"ყველა სიახლისა" და "ვერსიის" მასალების მიხედვით
"მოგესალმებით, ამ დარბაზში უკანასკნელად შემოვედი ვარდებით!" - ამ ფრაზით დაიწყო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყოველწლიური საანგარიშო გამოსვლა პარლამენტში. უშუალოდ პრეზიდენტის ინიციატივების შეფასებამდე, გეტყვით, რომ პრეზიდენტს თითქმის 30-ჯერ შეაწყვეტინეს უმრავლესობის წევრებმა გამოსვლა. პარლამენტარებმა ყველაზე ხანგრძლივი ოვაცია პრეზიდენტის იმ განცხადებას მოაყოლეს, რომლითაც რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივა გახმაურდა. შესავალში პრეზიდენტმა მიღწევებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა ეკონომიკის გაძლიერებას, დემოკრატიზაციის ტენდენციებს, ქვეყნის მოდერნიზაციისკენ სვლასა და კორუფციასთან ბრძოლას. გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სისტემის განსავითარებლად გადასადგმელ ნაბიჯებს. თუმცა აღიარა, რომ ქვეყნის უმთავრეს პრობლემად კვლავაც რჩება უმუშევრობა", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "კარგად ჩაბულბულებული" სხდომა პარლამენტში / ანუ ის არსად წასვლას არ აპირებს.
"იმ ხუთპუნქტიან გეგმაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს წარუდგინა, ერთ-ერთი სწორედ დასაქმებაა, აგრეთვე, პრიორიტეტულად დაასახელა განათლება, ტურიზმის განვითარება, ჯანდაცვა და სადაზღვევო სისტემის განვითარება. პრეზიდენტის მტკიცებით, 2012 წელს საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება. მისივე ინიციატივით, 2013 წლის 1-ლი იანვრიდან თითოეული ოჯახი ყოველ მესამე ახალშობილ ბავშვზე, ერთჯერად დახმარებას, 1000 ლარს, ხოლო მომდევნო ბავშვის დაბადებაზე 2000 ლარს მიიღებს. პრეზიდენტის ამ ინიციატივებმა ბევრს გაახსენა პრეზიდენტ სააკაშვილის 2008 წლის სოციალური ინიციატივები. იმხანად დაპირება ასეთი იყო: "1000 ლარი ყოველ ახალშობილს დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან და 1000 ლარი ყველა ოჯახს მეორე შვილის შემდეგ ყოველ შვილზე..." პრეზიდენტმა ბევრი ილაპარაკა მოქალაქეთა პროფესიული გადამზადების აუცილებლობაზე, თუმცა არც ეს არის ახალი ინიციატივა, ამის თაობაზე ასევე 2008 წელს არიგებდა მმართველი პარტია დაპირებებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"მიხეილ სააკაშვილს თავის გამოსვლაში პირდაპირ არაფერი უთქვამს თავის პოლიტიკურ გეგმებზე, თუმცა საკმაოდ გრძელვადიან პროექტებზე ილაპარაკა, რომლის განხორციელებასაც, როგორც ჩანს, პირადად აპირებს. პრეზიდენტმა მხოლოდ მოხსენების მიწურულს ახსენა ქვეყნის დეოკუპაცია, თუმცა სულ ორიოდე წინადადებით შემოიფარგლა, არავითარი სიახლე ამ მიმართულებით ან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის რამე გეგმა სააკაშვილს არ უხსენებია. მეტიც, აშკარად გამოჩნდა ამ გამოსვლაში, რომ მას ამ თემაზე ლაპარაკი აღარ ეხალისება. პრეზიდენტი ამჯერად საკმაოდ ლაკონურად შეეხო ოპონენტებს - თქვა, რომ ის მიესალმება ყოველგვარ კოალიციას", - დასძენს გამოცემა.
"პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამართული დებატებისას კი ყველაზე დიდი ხმაური ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენლების - გია ცაგარეიშვილისა და ჯონდი ბაღათურიას გამოსვლებს მოჰყვა. მეტიც, ბაღათურიას, რომელმაც პრეზიდენტი და მისი ოჯახი ელიტური კორუფციის შექმნასა და მონოპოლიაში დაადანაშაულა, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ სიტყვა შეაწყვეტინა და ბალნეოლოგიური კურორტის ტალახში დაზელა შესთავაზა, მერე კი დარბაზიდან გავიდა. უმრავლესობის აღშფოთებული წევრი ელდარ კვერნაძე კი პრეზიდენტისთვის ერთგულების დასამტკიცებლად და ბაღათურიასთვის ანგარიშის გასასწორებლად ლამის ტრიბუნაზე ავიდა, თუმცა დარბაზში დაბრუნებულმა სააკაშვილმა უმრავლესობის წევრები შემდეგი ფრაზით დაამშვიდა: "დემოკრატია არის ხელოვნება, მოვისმინოთ სრული ტყუილები". დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა პრეზიდენტს მისი ხელისუფლების ამჟამინდელი თუ უკვე ყოფილი წევრების: ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის, კოტე კუბლაშვილის სახლების ფოტოები გადასცა და ელიტურ კორუფციაზე ილაპარაკა, თუმცა პრეზიდენტმა ფოტოებისაც არ ირწმუნა და განაცხადა - ამათ თვითონაც არ სჯერათ, რომ ვანო მერაბიშვილს სახლი აქვს, როგორი გაღლეტილიც იყო, ისევ ისეთი გაღლეტილიაო..." - დასძენს გამოცემა.
"ეს სწორედ ისეთი გამოსვლა იყო, როგორსაც ველოდი. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლის პირველ ნაწილში ილაპარაკა მიღწეულ წარმატებებზე და ქვეყანაზე, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, სად მდებარეობს. რაზეც ის ლაპარაკობდა, ის საქართველო ნამდვილად არ იყო. მეორე ნაწილში, როცა დაიწყო პრობლემებზე საუბარი, იქ კი უკვე ვიცანი ჩვენი სამშობლო. სააკაშვილისგან საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებდა ერთი რამ: რას აპირებს ის უახლოეს მომავალში და წავა თუ არა ხელისუფლებიდან 2013 წლის შემდეგ? ჩვენ ამაზე მივიღეთ პასუხი, ის არსად წასვლას არ აპირებს. ეს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ ხშირად ახსენებდა 2015 წელს და იმას, რა აქვს მანამდე გასაკეთებელი. ლაპარაკობდა პირველ პირში, ეს უკვე საკმარისია ლოგიკური დასკვნების გასაკეთებლად. უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის სათავეში ამა თუ იმ ფორმით დარჩენას აპირებს" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი.
"სიახლე იყო რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივაც, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცილო მგონია - ერთ წუთს რუსეთის ლანძღვა-გინება, მეორე წუთს კი ასეთი რევერანსები უცნაურია და დადებით შედეგს ვერ მოიტანს. რუსეთთან ურთიერთობისა და დალაპარაკების გარეშე ამგვარი დათმობა პოლიტიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, უფრო გვაზარალებს, რადგან ეს რუსეთს მეტად გაათამამებს", - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვას - "მიხეილ სააკაშვილმა კვლავაც არ ახსენა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ განაცხადა, რომ მიესალმება ყველა ახალ კოალიციას, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებს არ გასცდება..." - პასუხობს:
"ეს ცინიკური განცხადებაა, სააკაშვილმა მშვენივრად იცის, რომ ივანიშვილს და მის გარშემო შეკრებილ ჯგუფს არ სურს სამართლებრივი ჩარჩოების დარღვევა, მაგრამ თვითონ სააკაშვილი აწესებს ისეთ არასამართლებრივ ჩარჩოებს, რომ მისი დაურღვევლობა ძალიან გაჭირდება. თუ დააკვირდებით, ოქტომბრიდან მოყოლებული, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს აღარ ახსენებს. სააკაშვილს აქვს უამრავი კომპლექსი, როგორც ჩანს, ამათგან ერთს სახელად "ბიძინა" ჰქვია".
"მიხეილ სააკაშვილმა გაიმეორა ის, რაც ამ დარბაზსა თუ მის გარეთ არაერთხელ თქმულა, მათ შორის ოპოზიციის მიერ: უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე, ჯანმრთელობის დაცვის გადაუჭრელი პრობლემები, უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება, რუსეთთან მოუგვარებელი ურთიერთობა... მის ამ გამოსვლას მოკლედ ასე შევაფასებდი: "ცოდვების დაგვიანებული მონანიება", რადგან სააკაშვილი უკვე წარსულის, ყავლგასული პოლიტიკოსია, მისი ამგვარი ინიციატივების არც საქართველოში სჯერა ვინმეს და აღარც მსოფლიოში. მისი გამოსვლა მხოლოდ პიარზე იყო გათვლილი, ამიტომაც გავამახვილე ყურადღება ჩემს გამოსვლაში ყველა იმ პრობლემაზე, ქვეყნისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხზე, რომელსაც მან თავის გამოსვლაში შეგნებულად აუარა გვერდი და სირაქლემის პოზაში ჩადგა, მათ შორის - ელიტურ კორუფციაზე, რომელიც ხელისუფლების ზედა ეშელონებში ღრმად არის ფესვგადგმული და სახელმწიფოს კიდევ უფრო ანგრევს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი ტყუილად გაისარჯა პარლამენტის და ქვეყნის წინაშე 2015 წლის გეგმებზე, "მომავლის მარშრუტებზე" საუბრით", - მიიჩნევს პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი.
"განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საგარეო ფაქტორი, განსაკუთრებით კი ჩრდილოელი მეზობლის თემა, რომელზე საუბრისას პრეზიდენტმა ჩვეულებას უღალატა, სიტყვა "ოკუპანტი", რომლის თქმასაც ყოველთვის ყველასგან მოითხოვს, ერთხელაც არ ახსენა. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ლოიალურ პოზიციას რუსეთის მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში "შეშვებასთან" დაკავშირებით და კიდევ ერთი ინიციატივა გააჟღერა, ალბათ მომავალი 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენითაც - სააკაშვილი შანსს აძლევს რუსულ დემოკრატიას და ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჟიმს რუსეთთან", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით სააკაშვილის ჯაზ დრაივი ანუ აბაზანა ტალახისმოყვარულთათვის / რატომ გააღიზიანა პრეზიდენტი ჯონდი ბაღათურიას გამოსვლამ.
"მაგრამ გამოსვლის პიკი მაინც "ჯაზ დრაივის" იდეა აღმოჩნდა - დარბაზში უკლებლივ ყველა დეპუტატი და მინისტრი ხმამაღლა იცინოდა, როცა სააკაშვილმა ცოტა "წაიკუდაბზიკა" და ახალგაზრდობის შავ-ბნელ მოგონებას, ლოთ მოსამართლეს, ვინმე იურას, ახალი, მსოფლიოში უპრეცედენტო ინიციატივა საჯარო რეესტრის ახლებური მომსახურების შესახებ შემდეგი ტექსტით მიუძღვნა - "ახლა ვიღაცებს გააღიზიანებთ, ამან ხომ წაიღო თავისი კუდაბზიკობით ტვინიო, მაგრამ ეს მართლა ძალიან მაგარი იქნება. აი, მაკ-დრაივი ხომ იცით, ახლა კეთდება ჯაზ დრაივი. ნამდვილად პირველები ვიქნებით მსოფლიოში და გასკდნენ გულზე - ეს იქნება ჯაზ კაფე, სადაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ ყავა და მაგალითად, პასპორტი. და თქვენ ამას მოგიტანენ ყავის ფასად", - აღნიშნავს გამოცემა.
"მოკლედ, როგორც ჩანს ყველაზე მეტად ოპოზიცია მაინც სააკაშვილი სკანდალურმა პასუხმა გააღიზიანა ასევე სკანდალურ კითხვაზე - რას აპირებთ 2013 წელს, რომელსაც მან, ჯერ კიდევ ჯონდიზე გაბრაზებულმა ასე უპასუხა: "ეს არის არასერიოზული თამაში. რაც არ უნდა ილაპარაკოთ ისტორიაზე, ღვთის ნებაზე, კოსმოსურ ძალებზე, მთავარი მოქმედი პირი გამოგრჩათ - ქართველი ხალხი... თუ მაგრები ხართ, იმაზე ნუ ხართ დამყარებული, რომ მოცა ვიღაც გუდიანი კაცი ან ქალი, მომიკიდებს ზურგზე ან მოგვიკიდებს ნაციონალრბს და სადრაც წაგვიყვანს, ეს არის დემოკრატიული პრინციპის საწინააღმდეგო... ძალიან მარტივი რეცეპტია საქართველოს ხელისუფლების ჩანაცვლებიუს - დაამტკიცეთ, რომ გაქვთ მაგარი პროგრამა, მზად ხართ ეს პროგრამა განახორციელოთ, მიირეთ ხალხის მხარდაჭერა და თუ მაგრები ხართ, დაგვამარცხეთ არჩევნებში. ნუ ხართ ბიძიებისა და დეიდების იმედზე, რომლებიც ამ პრობლემახ უცხოეთიდან გადაგიწყვეტენ... მეტსაც გეტყვით - მიმაჩნია, რომ ამ გუნდს, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, აქვს რესურსი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მართვისა და მე ამ პერსპექტივაზე ნადვილად არ ვიტყვი უარს"- დასძენს გამოცემა
1014
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85