"ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს - არ შეიძლება ყველანი მუდმივად ვრეაგირებდეთ რაღაც კონკრეტულ კრიზისზე"

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის პოლიტიკის მიმართ, მხოლოდ ცხელი წერტილების თემატიკაზე საუბარი, სტრატეგიულად არასწორი ნაბიჯია.

როგორც მარგველაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, ამ შეხედულებას საქართველოს მთავრობა გულწრფელად უზიარებს პარტნიორებს.

"რუსეთის პოლიტიკის მიმართ მხოლოდ ცხელი წერტილების თემატიკაზე საუბარი, სტრატეგიულად არასწორი ნაბიჯია. ამას ჩვენ ძალიან გულწრფელად ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს და, დაახლოებით, შემდეგს ვეუბნებით - რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა, თავისი მეზობლების მიმართ, ნათლად განსაზღვრული და ჩამოყალიბებულია შემდეგი ტექსტით: მისი მეზობლები წარმოადგენენ პრივილეგირებული ინტერესების სფეროს და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას აქვს უფლება, ამა თუ იმ ფორმით, უფრო აქტიური იყოს იქ. რას ნიშნავს ეს? პრაქტიკულად ეს ნიშნავს ცხინვალს, სოხუმს, ყირიმს, აღმოსავლეთ უკრაინას, მოლდოვას. ეს იმას ნიშნავს, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ ამ ოცი წლის განმავლობაში. ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს - არ შეიძლება ყველანი მუდმივად ვრეაგირებდეთ რაღაც კონკრეტულ კრიზისზე. ასე მეხანძრეებივით შევეცადოთ ჩავაქროთ ვითარება, მაშინ, როცა გლობალურად რუსეთი უპირისპირდება თავის მეზობლებს და არ აღიარებს მათ სუვერენულ უფლებას",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.