ვარდებით პარლამენტში

ვარდებით პარლამენტში

სიმბოლოების მოყვარული ჩვენი პრეზიდენტი, 2003 წლის ნოემბრის მსგავსად,  საქართველოს პარლამენტში უკანასკნელი გამოსვლის დროსაც ვარდებით დამშვენებული მივიდა და თაიგული უმრავლესობის წევრს, ჩიორა თაქთაქიშვილს მიართვა, რომელიც გუშინ 31 წლის გახდა. თავად პრეზიდენტს უმრავლესობის წევრები ტაშის გრიალითა და აპლოდისმენტებით დახვდნენ და ჩვეულ სტილში     არაერთგზის შეაწყვეტინეს დიალოგი. აპლოდისმენტების გარდა, პარლამენტში მისულ პრეზიდენტს დახვდნენ ქვაბებითაც. „დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ“, „უმუშევართა კავშირმა“, „თავისუფალი ასოციაციის კავშირმა“ და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა ცარიელ ქვაბებზე კოვზების დარტყმით გააპროტესტეს და ავღანეთიდან ჯარების გაყვანა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა და დასაქმება მოითხოვეს.

პრეზიდენტი ვარდებიანი რევოლუციის მარადიულობის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ დაწყებული რევოლუცია კვლავაც გრძელდება. თუმცა იმ დროს რევოლუციის მიზანი იყო კლანური დიქტატურის შეცვლა დემოკრატიით და თანასწორობით, კანონის უზენაესობით, რასაც უფსრკულში გადაჩეხილი არშემდგარი ქვეყნის სწორ გზაზე დაბრუნება უნდა მოჰყოლოდა...

წინამორბედების მსგავსად, პრეზიდენტის ამჟამინდელ გამოსვლაშიც ბევრი იყო დაპირებები. სააკაშვილმა იცის, რომ ძალიან ბევრი საქმე დაუმთავრებელია, რომ ციფრები არაფრის მთქმელია, როცა ხალხი დაუსაქმებელია, რომ ცხელ წერტილებში მებრძოლი ბიჭების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, რომ მრავალშვილიანი ოჯახები მესამე და შემდგომ ბავშვზე ერთჯერადი დახმარების სახით 1000 და 2000 ლარს მიიღებენ, რომ ახალი პროფესიის ასათვისებლად ადამიანები სახელმწიფოსგან 1000 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. პრეზიდენტმა ისიც იცის, რომ საქართველოში ჩატარდება ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ოდესმე ჩატარებულა. იგი მზადაა, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით გამოვიდეს და ყველა რუს ბიზნესმენს საქართველოში ფულის ჩადება შესთავაზოს. ეს ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ პრეზიდენტისთვის საკრალური თარიღია 2015 წელი. ქვეყნის განვითარების 2015 წლის ხედვა ძალაშია, მაგრამ ამასობაში, პრეზიდენტს რომ დავესესხოთ, საქართველოს მოსახლეობა (უკვე მერამდენე) იმედით უნდა იყოს.

„ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე ვითარდება. შორს არაა ის დრო, როცა ამას საკუთარ ცხოვრებაზე იგრძნობთ,“ - ასეთია პრეზიდენტის დაპირება.

სააკაშვილი გაგებულია და ესმის, რომ ადამიანისთვის, რომელსაც ოჯახი ჰყავს სარჩენი, სკოლაში ან უმაღლესში შვილი ჰყავს გასაშვები და ამ დროს სამსახური არ აქვს, ჩალის ფასი აქვს პარლამენტის ტრიბუნიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროცენტებთან დაკავშირებით ხმამაღლა გაკეთებულ განცხადებას, მაგრამ მისი ოპტიმიზმი ეფუძნება იმას, რომ საქართველოს განვითარების გეგმის შესრულებამდე ჯერ კიდევ სამი წელი რჩება. პრეზიდენტმა მისთვის საამაყო ახალი კლინიკების გახსნის თემა კიდევ ერთელ გაიხსენა და არც ის ადამიანები დაივიწყა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ამ კლინიკებში ძალით მოჰყავთ „პაციენტები“. სინამდვილეში, სააკაშვილის თქმით, ეს პაციენტები აქ ზეიმით მოდიან. მანვე სადაზღვევო კომპანიებიც გააკრიტიკა და საქართველოს კავკასიიდან ევროპაში გაჭრილი ლოკომოტივიც უწოდა. თუმცა იქვე გაიხსენა ჩვენი ერთ-ერთი ისტორიული მტრის ნათქვამი, რომ ქართველები ძალიან კარგი ხალხია, რადგან ერთმანეთთან საერთო ენას ვერ მონახავენო.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ხშირად ახსენა 2015 წელი, ისიც არ დაივიწყა, რომ იგი აუცილებლად იქნება ახლადაშენებულ ლაზიკაში, რომ მის გუნდს კვლავაც რამდენიმე წლით აქვს მმართველობის რესურსი და ამაზე უარის თქმას სულაც არ აპირებს. მეტიც, ეს „სექსუალურად მოუმწიფებელი ხელისუფლების“ (აქ პრეზიდენტი ივანიშვილის გუნდს და არჩილ კბილაშვილს გადასწვდა) ახირება კი არ არის მესტიის, სიღნაღის, ბათუმის და სხვა ქალაქების აშენება, არამედ ამიერიდან ტურისტები ივლიან ლაზიკაშიც... „ამ ტურისტებს ჩემი სახლის უკანა საკუჭნაოში კი არ ვმალავ,“ - გაცხარდა პრეზიდენტი და აქვე პირობა დადო, რომ 2015 წლისთვის კიდევ მინიმუმ 2 მილიონით გაზრდის საქართველოში ტურისტების რაოდენობას.

