კარლოს სანტანა ახალ ალბომზე მუშაობს

კარლოს სანტანა ახალ ალბომზე მუშაობს

გამოცემა “Billboard”-ის ცნობით, პოპულარული გიტარისტი კარლოს სანტანა ახალ ალბომზე მუშაობას ასრულებს. მუსიკოსის რიგით 36-ე სტუდიური ჩანაწერის სახელწოდებაა “Shape Shiffer” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 15 მაისს იხილავს.

მექსიკური ფესვების მქონე ამერიკელი გიტარისტის დისკს ხმის ჩამწერი სტუდია “Starfaith” გამოსცემს. მასში განთავსებული იქნება ისეთი პოპულარული კომპოზიციები როგორებიც არიან “Shape Shiffer”, “Nomad” და “Never the Same Again”.

ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მუსიკოსი კიდევ ორ ალბომზე მუშაობას დაიწყებს. პირველს საკუთარ ჯგუფთან ერთად მოამზადებს, მეორეს კი მეუღლე სინდი ბლეკმანთან ერთად ჩაწერს.

რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა ქალაქ ლას-ვეგასში მდებარე “House of Blues”-ს დარბაზის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტი გააფორმა და ორი წლის განმავლობაში კონცერტებს ჩაატარებს. უკვე ცნობილია, რომ მიმდინარე წელს კარლოს სანტანა ლას-ვეგასში 45 კონცერტს გამართავს. ახალ ნამუშევრებს კი საკონცერტო მოღვაწეობისაგან თავისუფალ დროს ჩაწერს.

ერთი თვის წინ სახელგანთქმულმა გიტარისტმა განაცხადა, რომ პროფესიულ მუსიკალურ კარიერას 2014 წელს დაასრულებს. ამის შემდეგ საკუთარ მოღვაწეობას რელიგიას მიუძღვნის და ჰავაის კუნძულებზე სამუდამოდ დასახლდება.