2015 წლის საგამოცდო პროცესი დღეს დასრულდა

2015 წლის საგამოცდო პროცესი დღეს დასრულდა

2015 წლის საგამოცდო პროცესი დღეს ქიმიის გამოცდით დასრულდა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში 40 000-მდე აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში - 4 000-ზე მეტმა სტუდენტმა, საერთო სამაგისტრო გამოცდაში - 12 500-ზე მეტმა კანდიდატმა, პრაქტიკოსი მასწავლებლების საგნის გამოცდაზე - 17 000-ზე მეტმა პედაგოგმა.

"ეს არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილი იმ მთლიანი პროცესის, თუმცა წინ ძალიან მღელვარე პერიოდი გველოდება, რადგან ინტენსიურად მიმდინარეობს გასწორების პროცესი. შემდეგ იქნება აპელაციების პროცესი, შემდეგ სახელმწიფო გრანტის განაწილება და ა.შ. ჩვენი აპლიკანტები და არა მხოლოდ აბიტურიენტები მოუთმენლად ელოდებიან შედეგების გამოცხადებას", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, საგამოცდო პერიოდმა უხარვეზოდ ჩაიარა.

"მთელი ეს პროცესი წარიმართა ყოველგვარი ხარვეზის გარეშე, თუმცა აქ არ შეიძლება არ ვახსენოთ ის, რომ იყო გარკვეული რაოდენობა აბიტურიენტების, ასევე იყვნენ პედაგოგებიც, რომლებმაც ან დაიგვიანეს გამოცდაზე, ან გამოცხადნენ იმ საგამოცდო ცენტრში, რომელშიც არ უნდა გამოცხადებულიყვნენ. კონკრეტულ შემთხვევებში, აბიტურიენტი გორის საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა თბილისის ნაცვლად და ოპერატიულად მოვახერხეთ აბიტურიენტის ჩამოყვანა თბილისის საგამოცდო ცენტრში. სხვა შემთხვევაში, აპლიკანტები გამოეთიშნენ კონკურსს. იყო სამწუხარო შემთხვევები იმისა, რომ სამი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან, ასევე ერთი პედაგოგი მოიხსნა გამოცდიდან, ასეთი შემთხვევა შარშან არ გვქონია. თუ ამას არ ჩავთვლით, მთელმა პროცესმა უხარვეზოდ ჩაიარა", - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.