როგორც ჩანს, პრეზიდენტს რუსი ტურისტებიც მონატრებია და მათი მისამართით სააკაშვილის გზავნილმაც არ დააყოვნა: უნდა იცოდნენ რუსმა ტურისტებმა რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიეფიცხონ მზეს ჩვენს პლაჟებზე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი სტუმართმოყვარეობით და მათ აქ არავინ დაუშლით ასე მონატრებული „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის დალევას.

„მე ამას მოვესწრები, მე ვიქნები ამ პროცესის მონაწილე,“ - აიმედებს საკუთარ ოპონენტებს სააკაშვილი და მოუწოდებს, „ნუ იქნებიან ბიძებისა და დეიდების იმედზე“, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსურად დაეხმარებიან.

ამასობაში უმცირესობის წარმომადგენლების გამოსვლაც დაიწყო. გიორგი თარგამაძე პრეზიდენტის მხრიდან „ლაზიკათმშენებლობის მეგაპოლისური საზრუნავით“ დაიტერესდა, ასევე, აქტუალურად მიიჩნია ქვეყნის პირველი პირის წასვლის თემატიკა და პოსტის ღირსეულად დატოვების საკითხს შეეხო: „თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი მოჯადოებული წრის გარღვევის, დღესვე შეგიძლიათ ამ პროცესს წერტილი დაუსვათ. დასავლეთშიც და საქართველოშიც აინტერესებთ, რას აპირებს სააკაშვილი. მომავალი არჩევნების თემა „გადადექი, გადადექი“ იქნება, თუ „მიშა მოვდივართ?“ მეორე ქდმ-ელმა გიორგი ახვლედიანმა კი მუბარაქ-კადაფის გზები გაიხსენა და ნაცმოძრაობას პოლიტიკურ პენსიაზე გასვლის დიაგნოზი დაუსვა. მოგვიანებით ნაცმოძრაობის მჩქეფარე წევრმა აკო მინაშვილმა გიორგი თარგამაძე ლამის მაფიოზს შეადარა და აღნიშნა, რომ იგი მაფიოზებს, კრიმინალებს წარმოადგენს. აქ აკო მინაშვილმა იგულისხმა 53-ე სკოლის დირექტორის ტარასი (ტატო) შავშიშვილისაგან შერისხული და განათლების ხელმიუწვდომლობით დასჯილი სკოლის მოწაფე, პატრიარქის სტიქაროსანი მე-11 კლასელი მიხეილ ალექსიძე იგულისხმა, რომლის დაცვაც არ აპატიეს გიორგი თარგამაძეს.       

„თქვენ მხოლოდ ნაცმოძრაობის პრეზიდენტი ხართ და ასე დარჩებით ვადის ამოწურვამდე... თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, მიბაძოთ ჯორჯ ვაშინგტონს და ნუ დაემსგავსებით ვლადიმერ პუტინს“, - აღნიშნა „ერთობა სამართლიანობის“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა და პარლამენტის ტრიბუნაზე ფოტოებით „შეიარაღებული“ ავიდა. მანვე სააკაშვილს ის დრო შეახსენა, როცა იგი შევარდნაძისდროინდელი მთავრობის წევრებს სწორედ ფოტოებით ამხელდა. ახლა კი ცაგარეიშვილმა სხვადასხვა ფოტოები აუფრიალა სააკაშვილს. კერძოდ, პრეზიდენტის მეგობრის დავით კეზერაშვილის სახლი და მის მიერ ბენზინის მონოპოლიაც ახსენა, „რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ხუთი სხვადასხვა კომპანია, ერთ დღეს, ერთ დროს, ერთი და იგივე მოცულობით უმატებს ფასს საცალო ბაზარზე, როგორც ეს 13 და 26 თებერვალს მოხდა. ასევე, პურსა და სხვა მოხმარების პროდუქტებზე მონოპოლიზაციასაც შეეხო და თბილისელებისთვის დასუფთავების ახალი გადასახადის შემოღება გააპროტესტა, რამაც ჩვენს მოქალაქეებს უმძიმესი ზამთრის პირობებში მილიონობით ლარი ამოაცალა ჯიბიდან. ცაგარეიშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის სახლის ფოტოც წარადგინა, რომელიც მისი თქმით, გამამტყუნებელი განაჩენების 99,8 %-ით იწონებს თავს. მანვე გაიხსენა სხვა მინისტრებიც, მათ შორის, კობა სუბელიანი, რომლის მთავარი მიზანი დევნილთა სახლებზე წითელი ლენტის გაჭრაა და არა მათი ცხოვრების პირობები, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, რომლის უწყებაშიც სასტიკი წამებით მოკლეს შეიარაღებული ძალების ვეტერანი სერგო თეთრაძე, სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, რომელმაც არნახულ მასშტაბამდე აიყვანა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ციხეებში.

