გულს ნუ გაიტეხ… (წერილი ამომრჩევლებს)

გულს ნუ გაიტეხ… (წერილი ამომრჩევლებს)

„When I despair, I remember that all through history the way of truth and love have always won. There have been  tyrants and murderers, and for a time, they can seem invincible, but in the end, they always fall. Think of it - always.” 

Mahatma Gandhi

„როდესაც სასოწარკვეთა მეუფლება, მუდმივად მახსენდება, რომ ისტორიის მანძილზე, სიმართლე და სიყვარული ყოველთვის იმარჯვებდა. ყოველთვის იყვნენ ტირანები და მკვლელები, რომლებიც დროის რაღაც მონაკვეთში, დაუმარცხებლებად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ბოლოს ყველა მათგანი დაემხო. იფიქრეთ ამაზე – ყოველთვის”

მაჰათმა განდი

გულს ნუ გაიტეხ! სასოწარკვეთა ყოველთვის ცუდი მრჩეველია. უსამართლობის მიერ მოყენებული ტკივილი, დამცირება, ძალადობა, უიმედობა, დროებითია, რადგან უსამართლობა ეფემერაა, იგი სიმართლის დანახვისთანავე ქრება. უსამართლობას არ შეუძლია ჯანმრთელი ნერგივით, ფესვები გაიდგას, აყვავდეს, გაიფურჩქნოს და მწიფე ნაყოფი გამოიღოს. იგი, მხოლოდ განსაკუთრებული, ხელოვნურად შექმნილი, არაბუნებრივი პირობების დროს ხარობს.  

უსამართლობა ცხოვრების ჯორია - ჯანიანი, მასშტაბური, მოთხოვნადი, მაგრამ მაინც უნაყოფო და უჯიშო.

უსამართლობა მხოლოდ იქ მრავლდება, სადაც სამართლის აღარ სჯერათ. უსამართლობა მხოლოდ იქ ხარობს, სადაც სამართლიანობას შიში და ცხოველური ინსტინქტები სძალავს. უსამართლობის ნებისმიერი, სულ მცირე გამოვლინებაც კი, აზიანებს სამართლიანობას ყველგან და ყოველთვის. ონორე დე ბალზაკი ამბობდა, რომ მმართველნი ყოველთვის ისეთ კანონებს ქმნიან, რომელნიც ობობის აბლაბუდას ჰგვანან, მაგრამ გულუბრყვილო მონადირე-ობობისგან განსხვავებით, ადამიანთა კანონების ეს ქსელი ისეა „მოქსოვილი“, რომ დიდი ბუზები გაატაროს, ხოლო პატარები დაიჭიროს.

უცნაურია, მაგრამ უსამართლობა სამართალზე უფრო მატერიალურია. ჩვენს წარმოდგენაში მას შეიძლება ჰქონდეს სახე, ყოველთვის გვახსოვს უსამართლობის ჩადენის ადგილი. უსამართლობა ხშირად პიროვნულია, ჩამდენებს სახეები და სახელები აქვთ. უსმართლობასთან ასოცირდება ფიზიკური ტკივილი, ცრემლი, წამება, ოფლი, სისხლი და ფული. უსამართლობის ჩამდენნი, ყოველთვის კონკრეტული ადამიანები არიან. ოსვენციმსა და დაჰაუს, სიმპათიური, განათლებული ინჟინრები და ოჯახის მამები აშენებდნენ, რომლებიც თავიანთ შვილებს ზამთრობით, ლამაზ საშობაო საჩუქრებს ჩუქნიდნენ, ოსვენციმიდან შვებულებაში დაბრუნებულნი.

სამართალი - ბედაურია. იგი თაობიდან თაობისკენ მიჰქრის და არასდროს ჩერდება. სამართალს ხელშესახები, მატერიალური ფორმა არ აქვს. იგი გენებივით, მშობლებიდან შვილებზე გადადის. სამართალს ზომა-წონაც არ აქვს - ჩუმად ნათქვამ სიმართლეს შეუძლია უსამართლობის ოკეანე დააშროს.

