თებერვალში სააკაშვილის პოპულარობამ და ობამასთან „ისტორიული შეხვედრის“ გამოძახილმა მის მეგობრებში დიდი აჟიოტაჟი შექმნა. „ფორმალურად“ დიდი არაფერი მომხდარა, მაგრამ არაფორმალურად სააკაშვილში იმდენი დღემდე დაფარული პოზიტივი აღმოაჩინეს, რომ ამ გამყინვარების ხანაში მიხოს სიყვარულით გულებიც გაულღვათ და სახეზეც წამოახურათ. „მიხო“ ფამილარულობაში არ ჩაგვითვალოთ, – ასე მას უკრაინელი ანატოლი სტრელიანი უწოდებს (გვარიც ნიშანდობლივი აქვს, რუსულად „стреляный воробей», ანუ ათას ღობეზე გადამხტარი ბეღურა გახსენდება კაცს).
ჰოდა, ეს სტრელიანი იმაზე ჭმუნავს, რომ „მიხო საკუთარ ქვეყანას ჯიუტად წინ უბიძგებს, უკრაინის ხელისუფლება კი – უკან ექაჩება“. უკრაინელი მინისტრი–ოლიგარქების აღფრთოვანებას მიხოთი იგი ასე აღწერს: „კარგი, მან მოახერხა, რომ ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად არავითარი ნებართვები არ არის საჭირო, მაგრამ ჩვენი მინისტრი–ოლიგარქები და აფერისტი გუბერნატორებიც ახერხებენ ამას თავისთვის და საკუთარი ახლობლებისთვის. მიწის მიღება საქართველოში ნებისმიერი მიზნით ერთ კვირაზე ნაკლებს იკავებს? ჩვენთან ერთ დღეზე ნაკლები სჭირდება, – იმავე ადამიანებისთვის. სახანძრო, სანიტარული და სხვა ზედამხედველები გაუქმებულია, რომ ქრთამი ვერ აიღონ? ჩვენთანაც. ზემოთ ნახსენები პირებისთვის არავითარი ზედამხედველი არ არსებობს. მთელი საკუთრება კერძო ხელში გადავიდა? აქაც ასეა, მთელი საკუთრება მათ კერძო ხელშია, ვინც ქვეყანას მართავს. ავტოინსპექტორები გარეკეს და ახალი შემადგენლობა მოიყვანეს, რომელსაც ქრთამის აღება არ უღირს, რადგან ხელფასი ღირსეული ცხოვრების საშუალებას აძლევს? ჩვენთანაც, „ძლიერთა ამა ქვეყნისა“ და მათ მეგობრებს მილიციელები არაფერს ართმევენ.
მაშ, რაღას დაფრინავენ ისინი მიხოსთან? ფსიქოლოგიის გარეშე ვერ გაერკვევი. იქნებ იმიტომ, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცონ – ჩვენთან ასე არ გამოვა, რადგან უკრაინა საქართველო არ არის? თავს ისე გრძნობენ, თითქოს თავზე დიდი უფროსი ადგათ (ღმერთის სახით), რომელიც ამ ბიჭის მაგალითს ცხვირში ჩრის. სიმშვიდის მოსაპოვებლად ორივეზე ასფალტის გადატარება იქნებოდა კარგი (ერთის არ იკმარებდა), მაგრამ ღმერთთან ვინ მიგიშვებს? იგი (მიხო და მისი საშუალებით, ღმერთი) ანგრევს მათ რწმენას, წარმოდგენებს და ცხოვრების გაგებას. თურმე შესაძლებელია, გქონდეს ძალაუფლება და არ იპარავდე. იძულებული ხარ, სხვაგვარად შეხედო პიროვნების როლს ისტორიაში, მასების როლსაც, სხვათა შორის. საქართველოს მოსახლეობა, როგორც უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელია, არც ჩვენზე განათლებული და არც ჩვენზე ნაკლებ საბჭოური. უკანონობასა და მექრთამეობაში ცხოვრებას ჩვენზე მეტად იყო შეგუებული, მაგრამ დასავლური რეფორმებს გზაზე არ გადაეღობა!
დიდია აქ ფსიქოლოგიის წილი, მეტად დიდი. იქნებ ჩვენთანაც გამოჩნდეს ჩვენი მიხო? მილიცია–უშიშროებას რომ გარეკავს, ცხადია, მაგრამ საქართველოში კიდევ ერთი რამ გაკეთდა: ყველას თვალწინ ასობით ქურდი, მინისტრიდან მოსამართლემდე, ციხეებში ჩასვეს (უკრაინის მასშტაბით ათასები იქნებოდა) და უთხრეს: ან გადაიხდით, ან იჯდებით! ასეთი ხერხი, ერთი შეხედვით, მხოლოდ სოფლელ მეოცნებეს შეიძლებოდა მოსვლოდა თავში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი განხორციელებადია და სრულ თანხმობაშია იმ წესებთან და გაგებასთან, რომლითაც ცივილიზებული სამყარო ცხოვრობს! აი, რის ეშინიათ. საქართველოში უკრაინელი მაღალჩინოსნები იმ თვითმკვლელებივით ჩადიან, რომელთაც უფსკრულში ჩახედვა იზიდავს. ეს უფსკრული ოდესმე გადაყლაპავს მათ.
