შეატყობინებდნენ თუ არა ხარშილაძე და ძაძამია

შეატყობინებდნენ თუ არა ხარშილაძე და ძაძამია "ცენტრი-1"-ს ჟვანიას ადგილსამყოფელს, გაზის გაჟონვა თავიდან აცილებული ვერ იქნებოდა

შეატყობინებდნენ თუ არა ხარშილაძე და ძაძამია "ცენტრი-1"-ს ზურაბ ჟვანიას ადგილსამყოფელს, გაზით გაგუდვა და გაზის გაჟონვა თავიდან აცილებული ვერ იქნებოდა , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვის დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს დაიკითხნენ, ადასტურებენ, რომ ტექნიკურ-ოპერატიული ჯგუფი გაზის გამათბობელს არ ამოწმებს და შესაბამისად, რომც ყოფილიყო ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ხარშილაძეს და ძაძამიას მხრიდან გადაცემული, გამათბობლის შემოწმება ვერ მოხდებოდა.

"ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს პასუხისმგებელმა უფროსმა პირდაპირ განაცხადა დღეს დაკითხვისას, რომ თუნდაც ყოფილიყო შეტყობინება და თუნდაც ადგილზე გასულიყვნენ შესამოწმებლად, სახელმწოფო დაცვის სპეციალური სამსახური არ ამოწმებს გამათბობლის ფუნქციონირებას, არ ამოწმებდა ჟვანიას გარდაცვალებამდე, არც გარდაცვალების დროს და არც მისი გარდაცვალების შემდგომ. არც ერთი დასაცავი პირის, არც პრეზიდენტის, არც პრემიერის და არც პარლამენტის თავმჯდომარის ადგილსამყოფელის გათბობის სისტემები ამ ქვეყანაში არასოდეს არ შემოწმებულა, არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. შესაბამისად, ცენტრი 1-ს შეატყობინებდა თუ არა კობა ხარშილაძე ან მიხეილ ძაძამია ჟვანიას საბურთალოს ქუჩის #53ა-ში ვიზიტის თაობაზე, გაზით გაგუდვა და გაზის გაჟონვა თავიდან აცილებული ვერ იქნებოდა", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისი თქმით, დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა ისიც, რომ როდესაც კატეგორიულად არის მოთხოვნილი დასაცავი პირისგან, შესაძლებელია, რომ "ცენტრი 1"-ს ინფორმაცია არ გადაეცეს. ამ საქმეზე ბრალდებულ მიხეილ ძაძამიასა და კობა ხარშილაძეს სამსახურებრივი გულგრილობა ედებათ ბრალად, რაც პროკურატურის მტკიცებით გამოიხატა იმაში, რომ მათ დასაცავი ობიექტი ანუ ზურაბ ჟვანია დაცვის გარეშე დატოვეს და "ცენტრ 1"-ს მისი საბურთალოს ქუჩაზე გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს. პროკურატურის მტკიცებით, თუკი "ცენტრი 1"-ს ინფორმაცია მიეწოდებოდა ყოფილი პრემიერის გადაადგილების შესახებ, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სამსახური ადგილზე მივიდოდა და უსაფრთხოების ზომებს გაადაამოწმებდა.

ძაძამიასა და ხარშილაძის წინააღმდეგ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო ნაფიცი მსაჯულების პირობებში ხვალ, 11:00 საათზე განაახლებს.