ირინა ენუქიძის შეუპოვრობამ და ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ სამუდამოდ შეარყია სააკაშვილის უხეირო რეჟიმი. საქართველოს დღევანდელმა მმართველებმა სამართლიანობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით, იმდენი უსამართლობა ჩაიდინეს და იმდენს გაუმწარეს ცხოვრება, რომ ამ დანაშაულებათა სრულად ჩამოთვლა თითქმის შეუძლებელია. ჩვეულებრივი ადამიანი ვერ იმახსოვრებს ამდენ ბოროტებას, ვეღარ აანალიზებს მას - უკიდეგანო ტყუილი მართალს ფარავს, ბნელი მზის შავად შეღებვას ცდილობს, ვირტუალური ხატები სინადვილეს ანაცვლებენ და საბოლოოდ, უსამართლობა ცდილობს სიმართლე მიჩქმალოს, რამენაირად.

ნაციონალ „მხატვარ-შემოქმედთა“ მიერ შექმნილი, უსამართლობის ძალიან მატერიალური და ფიზიკურად ხელშესახები ნაგავსაყრელი, ნელ-ნელა შთანთქავს საქართველოს მწვანე მინდორ-ველებს, ცისფერ მდინარე-ნაკადულებსა და ფირუზისფერ მთებს. ნაც-უსამართლობა და ძალადობა, აჭკნობს ქართველებისათვის ბუნებრივ სიმხნევესა და სილაღეს და ერთ დროს, ცხოვრების ნებიერა კავკასიელებს, ქურდბაცაცა ბანკების უბედურ დებიტორებად გვაქცევს. ცხონებულ გობსეკს, ქართული ბანკების საკრედიტო პროცენტები რომ ენახა - თავისი გულჩვილობისგან გულიც გაუსკდებოდა, ნამდვილად.

უსამართლობისგან, უფულობისგან, უმუშევრობისგან და უსაზღვო ძალადობისგან გათანგულ საქართველოს 21-ე საუკუნის „ჩამოსხმის“ მოქალაქეს ისღა დარჩენია, რომ მითიურ მხსნელს დაელოდოს - მხსნელს, რომელიც ამ უსაშველო და უსულგულო ცრუ-დრაკონებისგან - სააკაშვილებისგან,  კუბლაშვილებისგან, ცისკარიშვილებიგან, ბოკერიებისგან, სუბელიანებისგან, ბენდუქიძეებისგან და ძმათა მათთაგან, გაათავისუფლებს მზიან ივერიას, თავებს დააყრევინებს ნაცმოს უგულო მესვეურებს, სიცოცხლის გადაკეტილ ნაკადულსაც ძველ კალაპოტში მიუშვებს და ადამიანებს თავსაც დაანებებს. და რაც მთავარია, სანაცვლოდ, მხსნელი იგი არაფერს მოითხოვს. 

ქართველნო და არაქართველნო საქართველოისა, გულს ნუ გაიტეხ!

საქართველოს მითიური მხსნელი და ივერთ მხრის გმირი, არჩევნებია! დიახ, 2012 წლის არჩევნები საქართველოში.  

ამ არჩევნებზე ყველანი პირნათლად უნდა გამოვცხადდეთ და ფარდის უკან ვიძიოთ შური ჩვენს ახალგაზრდა, მაგრამ ბოროტ მმართველებზე. ისინი აუცილებლად დაგაშინებენ, „ხუთიანს“ თუ არ შემოხაზავ „დაგხუთავთო“, გეტყვიან, მაგრამ გულს ნუ გაიტეხ ...

