„სააკაშვილმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი „გუდიან ქალად“ მოიხსენია“

„სააკაშვილმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი „გუდიან ქალად“ მოიხსენია“

საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ ანგარიშთან და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Presage.tv პარლამენტის წევრს და „ქართული დასის“ ლიდერს ჯონდი ბაღათურიას და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, გუშინ პარლამენტში პრეზიდენტის ქმედება იყო ჩვეულებრივი კრიმინალის საქციელი, რომელიც მთელი მსოფლიოს დასანახად დაემუქრა პარლამენტის წევრს.

„მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის გუშინდელი საქციელის შესახებ უკვე ინფორმირებულია მსოფლიოს ყველა ქვეყნის ხელმძღვანელი. დღეს უკვე ყველა ქვეყნის პრეზიდენტმა იცის, რომ სააკაშვილი გუშინ პარლამენტის დარბაზში ამხილეს კორუფციაში, ყველამ იცის, რომ იგი მწყობრიდან გამოვიდა და გაიქცა დარბაზიდან. ასევე ყველამ იცის, რომ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის დარბაზშივე პარლამენტის წევრს ემუქრებოდა. ასე დიქტატორებიც არ იქცევიან, ეს იყო ჩველუბრივი კრიმინალის საქციელი. ამას ესწრებოდნენ შეერთებული შტატების ელჩი და სხვა ქვეყნების ელჩები“.

ბაღათურიას თქმით, პარლამენტის დარბაზიდან გასულ სააკაშვილს, უკან დაბრუნება არ სურდა, რამაც იქ სერიოზულ სკანდალი გამოიწვია და იგი ფაქტობრივად, ძალით დააბრუნეს სხდომათა დარბაზში. პრეზიდენტის გუშინდელი საქციელის გამო ბაღათურია ამბობს, რომ მისთვის სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი „დამთავრდა“.

Presage.tv - ს კითხვაზე პარლამენტის წევრის მიერ ქვეყნის პრეზიდენტისადმი წაყენებულ ასეთი ტიპის ბრალდებებზე დემოკრატიულ ქვეყანაში გახდებოდა თუ არა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირების მიზეზი, ჯონდი ბაღათურია პასუხოსბ, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ან თუნდაც პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია ბაღათურიას მიერ გახმოვანებული ფაქტების გამოსაძიებლად.

„რა თქმა უნდა, ბრალდებების ნაწილზე მე იქვე წარმოვადგინე მტკიცებულებები, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ჩვენ მოვითხოვთ, რომ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც პრეზიდენტის, მისი ოჯახის და გარემოცვის კორუფციულ საქმიანობას შეისწავლის. ის ფაქტები, რაც მე გუშინ წარმოვადგინე, საკმარისი საფუძველია იმის, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.“

Presage.tv დაინტერესდა რა რეაგირებას მოახდენს ჯონდი ბაღათურია იმ გამონათქვამებზე, რომელიც ოპოზიციის და კონკრეტულად, მის მიმართ გამოიყენა სააკაშვილმა და ხომ არ აპირებს დეპუტატი სასამართლოსთვის მიმართვას.

„წარსულში დაბრუნებასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ წარსულის გადმონაშთი იგი თვითონ არის. ის თვითონ იყო შევარდნაძის უმრავლესობის ლიდერი, გაიძახოდა, რომ შევარდნაძე უალტერნატივო პრეზიდენტი იყო და ამის დამადასტურებელი ჩანაწერები არსებობს. შემდეგ კი სააკაშვილი იყო შევარდნაძის იუსტიციის მინისტრი და გუშინ იყო მხილებული იმაში, რომ ხელისუფლებაში მოვიდა შავი „ვილისით“, დღეს კი რამდენი სასახლე აქვს ამის ჩამოსათვლელად ხელზე თითები არ გეყოფა. მისი გუშინდელი საქციელების გამო, ვგულისხმობ კორუფციაში მისი მხილების შემდეგ ჯერ მუქარას, შემდეგ კი დარბაზიდან გაქცევას, ჩემთვის სააკაშვილი არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც პოლიტიკოსიც დამთავრდა. ის არის არასერიოზული კაცი და ამიტომ მისი სერიოზულად აღქმა და მის საქციელებზე სერიოზულად რეაგირება უკვე ჩვენი მხრიდან იქნებოდა არასერიოზული. ამიტომ მის სისულელეებზე რეაგირებას არ ვაპირებ“.

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, პრეზიდენტის გუშინდელი ქმედება იყო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პროვოკაციის მცდელობა. მან ჯონდი ბაღათურიას მიაყენა შეურაცხყოფა, როდესაც უთხრა, რომ მისი ადგილი არის ტალახში. გარდა ამისა, ლორთქიფანიძის თქმით, პრეზიდენტმა მთლიანად ოპოზიციას და საზოგადოებას მიაყენა ძალიან სერიოზული შეურაცხყოფა, რადგან ნებისმიერი დეპუტატი არის საზოგადოების წარმომადგენელი, იგი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლება–მოსილებას და რა თქმა უნდა, დეპუტატისადმი ასეთი შეურაცხყოფა გულისხმობს საზოგადოების შეურაცხყოფას.

