აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილის, სელესტ უოლანდერის გამოსვლა საქართველოს თავდაცვის აკადემიაში

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილის, სელესტ უოლანდერის გამოსვლა საქართველოს თავდაცვის აკადემიაში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის, სელესტ უოლანდერის საქართველოს თავდაცვის აკადემიის სტუდენტებთან გამოსვლის თარგმანი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

ბატონო მინისტრის მოადგილე ბარნოვ, ბატონო მინისტრის მოადგილე ხარშილაძე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებო, დიდი მადლობა, რომ დღეს თქვენთან საუბრის საშუალება მომეცით.
ეს ჩემი მეორე ვიზიტია ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. მოხარული ვარ იმ პროგრესის ხილვით, რომელსაც აღწევთ, არა მხოლოდ კამპუსის მდგომარეობის, არამედ დაგეგმილი და მიმდინარე საგანმანათლებლო კურსების სასწავლო გეგმების მხრივაც. მოხარული ვარ ჩემს ქართველ მეგობრებთან და კოლეგებთან შეხვედრით, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის ძალზე დატვირთული და პროდუქტიული ვიზიტი ვაშინგტონში. პრეზიდენტი სააკაშვილი შეხვდა პრეზიდენტ ობამას, სახემწიფო მდივან კლინტონსა და საზღვაო-სამხედრო ძალების მდივანს აშშ-ის საზღვაო აკადემიაში. ასევე ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალის მსვლელობისას, ერთმანეთს შეხვდნენ [თავდაცვის] მდივანი პანეტა და [თავდაცვის] მინისტრი ახალაია.

პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრისას საჯაროდ განაცხადა, რომ "საქართველო უნდა ამაყობდეს იმ პროგრესით, რომელიც მიღწეულია სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის შენების საქმეში . . . [და] . . . ჩვენ ვაფასებთ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის იმ მოდელს, რომელსაც [საქართველო] ამკვიდრებს არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში." პრეზიდენტმა აგრეთვე თქვა: "ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უწყვეტი პროგრესის პირობებში, ბევრი ქვეყანა იტყვის, რომ თუ საქართველოს შეუძლია ტრანსფორმაცია, მაშინ ჩვენც შეგვიძლია." პროგრესი აქ, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, მხოლოდ ერთი მაგალითია იმ პროგრესისა, რასაც საქართველომ სამხედრო რეფორმების საკითხში მიაღწია. რეფორმები, რომელზეც ადმირალი მონტგომერი და მე სიამაყით ვსაუბრობთ, განხორციელდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და ამერიკის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მხარდაჭერით. მართლაც, მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ.

ვფიქრობ, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ყველა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა იმიტომ შევძელით, რომ ჩვენი ქვეყნები დემოკრატიის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ნორმების ერთგულნი არიან.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების გარდა, ჩვენი თანამშრომლობა ფოკუსირებული იყო თავდაცვის ინსტიტუტების ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, თავდაცვის დოქტრინის შემუშავებაზე, შესაბამისი სტრუქტურებისა და სისტემების ორგანიზებაზე თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებში, აგრეთვე ეფექტური, პროფესიული სამხედრო განათლების პროგრამის დანერგვაზე. მართალია, სამუშაო დასრულებული არ არის, მაგრამ ჩვენი და აგრეთვე, ნატოს შეფასება მიუთითებს, რომ თქვენი რეფორმების შედეგად, დაწყებულია ისეთი სამხედრო უწყების ჩამოყალიბება, რომელიც დღეს უფრო თავსებადია არა მხოლოდ აშშ-ისა და ნატოს ძალებთან, არამედ თანდათან პასუხობს ქცევის დასავლურ და ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებს. საქართველოს სამხედრო უწყება თანდათან იზიარებს თანამედროვე, პროფესიული ჯარის სულისკვეთებას, ჯარისა, რომელიც თამაშობს აპოლიტიკურ როლს თქვენი დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში. ამგვარ გარდაქმნას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ვიცი, რომ თქვენი თავდაცვის სამინისტრო, ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის მსგავსად, კმაყოფილებით შეხვდა ჩვენი პრეზიდენტების განცხადებას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ (სწორედ ამ საკითხის განხილვას ვაპირებ თქვენი სამინისტროს წარმომადგენლებთან ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრებისას). მაგრამ თანამშრომლობის გაღრმავება ახალი სფეროების ასათვისებლად არ ნიშნავს, რომ შევწყვეტთ მუშაობას თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის საფუძვლებზე, რამაც დღევანდელ წარმატებამდე მიგიყვანათ. პირიქით, თქვენ უნდა დაგვანახოთ, რომ აითვისეთ ფუნდამენტური პრინციპები და კვლავაც აგრძელებთ მუშაობას, სანამ ეს პრინციპები თქვენს სამხედრო უწყებაში ტრადიციად არ ქცეულა.

