რას პასუხობს ოპოზიციის ბრალდებებს, შედგება თუ არა გარიგება ხელისუფლება-გელბახიანს შორის და როგორ აფასებს ივანიშვილის საარჩევნო კოალიციის შანსებს გიორგი გაბაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობამ კვლავ პირი შეკრა და ამჯერად, თავს პატარკაციშვილის ყოფილი მოკავშირის, ძებნილი ვალერი გელბახიანის დაკავების კომენტირებისგან იკავებს. სამაგიეროდ, უხვად არიგებენ შეფასებებს ივანიშვილის ახალი პარტიის შესახებ და ამ შეფასებებში გიორგი გაბაშვილი უპირობო ლიდერია, რეზონანსული ფრაზით ,,გაცვეთილი სახეების'' შესახებ. შედგება თუ არა გარიგება ხელისუფლება-გელბახიანს შორის, ვის და რატომ მიიჩნევს ,,გაცვეთილად'' და როგორ აფასებს ივანიშვილის საარჩევნო კოალიციის შანსებს – ,,ვერსია'' გიორგი გაბაშვილს ესაუბრება:
– გელბახიანის საქმე პოლიტიკურ შეფასებას არ საჭიროებს, რადგან კონკრეტული ძებნილის წინააღმდეგ, კონკრეტული საქმეა აღძრული. საზღვრის გადმოკვეთისას მისი დაკავება, აბსოლუტურად ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია. არ ვიცი, რამდენად შეიძლება გამონაკლისის დაშვება მისთვის, თუნდაც ამ მოტივის გამო.
– სწორედაც, პოლიტიკური შეფასებაა საჭირო: ბევრი იმის დიდ ალბათობას ხედავს, გელბახიანი სულ მალე საპროცესოთი გამოუშვათ, რადგან იგი აქამდეც პათოსით საუბრობდა ე.წ. მესამე ცენტრზე და ამ თეორიას ისევ ივანიშვილის ფრონტის წინააღმდეგ დაგეგმილ მორიგ ოპერაციამდე მივყავართ.
– იცით რა, გელბახიანის საქმით სპეციალურად არ დავინტერესდი, რადგან ეს თეორია სპეკულაციად მიმაჩნია. არ ვიცი, გირაო იქნება გამოყენებული, თუ რაიმე სხვა ღონისძიება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არანაირ პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი არაა. მესმის, უყვართ ეს კონსპირაციები, მაგრამ ამ აზრს ვერ გავიზიარებ.
– მაშინ თქვენ პოპულარულ შეფასებაზე ვისაუბროთ: ,,გაცვეთილი სახეები და არანარი პრინციპული სიახლე'', – ეს ლამის ფრთიან ფრაზად იქცა და თქვენმა ოპონენტებმა სხარტად აიტაცეს. დააკონკრეტეთ, ვის და რატომ მიიჩნევთ ,,გაცვეთილად'' ივანიშვილის პარტიაში?
– რატომ გახდა ეს კომენტარი ასეთი ღირსშესანიშნავი, არ მესმის. მით უმეტეს, ვინმეზე პერსონალური თავდასხმა ჩემ მიზნებში ნამდვილად არ შედის. უბრალოდ, მართლა ვერანაირ სიახლეს ვერ ვხედავ, რადგან ეს იგივე სახეებია, ვინც ბურჯანაძესთან, ნოღაიდელთან იყვნენ, ასევე, ვიცნობთ ,,ქართული აკადემიიდან'', ,,სახალხო კრებიდან''. უმეტესობა, ისედაც აქტიურად ჩანდა ოპოზიციურ ფლანგზე და უბრალოდ, მათი კონსოლიდაცია ამ ერთ პარტიაში მოხდა. საერთოდაც, ივანიშვილის გამოჩენამ დიდი არაფერი, მაგრამ ზუსტად ეს გამოიწვია – სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების ნაკრები შეიქმნა. მოვისმინეთ ყველასთვის კარგად ნაცნობი რიტორიკა და არგუმენტები. არ არსებობს არანაირი კონკრეტული პროექტი და ყველა მიმართულებაში ჩანს ნოსტალგია წარსულზე, ძველ სქემებსა და სტრუქტურაზე საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში. თურმე, უნდა აღდგეს წარსულის ელემენტები, რათა მომავალში კარგად ვიცხოვროთ, როგორც ივანიშვილმა თქვა. მე კი ეს კარგი ცხოვრების არც გარანტიად მიმაჩნია, არც წინაპირობად. ჩემთვის კონკრეტული გაცვეთილი სახეები კი არა, მთლიანად ეს რეტროგრადული პოლიტიკური ძალაა მიუღებელი!
