სასამართლო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაადგინოს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი

სასამართლო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაადგინოს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი

გითანაგრძნობთ, თქვენი შვილის მკვლელობის გამო, - ასე მიმართა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ციალა ვაზაგაშვილს, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა.

მოსამართლე მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დედას დაჰპირდა, რომ სასამართლო ყველაფერს გააკეთებს რათა ამ საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინოს.

"გითანაგრძნობთ, თქვენი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. სასამართლო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაადგინოს მიზეზები რატომ მოხდა ეს ყველაფერი", - აღნიშნა მოსამართლემ.

ციალა ვაზაგაშვილმა კი, ჩვენებაში განაცხადა, რომ შვილის გარდაცვალების შესახებ ტელევიზიიდან შეუტყო, თუმცა როდესაც პროზექტურაში მივიდა მაინც იმედი ჰქონდა რომ მისი შვილი არა მოკლულებს შორის, არამედ დაჭრილი იყო.

"იქ იყვნენ პოლიციელები ჩამწკრივებული, მკითხეს ვის ეძებო და რომ ვუთხარი ვაზაგაშვილს ვეძებთქო, მითხრეს ჩვენც სწორედ მაგას ვეძებთო. არ ვიცი ეს რატომ მითხრეს", - განაცხადა ზურაბ ვაზაგაშვილის დედამ.

მისივე თქმით, მისი შვილი მამას ბიზნესში ეხმარებოდა და მესამე კურსის სტუდენტი იყო, აქედან გამომდინარე "საყაჩაღო არაფერი სჭირდა".

"2006 წელს, 2 მაისს ზურიკო მომიკლეს. ახლა კი, 20 იანვარს მის საფლავზე მამამისი", - აღნიშნა ციალა ვაზაგაშვილმა.

დაცვის მხარეს მისთვის კითხვები არ დაუსვამს. რამდენიმე შეკითხვით დაზარალებულს მხოლოდ პროკურორმა მიმართა.