აქვე უნდა დავამატო, რომ საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს ისეთივე გარემო აქვს, როგორც საკუთარს. არავითარი ქრთამები და „ატკატები“, თავისუფლად შეიტანე და გამოიტანე ფული, იყიდე მიწა. არ არის კანონდარღვევის აუცილებლობა. ამიტომაც ჩადიან ჩვენი მაღალჩინოსნები იქ. ამიტომაც მოსწონთ იქ ყველაფერი. საკუთარ საზღვრებში ხომ არ ჩაიკეტები, სხვაგანაც გინდა ფულის შოვნა „ატკატების“ გარეშე“.
აი, ასე გამოიყურება „ქართული სამოთხე“ ანატოლი სტრელიანის თვალით. მის ამ მოკლე ოპუსს „მიხოს მეგობრები“ ჰქვია. როგორც არ უნდა სცადოს ავტორმა, მიხოს მეგობრებად უკრაინელი მინისტრი–ოლიგარქები დახატოს, სინამდვილეში მისი ყველაზე დიდი მეგობარი თავად ავტორია. ქება–დიდება, რომელსაც იგი მიხოს „ცივილიზებულ“ რეჟიმს უძღვნის, ახლოსაც არ არის ქართულ სინამდვილესთან. არც სტრელიანი იწუხებს თავს იმაზე ფიქრით, რომ ასე ადვილად გაყიდული ქართული მიწა ქართველი გლეხის უთუო შიმშილს ნიშნავს. უცხოური ინვესტიციებისთვის შექმნილი „გარემო“ – ადგილობრივი დაქირავებულის მონურ შრომასა და სრულ უუფლებობას, ხშირად კი საკუთარი მოსახლეობის უმუშევრობისთვის გაწირვას და მშენებლობაზე ჩინელი პატიმრების დასაქმებას. თუმცა, რა ენაღვლება ანატოლი სტრელიანის: იგი გლობალურ საკითხებზე დარდობს, ერთი–ორი მილიონი ქართველის სიცოცხლე რა საკითხავია, როცა „დასავლურ ცივილიზიციასა და რეფორმებზეა“ საუბარი?
„იქნებ ჩვენთანაც გამოჩნდეს ჩვენი მიხო?“ – იმედით იკითხა სტრელიანიმ. მისი ოპუსის სულისკვეთება გკარნახობს, უპასუხო: – ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ! თუ თქვენი არა გყავთ, ჩვენი წაიყვანეთ, – არ გვენანება! მაგრამ სტრელიანისგან განსხვავებით, ჩვენ უკრაინელი ხალხი იმ ყოფისთვის არ გვემეტება, როგორშიც მიხომ ჩააგდო ქართველები. „სოფლელი მეოცნებეც“ შეგიძლიათ წაიყვანოთ. იგი წარმატებით გაართმევს თავს ათჯერ მეტი ადამიანისთვალთვალ–მიყურადებას“, იმდენი აპარატურა აქვს შეძენილი „ცივილიზებულ დასავლეთში“. ციხეს რაც შეეხება, იგი მართლაც ქურდებისაა, ოღონდ იმ ქურდებს სიზმარშიც არ უნახავთ იმდენი ფული და ქონება, რამდენიც მიხომ და მისმა მეგობრებმა „ვარდების რევოლუციიდან“ სულ მცირე ხანში დააგროვეს!
„მიხო და მისი საშუალებით, ღმერთი ანგრევს მათ რწმენას, წარმოდგენებს და ცხოვრების გაგებას. თურმე შესაძლებელია, გქონდეს ძალაუფლება და არ იპარავდე“, – ხბოს აღტყინებით აიგივებს სტრელიანი მიხოს ღმერთთან, ოღონდ დაუზუსტებელი რჩება, – მართლაც სჯერა, რომ მიხოს ხელისუფლება არ იპარავს? ადამიანებმა, რომელთაც „რევოლუციის“ გზით ძალაუფლებაც მოიპარეს, სხვა დანარჩენის ქურდობაზე განა უკან დაიხევდნენ? შეუძლებელია, „მიხოს მეგობარმა“ სტრელიანიმ ეს არ იცოდეს, მაგრამ ის, რაც საქართველოში გაუვიდათ „სოფლელ მეოცნებეებს“, უკრაინაში არ გასდით და ამიტომ „რევოლუციის წარმატების“ სიმბოლოდ მიხოს გამოცხადება აუცილებელია. ამიტომაა, რომ უკრაინის მთავარი ოლიგარქის – იულია ტიმოშენკოს ციხეში ყოფნა არც „რეფორმებში“ ითვლება და არც „ცივილიზებულობაში“, არადა, მან რომ იშოვა, იმდენი ანგარიშიც არ იციან ქართველმა „რეფორმატორებმა“.
თუმცა, სტრელიანის არ იყოს, იულია ტიმოშენკოც ხომ „მიხოს მეგობარია“!
895
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85