ლეონიდ თიბილოვი დონალდ ტუსკის ე.წ. საზღვარზე წაყვანას პროვოკაციად აფასებს

ლეონიდ თიბილოვი დონალდ ტუსკის ე.წ. საზღვარზე წაყვანას პროვოკაციად აფასებს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გაძლიერებას გააგრძელებს, - ამის შესახებ, რუსული მედიის ცნობით, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.

"სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის აღჭურვა გაგრძელდება მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განმეორებითი პროვოკაციებისა", - განაცხადა თიბილოვმა.

როგორც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველის პრესსპიკერი, განა იანოვსკაია აცხადებს, თიბილოვმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ე.წ საზღვარზე არსებული ვითარება განიხილა.

"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას სურს გააგრძელოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის აღჭურვა, როგორც ეს არაერთხელ განვაცხადეთ ღიად. ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ეს ინფორმაცია ქართული მხარისა და საერთაშორისო შუამავლებისათვის დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი", - განაცხადა ლეონიდ თიბოლოვმა.

მისივე თქმით, ოფიციალური თბილისი ჯერ კიდევ ვერ შეურიგდა იმ ფაქტს, რომ "არსებობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა თავისი სახელმწიფო საზღვრებით".

ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის ე.წ. საზღვარზე წაყვანა პროვოკაციულ მიზნებს ემსახურება.