უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობის გამოვლენა და ნეიტრალიზაცია პრიორიტეტული მიმართულება იქნება

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობის გამოვლენა და ნეიტრალიზაცია პრიორიტეტული მიმართულება იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ გომელაური უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ამოცანების, გეგმების, სადაზვერვო შესაძლებლობების და ოპერაციების გამოვლენასა და აღკვეთას ასახელებს.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირების ზუსტ და დროულ ინფორმირებულობას, რაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

"პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტუქტურებში, შეიარაღებულ ძალებსა და სახელისუფლებო რგოლებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის პრევენცია, მათი საქმიანობის გამოვლენა და ნეიტრალიზაცია, ასევე ეკონომიკური შპიონაჟის წინააღმდეგ ბრძოლა", - განაცხადა გომელაურმა პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე.

მან ისიც აღნიშნა, რომ სიახლეს წარმოადგენს ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის გაუქმება და აქვე განაცხადა, რომ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფო საიდუმლეობის კუთხით უსაფრთხოების მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცვას, მათ წინააღმდგ მიმართული სადაზვერვო, შესაძლო დივერსიული საქმიანობის, ტერორისტული საფრთხეების გამოვლენას და აღკვეთას.

ვახტანგ გომელაურს თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას პარლამენტი ფარული კენჭისყრით ამტკიცებს. მისი კანდიდატურის გატანა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.