„თქვენს მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის მერე, 650-მდე პატიმარია გარდაცვლილი, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ეს თქვენი მითითება ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ბრწყინვალედ შეასრულა... განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მისი ოპტიმიზაციის პირობებში სკოლები დახურა და ათასობით პედაგოგი უმუშევრად დატოვა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.  

მისი თქმით, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან, ამის უკანასკნელი მაგალითი გუშინ მოხდა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, როცა ხაშურის რაიონის პოლიციამ სასტიკად აწამა და მოკლა ამ სოფლის მაცხოვრებელი სოსო ქიმერიძე, რომელსაც მთელი სხეული სისხლჩაქცევებით ჰქონდა დაფარული. „გამოაცხადეს, ფანჯრიდან გადახტაო. რა, დაბრუნდა თარგამაძის პერიოდი?“ - კითხულობს გია ცაგარეიშვილი.

აქედან გამომდინარე, ოპოზიციონერ დეპუტატს არ უკვირს, რომ სააკაშვილის  ქვეყანაში უბედური ადამიანები ცხოვრობენ. „როგორც ოთარ ჭილაძემ თქვა, ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია. რეალურ საქართველოში მოკლეს გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გამცემლიძე... მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სოფლად დასახლებულთა 64 %  ღატაკია, არადა, ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2004 წელს შემოგთავაზათ 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციები, რაზეც თქვენ უარი განაცხადეთ“, - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტი და მისი ოჯახი ელიტურ კორუფციასა და მონოპოლიების შექმნაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, 2004 წლის 3 თებერვალს პრეზიდენტის მიერ შევსებული დეკლარაციით, მისი ქონება საკმაოდ მოკრძალებული იყო - 95 000 ლარად შეფასებული ბინა მეუღლის სახელზე, 9 500 ევრო ბანკ „სოსიეტე ჟენერალში“ და 3 500 ევრო „თიბისი ბანკში“, მეუღლის სახელზე რუსული შავი ვილისი. დღეს კი, ბაღათურიას თქმით, სააკაშვილი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია.
„თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობისა და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყელა წიაღისეულ სიმდიდრეს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ მედია მაგნატ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი. ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის მისი საკუთრებაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 15 827 კვმ ფართი (წილში სიმბოლურად 200 ლარი აქვს გადახდილი). ასვე, ფლობს შპს „საუნივერსიტეტო ავეჯს“. მას ეკუთვნის „გეპეის“ მე–3 კორპუსის მე–2 სართულზე განლაგებული უზარმაზარი კაფე „ხადილი“. ასევე, 14 % „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“, მას ეკუთვნის „შავი ზღვის უნივერსიტეტი“, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი 101 221 კვმ არასასოფლო სამეურნეო მიწა“, – განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ პრეზიდენტის ოჯახის საკუთრებაში კიდევ ბევრი ქონებაა, რომელთაც დროის სიმცირის გამო ვერ ჩამოთვლის.

აქვე ბაღათურიამ ძალაუფლების ორჯერ მიტაცებაში დაადანაშულა პრეზიდენტი: „პირველი, როცა ჯერ ამ დარბაზში შემოიჭერით და მერე, როცა არჩევნები გააყალბეთ“. მანვე სააკაშვილი ტომით ქართველ და აღზრდით სპარს როსტომ ხანს შეადარა, რომელიც დაუნდობლად ებრძოდა საქართველოს ეკლესიას. ამასთან, ბაღათურიამ აზიზიეს მეჩეთის, როგორც ოსმალთა ბატონობის სიმბოლოს, აშენება გააპროტესტა.

