გუშინ ქალაქ ლოს-ანჯელესში გაიმართა რიგით 84-ე “ოსკარის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.
ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში - “წლის საუკეთესო ფილმი”, რეჟისორ მიშელ ჰაზანავიჩუსის სურათმა “არტისტი” პირველობა არავის დაუთმო.
ამ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა ფრანგმა მსახიობმა ჟან დიუჟარდენმა “წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცისათვის” განკუთვნილი ჯილდო მიიღო.
ანალოგიურ კატეგორიაში ოღონდ ქალთა შორის, ამერიკული კინოს ცოცხალმა ლეგენდამ მერილ სტრიპმა იმარჯვა. ის ფილმში “რკინის ლედი” განსახიერებული მთავარი როლისთვის გამოარჩიეს.
გასული წლის საუკეთესო კინორეჟისორად “არტისტის” გადამღები მიშელ ჰაზანავიჩუსი დაასახელეს.
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის “ოსკარი” გადაეცა კრისტოფერ პლამერს (“დამწყებნი”).
ამერიკელი მსახიობი ოქტავია სპენსერი ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის გამოარჩიეს, სურათისათვის “მოსამსახურე”.
საუკეთესო სცენარისათვის განკუთვნილი პრიზი ამერიკელ რეჟისორ ვუდი ალენს გადაეცა ფილმისათვის “შუაღამე პარიზში”.
"საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის" კატეგორიაში "ოსკარი" გადაეცა ფილმ "დროის მცევლის" ოპერატორს, რობერტ რიჩარდსონს.
"საუკეთესო უცხოური ფილმის" კატეგორიაში გამარჯვებულად ირანელი რეჟისორის, ასგარ ფარხადის ფილმი "დაშორება" აღიარეს.