საჯარო სამსახურებში პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი ჩამოყალიბდება

საჯარო სამსახურებში პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი ჩამოყალიბდება

საჯარო სამსახურში პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის ჩამოყალიბება იგეგმება. პროფესიული საჯარო მოხელე იქნება პირი, რომელიც საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნება. მისი დანიშვნა კი მხოლოდ კონკურსის წესით მოხდება.

ამას "საჯარო სამსახსურის შესახებ" ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელსაც საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში განიხილავენ.

პროექტით პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა რანგირების წესი და კარიერული საფეხურები წესდება. კერძოდ, შემოდის საჯარო მოხელეთა შემდეგი იერარქიული რანგები: პირველი რანგი - მაღალი მმართველობითი დონე; მეორე რანგი - საშუალო მმართველობითი დონე; მესამე რანგი - მაღალი კატეგორიის სპეციალისტის დონე; მეოთხე რანგი - დაბალი კატეგორიის სპეციალისტის დონე. მეოთხე რანგი ყველაზე დაბალ რანგს წარმოადგენს, ხოლო პირველი რანგი - ყველაზე მაღალ რანგს.

პროექტის მიხედვით, საჯარო მოხელის დაწინაურება ქვედა რანგიდან ზედა რანგში გადასვლით, შიდა კონკურსის საფუძველზე უნდა მოხდეს.

ასევე, პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის განისაზღვრება კლასების მინიჭების მექანიზმი, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგებისა და წელთა ნამსახურების საფუძველზე. პროექტის მიხედვით, მოხელისათვის მისანიჭებელი კლასების სრული ოდენობა 12 კლასს შეადგენს. მოხელეს, რომელსაც კლასი მიენიჭება, მიეცემა თანამდებობრივი სარგოს დანამატი.

უქმდება ატესტაციის წესი და მის ნაცვლად ე.წ. შეფასების სისტემა შემოდის. კერძოდ, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, პროფესიული საჯარო მოხელის კარიერული განვითარების მიზნით, განისაზღვრება ყველა რანგის პროფესიული საჯარო მოხელის და მის მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველწლიური შეფასების ვალდებულება. შესრულებული სამუშაოს შეფასებას ასევე ექვემდებარება გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე.

ახლებურად წესრიგდება საჯარო სამსახურში მიღების წესიც. პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება დგინდება, მათ შორის ასეთი სავალდებულო დოკუმენტი სერტიფიკატი იქნება, რომელიც პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა აუცილებელი ზოგადი უნარების, ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს. სერტიფიკატის გაცემა მხოლოდ სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად მოხდება.

გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. მობილობის ინსტიტუტის შემოღება, რაც საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და შერწყმის შედეგად შემცირებული საჯარო მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში, ექვივალენტურ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე, მობილობით გადაყვანას გულისხმობს.

ასევე, გათვალისწინებულია რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და შერწყმის საფუძველზე გათავისუფლებული პროფესიული საჯარო მოხელეების რეზერვში ჩარიცხვის წესიც, თუკი მობილობით მათი გადაყვანა ვერ ხერხდება. პროფესიული საჯარო მოხელის რეზერვში ყოფნის ზღვრულ ვადად 2 წელი დგინდება და რეზერვში ჩარიცხული პირებისათვის 3 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდის ვალდებულება განისაზღვრება. ამასთან, რეზერვში ჩარიცხულ პროფესიულ საჯარო მოხელეს უფლება ენიჭება, მონაწილეობა მიიღოს საჯარო სამსახურში გამოცხადებულ შიდა კონკურსებში.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი ცვლილებას 65 სხვადასხვა კანონში იწვევს. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი საჯარო სამსახურის ბიუროა. ის პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

განხილვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კამათით მიმდინარეობს.