სენეგალი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში

სენეგალი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში

სენეგალის მოქმედმა პრეზიდენტმა აბდულაი ვადმა (Abdoulaye Wade) აღიარა, რომ ვერ შეძლო პირველ ტურში ოპოზიციური კანდიდატების დამარცხება.

ქვეყნის 85 წლის ლიდერმა და სენეგალის დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა, ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ პირველი ტურის წინასწარი მონაცემებით მან ამომრჩეველთა დაახლოებით მესამედი მიიღო, რაც საკმარისი არ არის გამარჯვებისათვის. მოქმედი პრეზიდენტი 8%-ით უსწრებს თავის უშუალო კონკურენტს, მეორე ადგილზე გასულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს მაკი სალლიას.

აბდულაი ვადი უკვე ზედიზედ ორჯერ იყო ქვეყნის მეთაურის პოსტზე არჩეული. მას კონსტიტუციის შეცვლა მოუხდა იმისთვის, რომ მესამე ვადით არჩევის უფლება მიეღო. იგი დარწმუნებული იყო, რომ პირველივე ტურში მოახერხებდა დასახული მიზნის მიღწევას. თუმცა ოდესღაც სენეგალელთა შორის ძალიან პოპულარულმა პრეზიდენტმა, თავისი 12-წლიანი მმართველობის შედეგად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა დაკარგა. პრეზიდენტს ოპოზიცია კორუფციაში, თავისუფალი სიტყვისა და სხვა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვაში სდებს ბრალს, რაც არცთუ ისე უსაფუძვლო ბრალდებებია.

არჩევნების წინ სენეგალს პროტესტების ტალღამ გადაუარა, რაც მოქმედი პრეზიდენტის კანდიდატად წამოყენებამ გამოიწვია.

შეძლებს თუ არა მონუმენტალური სკულპტურების ტრფიალი, სამართლისა და ეკონომიკის დოქტორი აბდულაი ვადი მესამედ გაპრეზიდენტებას ამას 18 მარტის მეორე ტური გვიჩვენებს.