ყველა ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა, დაკავებულია

ყველა ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა, დაკავებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ყველა ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა, დაკავებულია.

როგორც გომელაურმა ორი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხად განაცხადა, ე.წ. კანონიერი ქურდების და ქურდული სამყაროს მხარდამჭერების დაკავება კანონის ფარგლებში ხორციელდება, ოღონდ ეს რეკლამირებისა და ტელევიზიით საუბრის გარეშე ხდება.

გომელაურმა საქართველოში "რემენას" შემოსვლა და გასვლა არ დაადასტურა და როგორც აღნიშნა, ასეთი რამ ბაზაში არ ფიქსირდება.

ამასთან, მისივე თქმით, 2008-2012 წლებში საქართველოში 11 "კანონიერი ქურდი", ავტორიტეტი შემოვიდა და მათ ქვეყანა რამდენიმე საათში დატოვეს.

"ნამდვილად ვერ დავადასტურებ იმას, რომ "რემენა" შემოვიდა და გავიდა. ეს არსად ფიქსირდება. სამი ქურდი შემოვიდა, რომელიც ჩვენ დავაკავეთ. ეს ადამიანები დღეს სასჯელს იხდიან. შემიძლია წარმოვადგინო სია – 2008 წლიდან 2012 წლამდე 11 კანონიერ ქურდი, ავტორიტეტი შემოვიდა, რომლებიც დაფიქსირებული არიან საბაჟოზეც და საზღვარზეც. ზოგმა ნახევარ საათში დატოვა ქვეყანა, ზოგი დღენახევარში, 27-საათში გავიდა, ზოგი აეროპორტიდანაც არ გამოსულა და იქიდანვე გაუშვეს. ეს ხდება – შემოდის ქურდი, შეიძლება კანონიდან გამომდინარე ვერ დააკავო, თქვას "არა ვარ ქურდი" და მას კანონიდან გამომდინარე, ვერ დააკავებ, მან შეიძლება ქვეყანა დატოვოს. ეს ხდებოდა. ჩვენს დროს ვინც შემოვიდა, ყველა იქნა დაკავებული. შემოსული და აქ დარჩენილი არავინაა", - აცხადებს ვახტანგ გომელუარი.