ამერიკელი მსახიობი ჯეიმს დინი 24 წლის ასაკში, 1955 წლის 30 სექტემბერს დაიღუპა. მან მხოლოდ სამ ფილმში მოასწრო თამაში. ამის მიუხედავად ამერიკული კინოს ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.
არანაკლებ გასაკვირი უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ მისი ხანმოკლე, მაგრამ ბრწყინვალე გზა ამერიკის კინოაკადემიის არცერთი ჯილდოთი არ აღნიშნულა, თუმცა ორი ნომინაციით კი იყო მოხსენიებული.
ჯეიმს დინი კინოს ისტორიაში პირველი მსახიობი გახლდათ, რომელიც ნომინაციაზე გარდაცვალების შემდეგ წარადგინეს.
პირველად პრეტენდენტთა სიაში 1956 წელს მოიხსენიეს დრამისათვის “სამოთხიდან აღმოსავლეთით”. 1955 წელს ეკრანებზე მისი მეორე სურათიც – “უმიზეზო მეამბოხე” გამოვიდა. წესითა და რიგით მსახიობი ნომინანტთა სიაში ამ როლით უნდა შეეყვანათ, მაგრამ რადგან დინი უკვე ცოცხალი აღარ იყო, მისმა თაყვანისმცემლებმა პრესაში მთელი კამპანია გააჩაღეს, რათა ჭაბუკი კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის დაეჯილდოვებინათ.
ამ სურვილს სასტიკად აღუდგა წინ კინოაკადემია, რადგან საპატიო “ოსკარის” მინიჭება იმ კაცისთვის, რომელიც იმავე წელს მსახიობურ ნომინაციაში იყო წარდგენილი, კანონის აშკარა დარღვევა იყო.
მომავალ წელს დინი კვლავ აღმოჩნდა “ოსკარის” პრეტენდენტთა შორის, ამჟამად ფილმისათვის “გიგანტი”, რომლის გადაღების დროსაც დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ 1957 წელს, დაჯილდოების მომენტისათვის, უკვე ახალგაზრდა თაობის კერპი და ლეგენდა იყო, ჯეიმს დინი მაინც ოქროს ქანდაკების გარეშე დატოვეს, რადგან კინოაკადემიკოსებმა ცოცხალი მსახიობების გულის მოგება და დაჯილდოება არჩიეს.