პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადება

საზოგადოებისთვის ცნობილია ხაშურის პოლიციის რაიონულ სამმართველოში  ბრალდებულ სოლომონ ქიმერიძის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიაშია ნათქვამი, ბრალდებული სოლომონ ქიმერიძე დაკითხვის დროს ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე ჩამოსვლისას, კიბის მოაჯირიდან (?!) გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

არადა, მასმედიაში გავრცელებული ფოტოებიდან დაღუპულს აშკარად ეტყობა სასტიკი ცემის კვალი, ეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვერსიას სერიოზულ ეჭვქვეშ აყენებს.

ხელისუფლება, უკვე მრავალი წელია, იმით ტრაბახობს, რომ წარსულს ჩაბარდა  დრო, როდესაც პატიმრები პოლიციის შენობიდან ცვიოდნენ და ამას თავის უმთავრეს დამსახურებად მიიწერს. ასე იყო გუშინაც, 28 თებერვალს, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას კიდევ ერთხელ სიამაყით განაცხადა, რომ ახლა პატიმრები აღარ ვარდებიან შსს-ს ფანჯრებიდან. სწორედ ამ დროს, სოციალურ ქსელებში  დაღუპული სოლომონ ქიმერიძის შემზარავი კადრები ვრცელდებოდა, შსს-ს პრესსამსახური კი ოფიციალურად აცხადებდა, რომ ბრალდებული პოლიციის შენობის კიბიდან გადმოვარდა.

ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც  რაღაც პრეტენზია გააჩნია დემოკრატიულობაზე, ასეთ საეჭვო ვითარებაში პატიმრის დაღუპვას მყისიერად მოჰყვებოდა შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. კოალიცია „ქართული ოცნება“ კატეგორიულად ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ჩატარდეს დამოუკიდებელი ექსპერტიზა, ბოლომდე იქნეს გამოძიებული ეს საქმე და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. გამოძიების დასრულებამდე კი, ხაშურის პოლიციის რაიონის სამმართველოს უფროსი გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან.