გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ “The Daily Telegraph” გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ცნობილი გიტარისტი გარი მურის სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ალკოჰოლით მოწამვლა ყოფილა.
გარი მური გასული წლის 6 თებერვალს, ესპანეთის ქალაქ კოსტა-დელ-სოლის სასტუმროში გარდაიცვალა. ის 58 წლის გახლდათ. მისი სიკვდილის მიზეზად მაშინ გულის შეტევა დასახელდა. მოგვიანებით ექიმებმა მურის ორგანიზმში ერთ დეცილიტრ სისხლში 380 მილიგრამი ალკოჰოლი აღმოაჩინეს.
ზემოთ დასახელებული ალკოჰოლის რაოდენობა ხშირად ადამიანის სიკვდილს იწვევს. მაგალითად ბრიტანელ მომღერალ ემი ვაინჰაუსს გარდაცვალების შემდეგ ექიმებმა ერთ დეცილიტერ სისხლში 416 მილიგრამი ალკოჰოლი აღმოუჩინეს.
გარი მურმა გიტარაზე დაკვრა რვა წლის ასაკში ისწავლა. სადებიუტო სოლო ალბომი “Grinding Stone” 1973 წელს გამოუშვა. წინა საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევარში მუსიკოსი ირლანდიურ ჯგუფთან “Thin Lizzy” თანამშრომლობდა.
გარი მურის უკანასკნელმა სტუდიურმა ჩანაწერმა “Bad for You Baby” დღის სინათლე 2008 წლის სექტემბერში იხილა.