მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს

"აიფიემის" კვლევების შედეგების თანახმად, მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსში ნულს ზემოთ მხოლოდ პოლიციის, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებია.

„აიფიემი“ მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს. ორგანიზაციის მონაცემებით, მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით კვლავ მაღალ მაჩვენებელს (38) ინარჩუნებს. ძალზედ დაბალი მაჩვენებელი, ისევე როგორც წინა თვეებში, ეკონომიკური საქმიანობის და დასაქმების მიმართულებით ფიქსირდება. წინა თვესთან შედარებით ინდექსმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა განათლება-მეცნიერების და სოციალურად დაუცველებზე, პენსიონერებზე ზრუნვის სფეროებში - 3 და 4 პუნქტით.

ორგანიზაციის ცნობით, მაჩვენებელმა ორ-ორი პუნქტით აიწია ჯანდაცვის, პოლიციის და საგარეო ურთიერთობების დარგში. ნულს ზემოთ მხოლოდ პოლიციის, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებია. ნულს ქვემოთ კვლავ მთავრობის საქმიანობათა უმრავლესობა რჩება, მათ შორის მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი, სოციალურად დაუცველებზე ზრუნვა და ა.შ.

„პროგრესი მომავლის პერსპექტივაში ახასიათებს განათლებასა და მეცნიერების საქმიანობას, ეკონომიკასა და დასაქმებას, ხოლო პოლიციისა და ადამიანის უფლებების მიმართულებები რეგრესს განიცდიან პერსპექტივაში“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

“აიფიემი“ მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს ზომავს, რაც მთავრობის მიმდინარე საქმიანობის შეფასებაა. პროექტის ფარგლებში იზომება მთავრობის საქმიანობის  ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც წარმატების მოლოდინის ინდექსი ეწოდება. კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი: მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი, წარმატების მოლოდინის ინდექსი და მთავრობის საქმიანობის რეიტინგი.

კვლევის მორიგი ტალღა 2015 წლის ივნისში ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+.