ივანიშვილს მოქალაქეობას 5 აპრილამდე აღუდგენენ -

ივანიშვილს მოქალაქეობას 5 აპრილამდე აღუდგენენ - "ხელისუფლებამ დადებითი პასუხი მოამზადა და ცდილობს, დრო გაწელოს"


"უკვე 5 თვეზე მეტია, რაც პოლიტიკაში მოსული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. სააკაშვილმა მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მაშინ გადაწყვიტა, რაც გაირკვა, რომ ივანიშვილს სამმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენმა რუსეთისა და საფრანგეთის პასპორტები ჩააბარა, სამოქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. ივანიშვილმა მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით პრეზიდენტსაც მიმართა. სააკაშვილმა კი გადაწყვეტილება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შს სამინისტროს დასკვნების საფუძველზე უნდა მიიღოს", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით ივანიშვილს მოქალაქეობას 5 აპრილამდე აღუდგენენ / ქუცნაშვილის ცნობით, ხელისუფლებამ დადებითი პასუხი მოამზადა და ცდილობს, დრო გაწელოს.

"სამოქალაქო რეესტრსა და შსს-ს თავისი დასკვნები, კანონის თანახმად, 14 თებერვალს უნდა წარმოედგინა, თუმცა ამ ვადას ორივე უწყებამ გადააცილა, ივანიშვილის ადვოკატები ამ კვირაში მათგან ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით განმარტებებს ან თავად დასკვნებს ელიან. როგორც ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით დადებითი პასუხი აქვს, ამიტომ ისინი ცდილობენ დრო რაც შეიძლება გაწელონ. მისივე თქმით, კანონი პრეზიდენტს ავალდებულებს მიმართვიდან 90 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება. ივანიშვილმა მოქალაქეობასთან დაკავშირებით განცხადებით 5 იანვარს მიმართა და შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხის ვადა 5 აპრილს იწურება", - აღნიშნავს გამოცემა.

"14 თებერვალი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დასკვნის გაცემის ბოლო ვადა იყო, რომელიც გიორგი ვაშაძის უწყებამ დააღვია. ვაშაძემ პირობა მოგვცა, რომ დასკვნას თვის ბოლოს გადმოგვცემს. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის მიღებით ამ საკითხზე საბოლოოდ წერტილის დასმას ველოდებით. რეესტრმა უნდა წარმოადგინოს დასკვნა იმის შესახებ, თუ სად დაიბადა ბიინა ივანიშვილი, იცის თუ არა საქართველოს სახელმწიფო ენა, რა განათლება აქვს, აქვს თუ არა ბიზნესი საქართველოში და ა.შ. პარალელურად, შსს-მ უნდა დაადგინოს, არის თუ არა ივანიშვილი ძებნილი ან საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული და წარმოადგენს თუ არა საზოგადოებისთვის საფრთხეს. დასკვნის საფუძველი ყველა შემთხვევაში საამართლებრივი და დადებითი უნდა იყოს - ბიძინა ივანიშვილი არც ძებნილი გახლავთ, არც საერთაშორისო ტერორისტული დანაშაულის ჩადენაშია მხილებული და არც საზოგადოეისთვისაა საფრთხის შემცველი. სამართლებრივად შეუძლებელია დასკვნა უარყოთი იყოს იქიდან გამომდინარე, მისი უარყოფის საფუძვლები ბუნებაში არ არსებობს. მოლოდინი ასეთი გვაქვს - ხელისუფლება დროს იმის გამო წელავს, რომ ამ საქმეზე შეუძლებელია უარყოფითი დასკვნა გასცენ. უარყოფითი დასკვნის გაცემის მცირე მიზეზიც რომ ჰქონოდათ, ისინი ამდენი ხნის განმავლობაში დროს არ გაწელავდნენ.", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.

"დასკვნის დადებას აჭიანურებენ იმიტომ, რომ უარყოფითი დასკვნის გაცემის მიზეზი არ არსებობს. ხელისუფლებას შეუძლია ეს დრო კიდევ მაქსიმუმ 90 დღე გაწელოს, მაგრამ შსს-სა და რეესტრის დასკვნის გაცემის ვადა 14 თებერვალს ამოიწურა. ამიტომ, 16 თებერვალს შევიტანეთ წერილობითი განცხადება და ასევე წერილობითი სახით ვითხოვთ განმარტებას, რა არის მიზეზი, რომ აქამდე დასკვნა არ გაიცა. პასუხი კი ამ კვირაში უნდა მივიღოთ. წერილობითი განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიგვიღია - ისინი მხოლოდ ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლებიან. ვაშაძე დასკვნის დადების დაგვიანების მიზეზს არ ასახელებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და დაგვიანების მიზეზად "ხარვეზს" მიიჩნევს - ერთი უწყების ორი თანამშრომელი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას აკეთებს ", - დასძენს ზაქარია ქუცნაშვილი და შეკითხვას - "ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებდნენ. თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი ხელმოწერააა ამჟამად შეგროვებული?" - პასუხობს:

"ეს თავიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა იყო. მათ ხელმოწერების შეგროვების კამპანია ნოემბერში აწარმოეს სამი კვირის მანძილზე, მაშინ სულ 300 ათასი ადამიანის ხელმოწერა შეგროვდა. ეს კი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ საზოგადოების აზრი გამოხატულად ჩაითვალოს. ამის შემდგომ ხელმოწერების შეგროვება პოლიტიკურმა პარტიებმაც გააგრძელეს. ჩემი ინფორმაციით, ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერაა შეგროვებული, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობრივ მონაცემებს. აქ მნიშვნელობა აქვს საზოგადოების დამოკიდებულებას. ხელმოწერებს ჩვენ არა სამართლებრივი პოზიციების დასასაბუთებლად, არამედ საზოგადოებრივი განწყობის დასადასტურებლად ვიყენებთ".