ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა მოძრაობა

ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა მოძრაობა "2 ივნისის" წარმომადგენლებს დაატოვებინეს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა მოძრაობა "2 ივნისის" წარმომადგენლებს – ლექსო მაჭავარიანს და პაატა საბელაშვილს დაატოვებინეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მიიღო. კომიტეტის სხდომაზე განსახილველად დეპუტატ გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივა გადის, რომელიც მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას და ამ ქმედებისთვის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პროექტის განხილვა კი ცხარე კამათის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომაში მონაწილეობენ როგორც დეპუტატები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოძრაობა "2 ივნისის" წარმომადგენლები, ასევე ექიმი-ნარკოლოგები.

როგორც ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუმარტა, მისთვის მიუღებელი იყო შს სამინისტროს წარმომადგენლისა და ნარკოლოგ გელა ლეჟავას განმარტება იმის შესახებ, რომ ადამიანებს მარიხუანას მოხმარებისთვის ევროპულ ქვეყნებშიც აპატიმრებენ. მაჭავარიანის თქმით, ეს არის ტყუილი, რაზეც რეპლიკის სახით პოზიციის გამოხატვა კომიტეტის სხდომაზე სცადა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩათვალა, რომ ამით პარლამენტის რეგლამენტი ირღვეოდა და საკომიტეტო მოსმენის დატოვება მოსთხოვა. საკითხის განხილვა კომიტეტის სხდომაზე კამათის და ხმაურის ფონზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.