სწორედ ამიტომ ადმირალმა მონტგომერიმ და მე ბატონ მინისტრის მოადგილე ბარნოვს ვთხოვეთ, თქვენთან საუბრის საშუალება მოეცა. თქვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავალი მეთაურები ხართ. გვჯერა, რომ თქვენი ჯარის ქცევა და როლი, რომელსაც ის თქვენს დემოკრატიულ საზოგადოებაში თამაშობს, ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი უსაფრთხოების საქმეში. თქვენ და თქვენმა ხელმძღვანელობამ დიდი დრო, მონდომება და რესურსი მოახმარეთ იმის დემონსტრირებას, რომ საქართველო მზადაა ევროპასთან ინტეგრაციისთვის, რომ საქართველო მზადაა, გახდეს ნატოს წევრი. ზოგი ეჭვქვეშ აყენებს თქვენს ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს. 

ჩვენ კი გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯი, რომელიც შეგიძლიათ, გადადგათ სკეპტიკოსების დასარწმუნებლად, არის იმის ცალსახად ჩვენება, რომ ზუსტად გესმით და შეგიძლიათ ჯარისათვის შესაფერისი როლის შესრულება დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სახის იარაღის, ან სამხედრო აღჭურვილობის შეძენა, საბრძოლო უნარ-ჩვევების გამომუშავება, ანდა თავსებადობა ნებისმიერ კოალიციურ ძალასთან. ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტი გამოცდის ჩასაბარებლად ქართულ ჯარმა უნდა აჩვენოს, რომ კარგად ესმის, რა როლი აკისრია სრულფასოვანი დემოკრატიის მქონე ევროპულ საქართველოში – ისეთ საქართველოში, რომლის შესაქმნელადაც, თქვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე თავდაუზოგავად იღვწის. მიმაჩნია, რომ ვერაფერი შეაფერხებს ნატოში თქვენი ინტეგრაციის მხარდაჭერას და ვერაფერი გააძლიერებს თქვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილთა ეჭვებს უფრო მეტად, ვიდრე თანამედროვე ევროპული ქვეყნისათვის შეუსაბამო ქცევა და ნაბიჯები. წელს და მომავალ წელს, უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, მსოფლიო დააკვირდება საქართველოს, რათა დაინახოს, უწყობს თუ არა ხელს მიმდინარე რეფორმები კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას და ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგიც, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, ხელისუფლების თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული გადაცემა იქნება. ისინი დააკვირდებიან თავდაცვის სამინისტროსაც, რათა დაინახონ, გააზრებული აქვს თუ არა მას საკუთარი როლი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. რაკი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი – თუ გნებავთ, გადამწყვეტი გამოცდა – ადმირალ მონტგომერის და მე გვსურს, თქვენთან ერთად განვიხილოთ ამ მნიშვნელოვანი კონცეფციის ზოგიერთი პრინციპი.

ეს იგივე პრინციპებია, რომელსაც ვასწავლით ჩვენს კადეტებს, ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პრინციპები არა მხოლოდ ფურცელზე ჩამოწერილი წესებია, არამედ ჩვენი ჯარის სულისკვეთებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილი.

