32% სიღარიბის 2-დოლარიანი ზღვარის ქვეშ ცხოვრობს. «ნაციონალების» მტკიცებით, ქვეყნის მოსახლეობა 4 მილიონ 100 ათასი ადამიანია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ 1 მილიონ 300 ათასი ადამიანი დღეში 2 დოლარსაც ვერ ღებულობს. მოსახლობის 15%, ანუ 750 000 ადამიანი კი დღეში მხოლოდ 1,25 დოლარზე ნაკლებით ცხოვრობს. დსთ-ს სივრცეში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩვენი პრეზიდენტი ლამის ყოველდღე სოციალურ პროგრამებს გვამადლის, ახალ-ახალ სოციალურ პროექტებს აპიარებს, რეალურად კი საქმე ასეა: სახელმწიფო დახმარებით მოსახლეობის მხოლოდ 8% სარგებლობს.

«ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს შევარდნაძის გარეშე, ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს უშუქობის გარეშე, ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს უგზოობის გარეშე, ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს კორუფციის გარეშე და შემდეგი წლების განმავლობაში, ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაში, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სიღარიბის გარეშე!” – აცხადებდა მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თელავში, ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე. სააკაშვილის ეს დაპირებაც ისეთივე მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა, როგორც სხვა მრავალი _ მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა სადაცაა მიილევა, სიღარიბე კი არათუ აღმოიფხვრა, პირიქით, უფრო გაღრმავდა, კატასტროფულად მოიმატა და ჩვენი გაქსუებული პრეზიდენტი და მისი ნაცამალა თითს არ ანძრევენ გაჭირვებულთა გაუსაძლისი ყოფის შესამსუბუქებლად.

საგანგაშო მდგომარეობაა ახალგაზრდების დასაქმების კუთხით. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 20-24 წლამდე ასაკის ახალგაზრდების მხოლოდ 33 პროცენტია დასაქმებული. ეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლება აქცენტს ახალგაზრდების დასაქმებაზე აკეთებს, საშუალო ასაკის თუ ხანში შესული მოქალაქეები კი, უბრალოდ, «ჩარეცხა». 

2010 წლის 3 ოქტომბერს «ქალაქ» ანაკლიაში, ღია ცის ქვეშ, საპარლამენტო უმრავლესობასთან და თავის მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ამ მუქთახორებს ქამრების მოჭერისკენ «მოუწოდა»: «ყველამ იფრინოს ეკონომკლასით. 15 ათას ევროზე მეტი ღირებულების მანქანა სახელმწიფო აპარატმა არ უნდა შეიძინოს, არაა აუცილებელი, რომ უამრავი მანქანა იყიდონ», _ ყასიდად შეაფუცხუნა გამგელებული «ნაცისტები». ცხადია, სიტყვა სიტყვად დარჩა. ამის მერე იყო, სოფლის მეურნეობის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ზაზა გოროზიამ 127 ათას ლარად ღირებული ავტომობილი რომ შეიძინა სამინისტროს ბიუჯეტით, ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ – 77-ათასლარიანი «ლენდ კრუიზერი», წალენჯიხის გამგებელმა კი _ 100-ათასლარიანი «ჯიპი». ეს, _ რაც გახმაურდა და რაც არ ვიცით? აი, ასეთია «ქამრების მოჭერა ნაციონალურად.» სააკაშვილმა ხალხი, ჩვეულებისამებრ, «დააბოლა», მისმა ჩინოსნებმა კი საბოლოოდ აიღეს ნამუსზე ხელი. აი, რაში იხარჯება ის ფული, რომელიც ონკოპაციენტებს, ნარკომანთა რეაბილიტაციას, პენსიებს, დევნილებს, ომის ვეტერანებსა და სოციალურად დაუცველ მოქალქეებს უნდა ხმარდებოდეს. სახელმწიფო, ანუ ხალხის ბიუჯეტი «ნაციონალური მოძრაობის» ბოსებისა და მათი თავკაცისთვის ბეღელია, რომელსაც ყოველწლიურად მხოლოდ იმიტომ ავსებენ ისედაც გაღატაკებული მოსახლეობისგან ხარკის აკრეფის, ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტების გაყიდვისა და ბიზნესმენთა რეკეტის ხარჯზე, რომ მომდევნო წელს უფრო მეტი თქვლიფონ და უფრო კომფორტულად იცხოვრონ.

