უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ნდობის ჯგუფში ანგარიშით უნდა წარდგეს

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ნდობის ჯგუფში ანგარიშით უნდა წარდგეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პარლამენტის ნდობის ჯგუფს გარკვეული პერიოდულობით ანგარიში წარუდგინოს.

როგორც ირაკლი სეისიაშვილმა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ის რეფორმა რომელიც შსს-ში ჩატარდა, უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფით არის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩვენ, პირველ რიგში, დავშალეთ ის დიდი მონსტრი, სადაც იყო დიდი ძალაუფლება კონცენტრირებული და სამწუხაროდ, ძალიან დიდი პერიოდის მანძილზე ის იმართებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ, პოლიტიკური ნების ფარგლებში დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ სისტემა, რომელიც განსაკუთრებით ეხება პოლიციას და უსაფრთხოებას უნდა იყოს დეპოლიტიზირებული და ამ პოლიტიკური ნებით ვმოქმედებთ. ამ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში და პირობებში ამაღლდება ეფექტურობა ამ სამსახურის, რადგან ის შეიძენს მეტ თვითგანვითარების და სისტემის გაძლიერების შესაძლებლობას და ის მოწყდება პირდაპირი პოლიტიკური ზეგავლენის არეალს", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა და ის ექვემდებარება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

"მე მიმაჩნია, რომ ამ თანამდებობაზე უფროსის დანიშვნა ეს არის პირველ რიგში, მიზანმიმართული იმისკენ, რომ სისტემა იყო სტაბილური და ის კონცენტრირებული იყოს უშიშროების საკითხებზე. მინდა, ამასთან ერთად ჩემი კითხვა დავსვა და პოზიცია დავაფიქსირო. საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება არის მნიშვენლოვანი და აქამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის სისტემას საშუალება ჰქონდა განეხორციელებინა ზედამხედველობა იმ საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდებოდა უსაფრთხოებას. არსებობს ნდობის ჯგუფი, რომელსაც აქვს ფინანსებზე და საიდუმლო ინფორმაციაზე გარკვეული ზედამხედველობა. მინდა, უახლოეს ხანებში პარლამენტის წინაშე წარვდგე ინიციატივით და დავაყენო საკითხი, რომ ახლად შექმნილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყოს ვალდებული ნდობის ჯგუფის წინაშე და პარლამენტი თავად იმსჯელებს რა ფორმით და როგორ რა პერიოდულობით წარდგეს ეს სამსახური ნდობის ჯგუფის წინაშე და მიაწოდოს ინფორმაცია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.