„დონალდ ტუსკთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე ვითარება იქნება“

„დონალდ ტუსკთან შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე ვითარება იქნება“

ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერია და დავით ბაქრაძე ესწრებიან.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ დავით ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ასევე, განიხილავენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც.

„მთავარი თემა იქნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი ტუსკის ვიზიტი დროში დაემთხვა იმ ფაქტს, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან სერიოზული დღის წესრიგი. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს შიდა განვითარება, ვინაიდან, შიდა დაპირისპირება, ოპოზიციასთან ბრძოლა, ვნებს ჩვენ საზოგადოებას და უადვილებს რუსეთს თავისი ამოცანების შესრულებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დონალდ ტუსკი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.