– თავს პერსონებს თუ არ ესხმით, მაშინ რატომ უსვამთ ხაზს, რომ ეს რეტროგრადები ბურჯანაძის, ხაინდრავას, ნოღაიდელის გუნდებიდან მოდიან, როცა სამივე მათგანს თქვენი გუნდი აერთიანებს და სამივეს უმაღლესი პოსტი ეკავა თქვენ ხელისუფლებაში?
– სწორედ ამას ვუწოდებ საკუთარი ეროვნული ინტერესების ღალატს! დიახ, როცა გიკავია ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა მთავრობაში და ამის მერე ბედავ, წახვიდე შენი ქვეყნის მთავარ მტერთან, პუტინთან და მის გვერდით ,,პაკლონნაია გარაზე'' დადგე, ეს სახელმწიფოს ღალატი არაა? ამ მარადიული არგუმენტის რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი არსებობს? მომავალი არ აქვს ურთიერთობას პუტინის რუსეთთან. შეუძლებელია, რაიმე სახის სერიოზული ანალიზი მოდერნიზებული ევრაზიის კავშირის კონცეფციაზეც და მაქვს მარტივი პასუხი იმაზე, რა ადგილი უნდა გვქონდეს მასში – არანაირი!
– აი, თავს ისევ პერსონებს ესხმით – თედო ჯაფარიძემ, რომელსაც, სხვათა შორის, მარტო ნინო კალანდაძის უწყება მიიჩნევს არაპროფესიონალად, უბრალოდ, ამ პროექტის გაცნობაზე ისაუბრა.
– აქ ივანიშვილს თანმიმდევრობა აქვს არეული – რუსეთთან ერთიერთოების დალაგება კი არ გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ ნორმალური ქვეყანა გავხდებით, არამედ დასავლეთის ცივილიზაციის ნაწილად რომ ვიქცევით, ეს დაალაგებს ურთიერთობას რუსეთთან. მთავარია, რუსეთი მიხვდეს, რომ საქართველო მისი უკანა ეზო აღარაა. მოდით, ივანიშვილის მიერ ,,ეკონომისტთან'' გაკეთებულ განცხადებებზე ვიმსჯელოთ – საქართველო რუსეთზე ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანააო, ან თუნდაც იმაზე, რომ იგი პუტინის დემოკრატიისკენ შემობრუნებას ელის.
– და ამ ფრაზას დაუსრულებლად უნდა მოუხმოთ, როგორც კომპრომატს? ასეთივე წარმატებით, დაუსრულებლად შეგახსენებენ, რომ როცა თქვენ ,,ვარდების ხელისუფლებასთან'' ერთად მოდიოდით, მამათქვენი ძველი მთავრობის ელჩი იყო გერმანიაში. არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი?
– ეს სისულელეა! ორმაგ სტანდარტს ვერ ვხედავ იმაში, რომ მამა თავის ადგილზე ღირსეულად მუშაობდეს, შვილი კი თავის საქმეს სხვა პოლიტიკური მოსაზრებებით აკეთებდეს. ამის გამო, ჩვენ არანაირი პოლიტიკური კონფლიქტი არ გვქონია. რაც 2002 წელს პოლიტიკაში მოვედი, მას ჰქონდა სირთულეები და, შესაძლოა, მის მიმართ შენიშვნებიც გამოითქვა, მაგრამ ამაზე ძალიან გასაგები პასუხი გასცა: ის მე ხელს ვერ შემიშლიდა ჩემი მოსაზრებების გამოხატვაში.
– თუმცა მთავრობის ცვლას არ შეუშლია ხელი, კოტე გაბაშვილი ელჩად იტალიაში წასულიყო. კიდევ ერთ ბრალდებას გიყენებენ გამუდმებით, რომ სამეგრელოში, იარაღით ხელში, გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას უპირისპირდებოდით.
– ეს ყოვლად უსინდისო ტყუილია! ჩემ ცხოვრებაში ხელში ავტომატი არც მე მჭერია, არც მამაჩემს, გარდა იმ შემთხვევისა, რომ საქმე სოხუმის დაცემას ეხებოდა, თუმცა არც მაშინ მქონია იარაღი. რაც შეეხება ამ ბრალდებას, დიახ, მე მქონდა ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები, რომელიც ხან ემთხვეოდა მაშინდელი ხელისუფლებისას, ხან _ არა. სხვა დანარჩენი, ამაზრზენი სიცრუე და გაუგონარი სიბინძურეა!