ამ შემზარავი ციფრების უკან კი ასიათასობით ადამიანი, მათი ძნელად წარმოსადგენი გასაჭირი დგას; ამ ციფრების უკან დგანან უწამლობით დაღუპული ადამიანები, შიმშილით დახოცილი ბავშვები, ჭკუაზე შერყეული დედები, უქონლობით თვითმკვლელებად გადაქცეული მამები, უდანაშაულოდ ციხეში გამომწყვდეული პატიმრები, მათი ოჯახის წევრები... ამ ყველაფრისთვის კი ჯერ პასუხი არავის უგია.

ეს კატასტროფული სტატისტიკური მონაცემები «საქართველო და მსოფლიომ» «მწვანეთა პარტიის» თავმჯდომარეს, გია გაჩეჩილაძეს გააცნო, რომელიც კიდევ უფრო შემაძრწუნებელი სტატისტიკის შესახებ გვესაუბრა. 

ბატონო გია, ამ სტატისტიკის თანახმად, გადაშენების გზაზე კი არ ვდგავართ, უკვე სადღაც შუა გზაზე ვიმყოფებით. მეთანხმებით?

– სამწუხაროდ, მართლა უმძიმესი და კატასტროფული ვითარებაა ყველა სფეროში. მე მაქვს მთელი რიგი მონაცემები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საშინელ მდგომარეობას. ამას წინათ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკა იმ ოჯახებისა, რომელთაც თავად მიმართეს სამინისტროს, რომ უმწეოთა პროგრამაში ჩაესვათ და 20-ლარიანი დახმარება მიეღოთ. იცით, რამდენმა ოჯახმა მიმართა სამინისტროს? 511 ათასმა ოჯახმა გაიარა რეგისტრაცია, ანუ ჩვენი პარტიის დაანგარიშებით, ოჯახების 54% აღიარებს, რომ უმწეოა და მათთვის თვეში 20-ლარიანი დახმარება შეღავათია.

თქვენი პარტიის მონაცემებით, ეს 511 ათასი ოჯახი რამდენ სულს შეადგენს?

– ეს არის 1 მილიონ 639 ათასი ადამიანი. ჩვენი დაანგარიშებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 155 ათასი კაცია. ეს არის რეალურ ციფრთან ყველაზე მიახლოებული მონაცემი, რადგან ჩვენ დავეყრდენით 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს. ამ აღწერით, საქართველოში იყო 4 მილიონ 345 ათასი ადამიანი. ამ ციფრს გამოვაკლოთ ეს 3 მილიონ 639 ათასი კაცი და გამოდის, რომ 2002 წლის, ანუ, ფაქტობრივად, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ საქართველოდან წავიდა 1 მილიონ 180 ათასი ადამიანი. აი, რა დღეში ჩააგდეს ხალხი და ქვეყანა თავიანთი ანტიხალხური და უგუნური პოლიტიკით.

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, თუ რამდენად იკლო მოსახლეობამ რეგიონებსა და რაიონებში და საფუძვლად კვლავ 2002 წლის აღწერის შედეგები ავიღეთ. აი, ბატონო, ინებეთ რეგიონების მონაცემები: რაჭა-ლეჩხუმი – 50%, გურია – 46%, იმერეთი – 38%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 42%, კახეთი – 38%, სამცხე-ჯავახეთი – 33%, ქვემო ქართლი – 29%, შიდა ქართლი – 26% და აჭარა – 17%. აი, სადამდე მიგვიყვანა ამ ხელისუფლებამ. სხვათაშორის, ჩვენი კვლევის შედეგები დაადასტურა არასამთავრობო ორგანიზაციამ «საქართველოს არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაცია». მათ არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარეს და მათი მონაცემები ლამის ერთი-ერთზე დაემთხვა ჩვენს შედეგებს.

