კიევში

კიევში "მემარჯვენე სექტორის" სახალხო შეკრება დაიწყო

კიევში, მაიდანზე ადგილობრივი დროით 19:00 საათზე "მემარჯვენე სექტორის" სახალხო შეკრება დაიწყო, ლოზუნგით: "ძირს გამყიდველთა ხელისუფლება".

მანამდე კი "მემარჯვენე სექტორის" დახურული ყრილობა გაიმართა, რომლის მონაწილეებმა პოლიტიკური საკითხები განიხილეს და პოლიტიკური ძალის ლიდერს დიმიტრი იაროშს მოუსმინეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის მიტინგზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. იაროში შეკრებილებს ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს, რომელიც მოქმედი ხელისუფლებისადმი ნდობის გამართლებას უკავშირდება.

"ჩვენთვის ყველაზე მთავარი საკითხია ხელისუფლების, მინისტრთა კაბინეტის, უმაღლესი რადასა და პრეზიდენტისადმი უნდობლობა. მათ არ შეასრულეს ყველა ვალდებულება, რომელიც უკრაინელი ხალხის წინაშე აიღეს", - განაცხადა იაროშმა.

დღეს, სააგენტო "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის კომენტარი, რომელიც უკრაინას ახალი "მაიდნის" გამართვას უწინასწარმეტყველებს. მისი თქმით, "მემარჯვენე სექტორის" ლიდერი დიმიტრი იაროში მზადაა უკრაინელებს მიაწოდოს ახალი ორიენტირები რევოლუციური ცვლილებებისთვის და ერთ-ერთი ორიენტირია სწორედ, პოროშენკოს შეცვლა.