– დღეს თქვენ წინააღმდეგ უკვე თქვენი ძველი თანამებრძოლების მთელი კოალიციაა შეკრული. როგორ შეაფასებთ ამ კოალიციის შანსებს მომავალ არჩევნებში?
– სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი გატყდა, ან გადაიბირეს, ანდა რაღაცაში ვერ ერკვევა. არ ვიცი, რამ შეიძლება ადამიანს ათქმევინოს, რომ საქართველო რუსეთს თავს დაესხა. მხოლოდ ერთი შეფასება მაქვს – ისინი ფატალურ პოლიტიკურ შეცდომებს სჩადიან, რომელსაც ვერ ვხსნი! არც ფსიქოანალიზის სპეციალისტი ვარ, სხვის გულსა და გონებაში შევიდე და ავხსნა, რატომ შეიძლება მოგეჩვენოს რუსეთი საქართველოზე დემოკრატიულ ქვეყნად. ამაზეც ერთადერთი შეფასება მაქვს – გაერთიანება მაღალი ხელფასისა და პრემიის გარშემო მოხდა და არსებობს ილუზია, რომ ფული ყველაფერს გადაწონის. თუმცა ეს ადამიანები მალე დარწმუნდებიან, რომ ფული და პოლიტიკა ორი განსხვავებული ამბავია.
– მაშინ აგვიხსენით, რატომ ბარგდებიან მაჟორიტარები ,,ქართულ ოცნებაში'' ასე ინტენსიურად?
– ბეჟან ხურციძე და ფრაქცია პრინციპულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების გამო ერთმანეთს დაემშვიდობნენ, რომელთა კონკრეტიკაშიც არ შევალ. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ.
– რატომ დაემშვიდობეთ ერთმანეთს თქვენ და კობა კურდღელაშვილი, რომელსაც კობა დავითაშვილი შიდა ქართლის ,,ზონდერსაც'' უწოდებს?
– საკუთარი თავი ჩვენი გუნდის გარეთ თავადვე მოიაზრა. ისე, კურღელაშვილზე ცუდი არაფერი გამიგია და დავითაშვილის ამ შეფასებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა გვაქვს და ერთი-ორი კაცში, რომელსაც სურს, სხვანაირად წარმოიდგინოს თავისი პოლიტიკური მომავალი, გლობალური პროცესების დაწყებას ვერ ვხედავ.
– ნებისმიერ შემთხვევაში, ივანიშვილის კოალიცია სულ უფრო იზრდება, მას ,,ფორუმი'' შეემატა და ძმები გაჩეჩილაძეებიც მის ფრონტზე გამოჩნდნენ. კოალიციის შანსები რატომ არ შემიფასეთ?
– ისევ ჩემი პოპულარული კომენტარი უნდა გამოვიყენო – ვერანაირ სიახლეს გუბაზ სანიკიძისა და ,,გრეჩიხას'' იმ გუნდში ყოფნით ვერ ვხედავ და რა ვქნა? ამ პოლიტიკურ სახეებს ძალიან დამაჯერებლად მოვუგეთ სამ არჩევნებში. მეორე საკითხია, რამდენად გამოავლენენ ჩვენი ოპონენტები მაღალ პოლიტიკურ კულტურას და აღიარებენ იმ შედეგს, რომელიც ჩვენთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე მათთვის.
– და რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ კულტურას არ გამოავლენენ, მით უმეტეს, ხმების აქციებით დაცვაზე უკვე გაკეთდა განცხადება ივანიშვილის მხრიდან.
– ეჭვი მეპარება, ივანიშვილმა თავის მიზანს მიაღწიოს და ხმების ორი მესამედი აიღოს. ჩემი ვარაუდით, ივანიშვილი მოახდენს ძირითადი ოპოზიციური ხმების შემოკრებას და დანარჩენი ოპოზიციის ჩამოტოვებას, მინიმუმ, მესამე ადგილზე. რა თქმა უნდა, ყბაში მოდება, მუშტი-კრივი და არეულობა ქვეყანაში არც ერთ შემთხვევაში არ იქნება. არჩევნები არ გაყალბდება და ამის მერე, ვის რა რეაქცია ექნება და ვინ მიადგება მაკრატლით თავის მანდატებს, ეს მისი გადასაწყვეტია.
750
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85