ოკუპირებული რეგიონების არსებობა, ხელსაყრელ გარემოს ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისთვის

ოკუპირებული რეგიონების არსებობა, ხელსაყრელ გარემოს ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისთვის

ე.წ. ისლამური სახელმწიფო, საქართველოს იგივე საფრთხის მატარებელია, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილმა ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

გომელაური სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეულ მიმართულებად ტერორისტიული საქმიანობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა-აღკვეთას, ასევე ტერორისტების ფინანსური და მატერიალური რესურსების შეზღუდვას ასახელებს.

"გაგრძელდება კონტრერორისტული დანაყოფების სათანადო აღჭურვა და გადამზადება. ტერორიზმის ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით, ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენი თანამოქალქეების რადიკალიზაციას და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის პრევენციას, რისთვისაც აუცილებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების ხელის შეშლა. დღეს გლობალური ტერორიზმის გამოვლინებაა ე.წ. ისლამური სახელმწიფო, რომელიც საქართველოსთვისაც იგივე საფრთხის მატარებელია, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის", - აცხადებს გომელაური.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება მასობრივი განადგურების იარაღის, მასალებისა და მათი გადატანის საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა, მათი ცალკეული სახელმწიფოების ტერორისტების თუ სხვადასხვა დაჯგუფების ხელში მოხვედრის თავიდან აცილება.

"საფრთხისშემცველია ოკუპირებული რეგიონების არსებობა, რაც ხელსაყრელ გარემოებას ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისთვის, განსაკუთრებით მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად აუცილებელი კომპონენტების უკანონო ბრუნვისთვის", - ამბობს ვახტანგ გომელაური.

ვახტანგ გომელაურს თავდაცისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას პარლამენტი ფარული კენჭისყრით ამტკიცებს. მისი კანდიდატურის გატანა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.