• პირველი პრინციპი – მოქალაქეებმა, ქვეყნის დემოკრატიული სტუქტურებისა მეშვეობით და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით, უნდა მიაღწიონ კონსენსუსს ჯარის როლსა და ამოცანებთან დაკავშირებით;
• მეორე პრინციპი – ჯარი უნდა იყოს არა მხოლოდ კარგად გაწვრთნილი და დისციპლინირებული ამ ამოცანების გადასაწყვეტად, არამედ დაიცვას პილიტიკური ნეიტრალიტეტი და არ დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს.
• მესამე პრინციპია სამოქალაქო კონტროლისა და სამოქალაქო ინსტიტუტების უპირატესობა სამხედრო ინსტიტუტებზე.
• ბოლო პრინციპია საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ბაზის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების სწორ გაძღოლასა და კონტროლს, აგრეთვე უზრუნველყოფს ისეთ ინსტიტუციურ კონტროლსა და და ბალანსს, როგორიცაა:

- საზოგადოებრივი კონტროლი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების (პარლამენტი) მეშვეობით;
- გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა, მათ შორის მედია საშუალებების დახმარებით, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, გააკეთოს ინფორმირებული დასკვნა შეიარაღებული ძალების შესახებ;

- და იერარქია, რომელიც შეიარაღებულ ძალებს ანგარიშვალდებულს ხდის ადმინისტრაციული ორგანოს (თავდაცვის სამინისტროს) მიმართ, რომელიც ჯარს საზოგადოებრივი ნების გათვალისწინებით მართავს.

მსურს, უფრო დეტალურად განვიხილო ეს პრინციპები. დავიწყებ იმით, თუ რა როლი აკისრია სამხედრო უწყებას დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში. სამხედროები და მოქალაქეები უნდა შეთანხმდნენ, თუ რა არის შეიარაღებული ძალების დანიშნულება. ჩემს ქვეყანაში, აგრეთვე ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობაში, ჯარს მრავალი ფუნქცია აკისრია: ქვეყნის დაცვა; მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება; სუვერენიტეტისა და არჩეული ეროვნული ლიდერების მიერ განსაზღვრული ეროვნული ინტერესების დაცვა; წვლილის შეტანა ალიანსის კოლექტიური თავდაცვის საქმეში; ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა; საძიებო და სამაშველო ოპერაციების განხორციელება ბუნებრივი კატასტროფების დროს; და ზოგიერთ შემთხვევაში, სამოქალაქო ხელისუფლების დახმარება საზოგადოებრივი წესრიგის უზრულველსაყოფად.

თუმცა, ყველა ამ ფუნქციის საფუძველია პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ დაკისრებული ამოცანების შესრულებისას. შეიარაღებულ ძალების მოსამსახურეებმა უნდა გააცნობიერონ ამ პრინციპების მნიშვნელობა, როდესაც სამსახურის დაწყებისას ფიცს დებენ. ჩემს ქვეყანაში, ფიცს დებს არა მარტო ჯარისკაცი, არამედ სამთავრობო უწყების ყველა თანამშრომელი. ფიცის დადებისას ისინი პირობას დებენ, რომ "დაიცავენ კონსტიტუციას სრული რწმენითა და ერთგულებით". თქვენ და მე ვასრულებთ ჩვენი ხელმძღვანელების ბრძანებებს, მაგრამ ამავე დროს ვიცავთ ჩვენი ქვეყნების დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ხალხების თავისუფლება, უფლებები და კეთილდღეობა.

თუ ჯარისკაცი პოლიტიკურ საქმეებში ერევა, ის არღვევს დემოკრატიისა და კონსტიტუციის დასაცავად დადებულ ფიცს. სამხედრო უწყებას არავითარი როლი არ გააჩნია იმის გადაწყვეტაში, თუ ვის უნდა ეპყრას პოლიტიკური ძალაუფლება. მივადექით ჩემს მიერ დასახელებულ კიდევ ერთ პრინციპს სამხედრო უწყების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ. სამხედრო უწყება არა მარტო აპოლიტიკური უნდა იყოს, არამედ ყველა თვალნათლივ უნდა ხედავდეს, რომ ის აპოლიტიკურია. სხვა შემთხვევაში, ხალხისა და სხვათა თვალში სამხედრო უწყება დაკარგავს ლეგიტიმურობას. ჩვენი სამხედრო უწყებების აპოლიტიკურობა კი ხაზს გაუსვამს მათ ლეგიტიმურობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, რაც შესაძლებელს გახდის თავისუფალი და სამართლიანი არჩევენების ჩატარებას. ეს არის ყველაზე მთავარი პრინციპი.