ჯონდი ბაღათურიას გამოსვლისას პრეზიდენტმა აღშფოთება ვერ დაფარა და აღნიშნა: ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, ბალნეოლოგიურ კურორტებში ისეთი მაგარი ტალახია, აქედანვე გავამზადებინებ ტალახს, ისე დაგზილავენ და მაშინ ეგ ფანტაზიებიც გაგივლით. ამ სიტყვებთან ერთად სააკაშვილმა, ერთი შეხედვით, პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და კვლავაც ტალახის თემა გააგრძელა:  „აბაზანა გამზადებულია ტალახის მოყვარულთასთვის და ყველას, ვისაც ამის სურვილი აქვს, ყვითელი ავტობუსი გადაიყვანს. დარბაზიდან გასული რომ ვიყავი, მამაჩემს გადავურეკე, რომ აბაზანა გაამზადოს“.

„თქვენ გაიჭედეთ წარსულში“, „2012 წლის არჩევნები წაგებული გაქვთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და ოპონენტ დეპუტატებს „კლოუნები“ უწოდა. აქვე დემოკრატიის არსიც გაიხსენა, რომ დემოკრატია არის ხელოვნება, რომ მოვისმინოთ სრული ტყუილებიც კი. ოპონენტების დასახასიათებელად მათი „უბრალო გაიშნიკობაც“ ახსენა, როცა მათი „ქართული ტრადიცია“ მექრთამეობა ყოფილა. სააკაშვილის განცხადებით, ცაგარეიშვილი უბრალო „გაიშნიკი“ იყო და რამდენ ფულსაც ის „აკეთებდა“ წელიწადში, ადეიშვილი რამდენიმე წლის ხელფასით ვერ დააგროვებს. სააკაშვილი აქვე ვანო მერაბიშვილის სახლის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ შსს-ის მინისტრს სახლი არ აქვს. მეტიც, სააკაშვილის თქმით, „ვანო მერაბიშვილი როგორი გაღლეტილიც იყო, ისეთივე გაღლეტილია დღეს და იმავე სახლში ცხოვრობს, როგორც ახლა. ვინმეს სჯერა, რომ ვანო მერაბიშვილს აქვს სახლი?“ - იკითხა პრეზიდენტმა და მოისროლა „მაკომპრომეტირებელი“ ფოტო.

მის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა „ქართული ოცნების“ მისეული ხედვა გამოხატა. მისი თქმით, ქართული ოცნებაა ის, რომ დააფინანსო იმ ადამიანის პოლიტიკური კამპანია რუსეთში, ვინც ჩვენი სახლები გადაწვა. ქართული ოცნებაა ის, რომ ჩვენი სამშობლო თურმე აგრესორია, ხოლო რუსეთი მსხვერპლი. „ესაა ქართული ოცნება? ვერავინ ეღირსება რუსული ოცნების აღსრულებას საქართველოში. ამის მსაჯულია ხალხი და ეს ხალხი გარიყავს ამ ადამიანებს. და როცა გარიყავს, წადით და უთხარით „პუწინს“, რომ ვერ შეაჩერა საქართველოს აღმშენებლობა“. მანვე ცაგარეიშვილს „კორუფციასთან მებრძოლი უქარქაშო ხმალი“, ხოლო ბაღათურიას „ეთნოგრაფიული იშვიათობა“ უწოდა.

გოკა გაბაშვილმა კი ოპონენტების შეფასებისას ჯონდი ბაღათურია გამოარჩია. მისი აზრით, ბაღათურიას დღევანდელ გამოსვლაში მთავარი იყო ის, გაივლიდა თუ არა ბაღათურია კასტინგს. „ალბათ კასტინგს გაივლის და მას მადლობით შეეგებებიან ზოოპარკის შუშის სასახლეში“. ცაგარეიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით კი გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ფოტოები რეალური არ არის და ტყუილზეა აგებული.    

რეზიუმეს სახით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი რჩევებიც მისცა ოპონენტებს. მანვე ბრძოლის ტაქტიკა დაუწუნა მოწინააღმდეგეებს. „თუ გინდათ რამე, იბრძოლეთ, იყავით უფრო მაგრები, გამბედავები, წადით პოლიტიკურ რისკზე. ჩვენ არაერთხელ წავსულვარ ამ რისკზე. როცა აფრიკულ ლიდერებს გვადარებთ, გვაჩვენეთ, ერთი ლიდერი მაინც, რომელიც გადადგა და მერე მოიპოვა წარმატება დემოკრატიულ არჩევნებში. გაინძერით და ბედი გაგიღიმებთ. შეიძლება, ეს არ მოხდეს 2012 წელს“.

აქვე ირკვევა, რომ პრეზიდენტი, როგორც ნაცმოძრაობის ლიდერი, ნაცმოძრაობის გამარჯვების მიზნით ყველაფერს გააკეთებს, თუ მანამდე არ გაადააყენებენ.