ახლა ერთ სახელისუფლო აფერაზე გეტყვით. შარშან მთავრობამ დაარიგა ელექტრო ენერგიისა და სურსათის ვაუჩერები. მაშინ ოფიციალურად თქვეს, რომ საქართველოში 845 ათას ოჯახს მიეცა ეს ვაუჩერები. ახლა ხომ ისევ არიგებენ ამ 20-ლარიან ენერგოვაუჩერს. პრემიერ-მინისტრმა გილაურმა განაცხადა, ამ ვაუჩერებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი მიიღებსო. ამათი არითმეტიკით გამოდის, რომ ქვეყანაში ამ ერთ წელიწადში 250 ათასი ოჯახით გაზრდილა მოსახლეობა. რეალურად, აქედანვე ჩანს, რომ არჩევნების გაყალბებას აპირებენ. ეს 250 ათასი ოჯახი საშემოდგომო არჩევნებზე მათი სარეზერვო ფონდია – დაახლოებით 800 ათასი კაცი. ეს 250 ათასი ოჯახი რეალურად არ არსებობს, მაგრამ ბიუჯეტი ამ არარსებულ ოჯახებზეც გამოყოფს თანხას – თითოზე 20 ლარს. გამოდის, 5 მილიონ ლარს გილაური და რამდენიმე კაცი ჩაიჯიბავს ბიუჯეტიდან «მკვდარი ოჯახების» ხარჯზე.

მეეჭვება, გილაური მიუშვან მაგ ფულთან, მას სიყალბეს გააკეთებინებენ და პრეზიდენტი ამ 5 მილიონს ევროპაში 3-4 უსაგნო და უშედეგო ვიზიტისას დახარჯავს თავის ნაცამფსონებთან ერთად.

– რა მნიშვნელობა აქვს ხალხისთვის, ვინ სად დახარჯავს ამ ფულს? ფაქტია, ხალხის ფულს ვიღაც მიითვისებს უნამუსოდ. ახლა ისევ გაუარესებულ სტატისტიკას დავუბრუნდეთ. 2003 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობამ 25%-ით იკლო. ოფიციალური მონაცემებით, მილიონ 600 ათასი კაცია უცხოეთში წასული, რამდენია არალეგალურად, ეს კიდევ კაცმა არ იცის. ამ ხელისუფლების პერიოდში, ანუ 2003 წლის შემდეგ, 860 ათასმა კაცმა დატოვა ქვეყანა, ესენი კი გაიძახიან, რევოლუციის მერე ხალხი უცხოეთიდან ბრუნდებაო.

გაეროს მონაცემებით, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1991 წლიდან დღემდე უცხოეთის ქვეყნებში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 86 ათასმა მოქალაქემ, აქედან «ვარდების რევოლუციის» შემდეგ თავშესაფარი მოითხოვა 44 ათასმა ადამიანმა, ანუ ნახევარზე მეტმა. აი, ამათი დემოკრატია და ადამიანთა დაცული უფლებები. სტატისტიკა უტყუარად მეტყველებს, თუ რა საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ღმერთმა ნუ ქნას და, თუ «ნაციონალური მოძრაობა» დარჩა ხელისუფლებაში საშემოდგომო არჩევნების შემდეგ, რაც სააკაშვილის მმართველობის გაგრძელების საწინდარიცაა, ეს ქვეყანა დაღუპულია. ქვეყანას ის ხალხიც დატოვებს, ვინც დღემდე, პატრიოტული თუ სხვა მოტივით, ჯერ არ წასულა უცხოეთში და საქართველოს «ნაციონალები» დააქცევენ და გააპარტახებენ. ეს წელი გადამწყვეტი წელია ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. მინდა, ხალხს ვუთხრა: ნუ გაიყიდებიან 5-10 ლარად, ნუ მისცემენ ხმას ამ თანხის საფასურად «ნაციონალებს», პარტიების მეტი რა არის, ნებისმიერს დაუჭირონ მხარი, ოღონდ ამათ არა!