მოუსმინეთ ნაცმოელთა წინასაარჩევნო მუქარას, პასუხი არ გასცეთ, შეიკავეთ თავი. სამაგიეროს კარგად გადახდას, დრო სჭირდება. მოიცადეთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ ისინი გულწრფელნი არ არიან, თქვენი ხმა ძალადობისთვის უნდათ. თქვენი ხმა თქვენს წინააღმდეგ სურთ გამოიყენონ და თქვენივე ხმით, სურთ თქვენვე დაგსაჯონ 2012-2016 წლებში. ამიტომ გულს ნუ გაიტეხ და ეს ხმა, მათ აღარ მისცეთ.

გახსოვდეთ, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა, შიშის გარდა, ნდობაზეც არის დამოკიდებული. ვისაც აღარ ენდობით, იმათ ნუღარ მისცემთ ხმას.

ქართველო ამომრჩეველო! გულს ნუ გაიტეხ ...

დაამარცხეთ შიშის ურჩხული თქვენში! მოკალით მუხლებში გამჯდარი შიში, საარჩევნო ურნასთან.

გახსოვდეთ, რომ სიმართლე, წმინდა სისხლის ჯიშიანი ბედაურია, ხოლო უსამართლობა  - უნაყოფო ჯორი, რომელსაც მუცლის ამოყორვის მეტი არაფერი ახსოვს.

ქართველო ამომრჩეველო!

საარჩევნო უბანზე გამოცხადებისას, გაუღიმეთ კომისიის წევრებს, დამკვირვებლებს, მეზობლებს, ნაცმოს მიერ დაშინებულ კოორდინატორებს და ფარდის უკან იძიეთ შური სააკაშვილის 8-წლიან რეჟიმზე, „თიბისისა“ თუ „საქართველოს ბანკის“ მრავალწლიან, უსაშველოდ მაღალპროცენტიან კრედიტებზე, თქვენ ძველ, თითქმის დამდნარ ჩექმებზე, თქვენს მუდმივად გახვრეტილ ჯიბეზე და თავხედ მეზობელზე, რომელიც თავის შავ,  გემივით „ლექსუსს“, სადარბაზოს შესასვლელთან აყენებს.

ქართველო ამომრჩეველო!

საარჩევნო კაბინის ფარდის უკან შეუდგინეთ თქვენი რეიტინგი ქართველი „ნაციონალ-ლიბერალების“ ყბადაღებულ „მიღწევებს“.

ფარდის უკან დაამარცხეთ  თქვენი „კორუმპირებული“ შიში (corrumpo ლათინურად - დაზიანებული, დამპალი, გადაგვარებული, მოშხამული) და თავაწეული შეხვდით თქვენს მიერ მიღებულ სერიოზულ გადაწყვეტილებას.

ნუ გერიდებათ, რომ ფარდის უკან, სხვებისგან დაფარულად აკეთებთ ამას. კუბლაშვილი და ბალავაძეც ჩაკეტილ კაბინეტებში წერენ „კანონებს“, ჩვენს გასაწვალებლად. ასე რომ, ყველაფერი გადახდილია, ყველაფერს თავისი ფასი აქვს.

ფარდის უკან მოაჭერით გასიებული თავი ნაცმოს ბოროტ და ყალბ დრაკონს. 2012 ნამდვილი დრაკონის წელიწადია და ყველა ცრუ-დემოკრატი, ცრუ-ლიბერალი და ცრუ-ეროვნული წელს უნდა წავიდეს სცენიდან!

საზეპირო საარჩევნო კაბინაში შესვლამდე:

„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ (შოთა რუსთაველი, დიდი ქართველი პოეტი)

„The vote is the most powerful instrument ever devised by man for breaking down injustice and destroying the terrible walls which imprison men because they    are different from other men.” (Lyndon B. Johnson)/

არჩევნები, ყველაზე მძლავრი საშუალებაა, რომელიც ადამიანმა მოიგონა უსამართლობის წინააღმდეგ. არჩევნები ამსხვრევს ტყვეობის იმ კედლებს, რომელშიც ადამიანები იმყოფებიან ერთმანეთისგან განსხვავებულობის გამო. (ლინდონ ბ. ჯონსონი)