მინდა დავამატო, რომ ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს, რომ ფორმიან მამაკაცებსა და ქალებს არ გააჩნიათ სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემის კანონიერი უფლება. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხედროები ამაყობენ საარჩევნო უფლებით, რომელიც მათ მთავრობის ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. სამხედრო მოსამსახურეები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან. ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ, რათა გამოიყენონ საარჩევნო უფლება. მათი არჩევანი გარანტირებულად პირადი და კონფიდენციალურია. არ არსებობს რისკი, რომ მათი არჩევანი მათ სამხედრო კარიერაზე რაიმე გავლენას მოახდენს. თუმცა ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა იციან, რომ იმ დროს, როდესაც მათ აქვთ ხმის მიცემის უფლება, პოლიტიკურ კამპანიასა ან პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილება ეკრძალებათ.

მე ასევე ვახსენე სამოქალაქო კონტროლისა და საკანონმდებლო ორგანოს მიერ სამხედრო უწყების შემოწმება-დაბალანსების პრინციპები. საკანონმდებლო შტო (ჩემს ქვეყანაში ეს არის კონგრესი) ახორციელებს სამხედრო უწყების კონტროლს თავდაცვის ბიუჯეტის დამტკიცებაზე ექსკლუზიური უფლებამოსილების მეშვეობით. ამ უფლებამოსილებით, კონგრესს საშუალება აქვს, განსაზღვროს სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის დაფინანსების მოცულობა და თვით შეიარაღებული ძალების რიცხოვნობაც კი. ჩვენს კონგრესში (ევროპული პარლამენტების მსგავსად) არის სპეციალური კომიტეტები, რომელშიც გაერთიანებულია ყველა პოლიტიკური პარტიის წევრი; კომიტეტები ზედამხედველობას უწევენ სამხედრო უწყების აქტივობებსა და გეგმებს, აგრეთვე იცავენ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებებს. რაც შეეხება სამხედრო უწყების სამოქალაქო კონტროლს, ამერიკელმა მწერალმა და ისტორიის პროფესორმა რიჩარდ კონმა ერთხელ დაწერა: "სამოქალაქო კონტროლი საჭიროა იმისათვის, რომ უსაფრთხოება დაექვემდებაროს ქვეყნის უფრო დიდ ამოცანებს და არა პირიქით. სამხედრო უწყების დანიშნულებაა ხალხის დაცვა და არა ხალხის ცხოვრების წესის განსაზღვრა."* შემოწმება-დაბალანსების საკონსტიტუციო პრინციპმა სახელმწიფო სამხედრო ამბიციების მქონე პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ამბიციების მქონე სამხედროებისაგან უნდა დაიცვას.**
საქართველომ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიის განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ეს პროგრესი საგანგებოდ აღნიშნა და გამოხატა მოლოდინი, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართება. ვიმედოვნებ, რომ თქვენი შეიარაღებული ძალები თანაბრად დადებით შთაბეჭდილებას მოახდენენ საქართველოს მხარდამჭერებსა და კრიტიკოსებზე იმის დემონსტრირებით, რომ მათ ესმით, რა როლი აკისრია სამხედრო უწყებას დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ეს არის ჩემი მოლოდინი. ვიმედოვნებ, რომ ის, რაც დღეს თქვენთან ერთად განვიხილე, თქვენთვის სიახლე არ იყო. იმედი მაქვს, თქვენ უკვე გათავისებული გაქვთ ამ პრინციპების მნიშვნელობა – პრინციპებისა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გახდება თქვენი სამხედრო უწყების ტრადიცია. მადლობას გიხდით თქვენი ქვეყნის სამახურისათვის. მადლობას გიხდით ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.