„მეტიც, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველასთვის გამოინახება ყვითელი ავტობუსები, რათა ყველა წაგვიყვანოს ტალახის აბაზანების მისაღებად, როგორც მან ცინიკურად განაცხადა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი მისი პათოლოგიური ცნობიერების გამოძახილია და დაკავშირებულია 26 მაისის მოვლენებთან. როგორც ჩანს, მას ძალიან კარგად ჩარჩა მეხსიერებაში ტალახში აზელილი ადამიანები, რომლებიც გორებად ეყარნენ ერთმანეთზე და რომლებსაც უმოწყალოდ სცემდნენ. ორი მათგანი გარდაიცვალა კიდეც ცემის შედეგად. მოგვიანებით კი დაფიქსირდა, რომ თითქოს ამ ადამიანებს დენმა დაარტყა, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილის საერთაშორისო იმიჯზე ამ ფაქტმა ძალიან სერიოზული გავლენა იქონია. ამ შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა მან კვლავ გაიხსენა ყვითელი ავტობუსები, მანდატურები და ფიზიკური ძალის გამოყენება. ასე რომ, მე ვფიქრობ, როგორც პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი გუშინ დასრულდა საზოგადოების თვალში.“

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, როგორც პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანას მიაყენა სერიოზული დარტყმა საერთაშორისო საზოგადოების თვალში, მით უმეტეს, რომ სხდომას ესწრებოდნენ დიპკორპუსის წარმომადგენლები. ასევე ლორთქიფანიძეს მიაჩნია, რომ სააკაშვილმა სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, როდესაც იგი „გუდიან ქალად“ მოიხსენია. 

„დიპლომატიური ეტიკეტის თვალსაზრისით, ეს არის პრაქტიკულად ნონსენსი, რომ პრეზიდენტი შეერთებული შტატების მდივანს იხსენიებდეს ასეთი ეპითეტით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ბასი ბოლო წუთამდე დაესწრო ამ დებატებს და ვიმედოვნებ, რომ მას მიეცემა შესაძლებლობა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება შემდგარი დებატების მიმართ“. - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ Presage.tv–სთან საუბრისას.

დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქცეოდა ძალიან არაადეკვატურად და ამაში სერიოზული წვლილი შეიტანა ოპოზიციურმა ფრაქციამ „ერთობა სამართლიანობისთვის“ და კონკრეტულად მისმა ორმა წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ, რომლებმაც პოლიტიკური დეპატების ფორმატში აირჩიეს დამნაშავე ხელისუფლებისა და კონკრეტული თანამდებობის პირების მხილების პოლიტიკა. ლორთქიფანიძე ფიქრობს, რომ ეს აღმოჩნდა ბოლო წვეთი მიხეილ სააკაშვილის მოთმინების ფიალაში.

„მას უბრალოდ დაავიწყდა, რომ იგი არის საქართველოს პრეზიდენტი და მას განსაკუთრებული მოთმინება მართებს, მით უმეტეს, რომ იქ მოსათმენი არაფერი იყო. სააკაშვილს თავისუფლად შეეძლო მიეღო ეს ინფორმაცია, გადაემუშავებინა და დებატების დასრულების მომენტისთვის გამოეხატა თავისი პოზიცია. ამის ნაცვლად, იგი გაიქცა დარბაზიდან, რისი პრეცენდენტიც არ მგონია რომელიმე სახელმწიფოში არსებობდეს. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა, რადგან, როგორც ჩანს, უთხრეს, რომ მხოლოდ მას მიადგებოდა ამ საქციელით ზიანი. საქმე ისაა, რომ როდესაც მან დატოვა დარბაზი, სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ისმოდა უმისამართო გინება, მუქარა და მინდა ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ გამოვხატო დიდი მადლიერება, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ მოვახდინეთ ერთობის დემონსტრირება“.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისადმი მიმართვას, - თითქოს ოპოზიცია აქედანვე დაწრმუნებულია, რომ არჩევნებს წააგებს და სწორედ ამიტომ არის ასეთი გაღიზიანებული, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს:

„ეს იყო პროვოკაციული ხასიათის განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილი მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი არსად წასვლას არ აპირებს. იგი მზად არის, რომ საერთაშორისო სამართლებრივ დონეებზე, მაგალითად, რუსეთთან წავიდეს დათმობებზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას გააჩნია უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც რუსეთი დასახელებულია მთავარ საფრთხედ, როგორც ოკუპანტი ქვეყანა და ამ საფრთხეების გაუთვალისწინებლად, ყოველგვარი წინასწარი პროცედურების დაცვის გარეშე, პრეზიდენტი დებატებზე აცხადებს, რომ ცალმხრივად მოიხსნება სავიზო რეჟიმი, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ იგი ყველაფერზე წამსვლელი იმისთვის, რომ შიდა საკითხებში ჩაურევლობის გარანტია მიიღოს და კვლავ გაყალბების გზით შეინარჩუნოს მიტაცებული ძალაუფლება.

დღეს საზოგადოებაში არ დარჩა საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც არ ეთანხმებოდეს მოსაზრებას, რომ მიხეილ საკააშვილი ებღაუჭება იმ ძალაუფლების ნარჩენებს, რასაც ფლობს. ნარჩენებში არ ვგულისხმობ იმას, რომ მას ძალაუფლება არ გააჩნია, მე ვგულისხმობ იმას, რომ საზოგადოებაში მას მხარდაჭერა საერთოდ აღარ გააჩნია და გუშინდელი დებატები ამისი ნათელი გამოხატულებაა. ასევე ამის გამოხატულებაა საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მედიის საშუალებით ფიქსირდება. მე ეხლა მოვდივარ ორი რადიოეთერიდან, სადაც არ წყდებოდა ზარები (მათ შორის საზღვარგარეთიდანაც) და ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მიხეილ სააკშვილმა შეირცხვინა თავი“.