ცაგერმა სააკაშვილი უკუაგდო!

ცაგერმა სააკაშვილი უკუაგდო! "ცაგერში არჩევნებს მოიგებს "ქართული ოცნება" და მოიგებს დიდი ანგარიშით


"საავადმყოფოში გახსნიდან ორ კვირაში წყალი ჩამოვიდა, რენტგენის აპარატი დაიწვა, გათბობა საერთოდ არ არის და პაციენტებიცა და ექიმებიც იყინებიან. მიშას ნაქებ წყალსადენში წყალი რომ არ მოდის და რაიონი წყურვილით იხრჩობა, ესეც იცის ხალხმა. წყალი მხოლოდ მიშას სტუმრობის დროს ჩართეს და ხალხი იძახდა - მხოლოდ ეს ერთი სიკეთე გააკეთა თავისი სტუმრობით, ცაგერში სამ დღეს წყალი გვქონდაო", - აცხადებს ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის"მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ცაგერმა სააკაშვილი უკუაგდო! / კარლო კობალიანი: სააკაშვილის რაიონული ვოიაჟები გედის სიმღერა გახლავთ სიკვდილის წინ!

"ამიტომ არ სჯერა ხალხს ამ მატყუარა ხელისუფლების. ყოველივე ამის შემდეგ, აბა რას ელოდა, როგორ დახვდებოდნენ ძალით მიყვანილი ადამიანები? შვეიცარიის მსგავს ქვეყანაზე ელაპარაკა ისეთ გაჭირვებულ ხალხს, ჯიბეში უფილტრო სიგარეტის ფული რომ არ აქვს და შინ მისულთ მხოლოდ ცივი მჭადი ხვდებათ - ამიტომაც შეხვდა მთელი რაიონი სიჩუმით, მე ვიტყოდი ავის მომასწავებელი სიჩუმით, დიდი ქარიშხალის წინ რომ იცის ხოლმე. ეს ქარიშხალი რომ გარდაუვალია და ამათ რომ აღგვის მალე პირისაგან მიწისა, ალბათ მეთანხმებით. ცაგერში მიშასთვის ხელები არავის დაუკოცნია და არ აიყვანიათ ცაში სამადლობელი სიტყვებით. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებმაც კი უარი თქვეს მონაწილეობა მიეღოთ ამ შოუშუ და "მიშა-მიშა" ეყვირათ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცაგერლებმა სამოქალაქო გმირობის ტოლფასი ქმედება ჩაიდინეს, თავიანთი დუმილით მიშას ყველაფერი უთხრეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კარლო კოპალიანი.

"შესაბამისად, პრეზიდენტმა უკმაყოფილომ დატოვა რაიონი. ეს იქიდან მტკიცდება, რომ მესამე დღეს ცაგერში ჩამოვიდა ტყიბულის მაჟორიტარი პალიკო კუბლაშვილი - ვიფიქრე, ალბათ დაავალეს, ხალხს შეხვდი და რაიონის წინაშე მდგარიო პრობლემები შეისწავლეო. მაგრამ ნურას უკაცრავად - პრობლემებზე კი არა, შეკრიბა გამგეობა, საკრებულოს თანამშრომლები და კატეგორიული ტონით მოსთხოვა არჩევნების მოგება ნებისმიერი ხერხით", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"ცაგერის რაიონს ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ემსახურებოდა 55-საწოლიანი საავადმყოფო და ერთი ამბულატორია. ახლა აშენდა მხოლოდ 15-საწოლიანი, რომელიც მინიმუმამდე ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. თან ერთი ღამის გათევა 35 ლარი ღირს და რომელი ლეჩხუმელი გლეხი შეძლებს იქ შესვლას? საინტერესო ის არის, რომ ეს საავადმყოფო უკვე მესამე თვეა, გახსნილია, მაგრამ მიშამ იმ დღეს ხელახლა გახსნა. სახურავიდან უკვე წყალი ჩამოდის, რასაც რენტგენის აპარატი შეეწირა, არ არის გათბობა, პაციენტები უმატრასო, შიშველ საწოლებზე უწევთ - სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფის" მესვეურებს ლეჩხუმელთა აბუჩად აგდების გამო ვირის აბანოში უნდა უკრან თავი. "ნაციონალური მოძრაობის" აზრით, ახალი საავადმყოფოების გახსნით ხალხს ასაქმებენ - არადა, პირიქით ხდება: ცაგერის რაიონში ოცზე მეტი მედდა დატოვეს ლუკმაპურის გარეშე, ექიმებს მიუღებელი აქვთ გასული წლის ხელფასები - ისინი დაიბარეს პოლიციაში და კატეგორიულად გააფრთხილეს, პრეზიდენტის ვიზიტის დროს ამაზე არაფერი ეთქვათ. მეტიც - უთხრეს, რომ გასული წლის ხელფასებს ვერ მიიღებენ. ანუ სადაზღვევო კომპანის მესვეურები მონებად მიიჩნევენ ჩვენს ექიმებს და უხელფასოდ ამუშავებენ - ეს კრიმინალია!" - დასძენს კარლო კოპალიანი. 

"სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ოცლარიანი ვაუჩერები კი არა, ათას-ათას დოლარი რომ დაურიგონ ცაგერლებს, მაინც არ მისცემენ ხმას. ჩვენი ხალხი ბრძენია. მან ავანსად გასცა ნდობა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. ისინი კი ბოდიშისა და შეცდომების აღიარების ნაცვლად ცდილობენ, ხალხს თვალში ნაცარი შეაყარონ. იმ დღეს პირადად მიხეილ სააკაშვილმა ლეჩხუმელ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა და ეს იყო შეგნებული ქმედება. მას ჰგონია, რომ რეგიონებში ცხოვრობს მეორეხარისხოვანი ხალხი, რომელთაც შეუძლია ისე მოექცეს, როგორც ცხვრის ფარას. უკაცრავად ბატონო მიხეილ და "ნაცმოელებო", ლეჩხუმელი ხალხი შესანიშნავად მიხვდა ამ შეურაცხყოფას და ანგარიშს გაგისწორებთ", - აცხადებს დეპუტატი და შეკითხვას - "რას ფიქრობენ ლეჩხუმელები ბიძინა ივანიშვილზე?" - პასუხობს:

"ლეჩხუმელებმა ამ პიროვნების მიმართ დამოკიდებულება იმ 3500 ხელმოწერით დაადასტურეს. ბატონი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით რომ შეაგროვეს. ხოლო იმ დღეს მიშას მიტინგზე ხალხში "ქართული ოცნების" 2000-მდე ბუკლეტი დაიტაცეს! ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი... ლეჩხუმი იცლება. წელიწადში მხოლოდ 20-25 ბავშვი იბადება, მაშინ როცა 250-მდე ადამიანი მიდის ამქვეყნიდან. "გაზი ყველა სოფელსო" და გაზი კი არა, შეშას ვერ ჭრის ლეჩხუმელი გლეხი ტყეში, ჭიგოს ვერ ჭრის - ვის აჩუქეს ეს ტყეები, არავინ იცის. დაქცეულია სოფლის მეურნეობა, მიწების 60% დაუმუშავებელი რჩება. რაიონს მხოლოდ ორი ტრაქტორი მისცეს, დანარჩენი აორთქლდა. არავის სჭირდება ისეთი ძვირფასი ჯიშის ყურძენი, როგორიცაა უსახელაური და ოჯალეში. რაიონში დამეწყრილია 900-მდე სახლი. აქედან 400 დანგრეულია და ხალხი რამდენიმე წელიწადია ელოდება კომპენსაციას... ლეჩხუმელთა დიდ ნაწილს გაცნობიერებული აქვს, რომ იმ უბედურებიდან, რომელშიც ისინი "ნაცმოძრაობამ" და მისმა ბელადმა ჩაყარა, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და მის პოლიტიკურ ძალას შეუძლია ამოიყვანოს. ამიტომ მე გპირდებით - ცაგერში არჩევნებს მოიგებს "ქართული ოცნება" და მოიგებს დიდი ანგარიშით, რაშიც მთავარ როლს ხალხი ითამაშებს", - მიიჩნევს კარლო კოპალიანი.