გუშინ გამოცემამ “Official Charts Company” მუსიკალური ალბომების წინა კვირის ბრიტანული ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა. მომღერალი ადელის სტუდიური ნამუშევარი “21” მისთვის ჩვეულ პირველ საფეხურს კვლავ დაუბრუნდა.
გასული წლის იანვარში გამოსული დისკი დიდ ბრიტანეთში 21-ედ გალიდერდა. ბრიტანელმა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ეს ფაქტი იმ მიზეზით ახსნეს, რომ ჩანაწერმა 21 თებერვალს, “Brit Awards – 2012”-ის ნომინაციაში “წლის საუკეთესო ალბომი” იმარჯვა.
გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ამ ჩანაწერის 17 მილიონი ცალი გაიყიდა, მსოფლიოში კი მისი გაყიდვის რაოდენობამ 17 მილიონი შეადგინა.
წინა კვირის ბრიტანული მუსიკალური ალბომების ჰიტ-აღლუმის მეორე საფეხურზე მომღერალი ემელი სანდეს ნამუშევარი “Our Version of Events” აღმოჩნდა, მესამე ადგილი კი ედ შირანის დისკმა “+” დაიკავა.
ყველაზე პოპულარული სინგლების რეიტინგში Gotye-ს კომპოზიციამ “Somebody That I Used to Know” იმარჯვა, მეორე ემელი სანდეს სიმღერა “Next to Me” გახლდათ, მესამე ადგილი კი DJ Fresh-ის ახალმა კომპოზიციამ “Hot Right Now” დაიკავა.