იანვრის თვიდან დაწყებულ პრაიმერიზების სერია ქვეყნის მასშტაბით ექვსმა რესპუბლიკელმა კანდიდატმა დაიწყო, ამჟამად კი დაძაბულ და დამღლელ მარათონს ოთხი მათგანი აგრძელებს: ზომიერი პოლიტიკური იმიჯის მქონე მიტ რომნი, კონსერვატორ-პოპულისტი ნიუტ გინგრიჩი, ლიბერტანიალური მიდრეკილებებით გამორჩეული კონგრესმენი რონ პოლი და კონსერვატორული შეხედულებების მქონე, ყოფილი სენატორი პენსილვანიდან, რიკ სანტორუმი. რესპუბლიკელების ერთიანი კანდიდატი პრაიმერიზების ფინიშზე, სექტემბრის თვეში პარტიის ყრილობაზე გამოვლინდება.
მიჩიგანსა და არიზონაში ჩატარებულ პრაიმერიზებში, როგორც მრავალი ექსპერტი ვარაუდობდა, მიტ რომნიმ გაიმარჯვა. ამ გამარჯვებებით მან წინა, მისურის, მინესოტასა და კოლორადოს პრაიმერიზების წარუმატებლობით შერყეული ლიდერის სტატუსი ისევ გაიძლიერა. არიზონაში რომნიმ 48%, ხოლო მისმა უშუალო მდევარმა სანტორუმმა 25% მიიღო. ეს შედეგები გარკვეულწილად შტატის გუბერნატორის ჯენ ბრიუერის რომნისადმი ღია მხარდაჭერამაც განაპირობა. მიჩიგანში კი ლიდერთა მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის შორის შედარებით მცირე განსხვავებაა - რომნის 41%-ს სანტორუმის 38% დაუპირისპირდა. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ მიჩიგანი რომნის მშობლიური შტატია. აქ დემოკრატები შეეცადნენ მოწინააღმდეგის ბანაკში არეულობის შეტანას და სანტორუმის მხარდასაჭერად მოუწოდებდნენ.
ვინ იქნება ნოემბერში ბარაკ ობამას კონკურენტი, ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა ჩვენ უკვე გამოვთქვით ჩვენი მოკრძალებული ვარაუდი რომ ეს მიტ რომნი იქნება. სიცხადეს ამ საკითხში კიდევ უფრო მეტად ეგრეთწოდებული „სუპერ-სამშაბათი“, 6 მარტი შეიტანს. ამ დღეს ერთბაშად 10 შტატში გაიმართება პრაიმერიზი.