პოპ–პორტრეტები: სტივი რეი ვოუგენი  – ოთხმოციანების ბლიუზ–როკ რევოლუცია

პოპ–პორტრეტები: სტივი რეი ვოუგენი – ოთხმოციანების ბლიუზ–როკ რევოლუცია

როდესაც ჯაზი და როკი ერთმანეთს უმეგობრდებიან და მათი გამაერთიანებელი ბლუზია, და როდესაც მთელი რეპერტუარი და მსმენელი დაცულია ნებისმიერი სხვა – მდარე მიმდინარეობის ჩართვისაგან და ამას აკეთებს ნოტების წერა–კითხვის უცოდინარი მუსიკოსი, ალბათ საუბარია უაღრესად კეთილშობილ ადამიანზე, რომელსაც არ უყვარს ბინძური ხელებით დამზადებული საჭმელი, უყვარს ნამდვილი მუსიკა და, სამწუხაროდ, ალკოჰოლი, ნარკოტიკები და ვერტმფრენით საბედისწერო გაფრენები...

ასეთი იყო სტივი რეი ვოუგენი, რომელმაც შემოქმედებითად მდარე 80–იან წლებში, ნამდვილი ბლუზური რევოლუცია მოახდინა და  მუსიკის ყურებისათვის საღეჭ რეზინად გადაქცევის მაიკლ ჯექსონის ეპოქაში, ჩაწერა უკომპრომისო, მაღალი გემოვნებითა და უზადო საშემსრულებლო ოსტატობით გამორჩეული ალბომები, რომლებსაც როგორც გიტარის ჟღერადობით, ასევე - დაკვრის ხელწერის თვალსაზრისით, არაერთი თანამედროვე ბლუზ, როკ და ჯაზ–გიტარისტი აჰყვა და რომლებიც დღესაც მშვენივრად ისმინება და ბლიუზის კლასიკადაა აღიარებული...

სტივი რეი მუსიკალურ სცენაზე ჯერ კიდევ 70–იანების დასაწყისში გამოჩნდა. ამისათვის მან სკოლა მიატოვა და საყვარელი საქმისათვის ბლუზური მუსიკის აკვანში – ტეხასის შტატ ქალაქ ოსტინში გადაბარგდა, სადაც ახალგაზრდა გიტარისტმა, ბუნებრივია, რომ თვით ჯონი ვინტერის ყურადღებაც კი მიიპყრო. სწორედ აქ ჩამოაყალიბა სტივი რეიმ Triple Threat, რომელშიც უკრავდნენ მომავალი Double Trouble–ის დრამერი კრის ლეიტონი და მოგვიანებით წარსულში ჯონი ვინტერის ბასისტი – ტომი შენონი.

სტივი რეი დიდი სიამოვნებით უკრავდა ტეხასის ბარებსა და კლუბებში და მეტზე შესაძლოა არც ეფიქრა, რომ არა ისევ და ისევ დევიდ ბოუი, რომლის სერიოზულ აღმოჩენათა რიცხვი, ვინძლო ხუთ ათეულსაც კი აღემატებოდეს... სტივი რეიმ ბოუის მიწვევით მის 1982 წლის აღიარებულ ალბომ Let's Dance–ში გიტარის პარტია შეასრულა, სახელი მოიხვეჭა და საკონცერტო ტურნეში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაშიც ხელი ზემოთხსენებულ მუსიკოსებთან ერთად მისმა შექმნილმა ტრიომ Double Trouble–მა შეუშალა. მძლავრმა ბლიუზ–ტრიომ, რომლის დაკვრის ხელწერაც საგრძნობლად განსხვავდებოდა ნებისმიერი მანამდე არსებული კლასიკური ბლუზ–ბენდისაგან, 1983 და1984 წლებში ჩაწერილი  2 ალბომით ზღვა მასალა წარმოადგინა.

Texas Flood და Couldn’t Stand The Weather უცნაურობამდე თანაბარი დონისა და ხასიათისა გამოვიდა. ისინი 80–იანების გაურკვეველ ამერიკულ ჩარტებში წლის საუკეთესო 40 ალბომშიც აღმოჩნდნენ, მალე „ოქროსისაც“ შეიქმნენ, მაგრამ რაც მთავარია გააოცეს მსმენელი ბლუზური გიტარის „წვნიანი“ ჟღერადობითა და ენერგეტიკით, ჯიმი ჰენდრიქსის ბლუზურ–ავანგარდისტულ ხედვას, დიდი ბლუზმენის – ალბერტ კინგის საოცრად მშვიდ გიტარულ გარემოსთან რომ აერთიანებდა...

Texas Flood–მა ახალი იდეებით შთაბერა მიძინებული რიტმ ენდ ბლიუზი და კლასიკურ კომპოზიციებთან ერთად, ახალი – საკმაოდ მრავალფეროვანი ბლუზური ნაწარმოებები წარმოადგინა. ამ ალბომში სტივი რეის კალამს ეკუთვნის ტიპური გამხსნელი – ორწუთიანი ულამაზესი, მსუბუქი, გასართობი Love Struck Baby, ამგდები Pride And Joy, კლასიკური ტეხასური გიტარ–რიფებით გაფორმებული მოუხეშავი ინსტრუმენტული Rude Mood, Pride And Joy-ის ტყუპისცალი I’m Crying და უნატიფესი დამაბოლოვებელი ინსტრუმენტალი Lenny. ამ სიმღერებს დაუმატეთ თუნდაც ბლუზი Texas Flood, რომელშიც სტივი რეი კონცერტებზე ზურგზე გიტარ–შეგდებულ სოლოს უკრავდა და ეს სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მუსიკოსის მეორე ალბომიც გადაშალოთ და მისი მოსმენა დაიწყოთ თვით Couldn’t Stand The Weather–ში გარდამავალი ორწუთიანი ინსტრუმენტალით Scuttle Buttin’. Couldn’t Stand The Weather მუსიკოსის პირველი თამამი ჩანაფიქრია აბსოლუტური კომპოზიციური თვითმყოფადობის მიღწევისა, რაშიც მისივე  საკმაოდ უცნაური, ცოტა არ იყოს დამღლელი, მაგრამ მსმენელის ყურს დიდი ხნის შეჩვეული ვოკალის ტემბრი ეხმარება...

როგორც ვხედავთ, სადებიუტო ალბომის მსგავსად, აქაც პირველი ორი სიმღერა სტივი რეის ეკუთვნის. ალბომის მეორე ნაწილში კიდევ ვხვდებით მის კომპოზიციებს, მაგრამ აქ მეტად გამოსარჩევი, ალბათ მაინც ჯიმი ჰენდრიქსის Voodoo Chile–ია, რომლის სტივი რეისეული ვერსია განსაკუთრებულ ეფექტს სცენაზე ახდენს. სტივი რეი, მისი საყვარელი მუსიკოსის კიდევ არაერთ კომპოზიციას ასრულებდა ხოლმე კონცერტებზე, რომელთა შორისაც აღსანიშნავია დაღუპვის შემდგომ გამოქვეყნებული Little Wing–ის ექვსწუთიანი ინსტრუმენტული ვერსია და Third Stone From The Sun. სცენაზე სტივი რეის სტივი უონდერის ფანკური Superstition–იც გამოჰქონდა ხოლმე.

ინტენსიურმა მუშაობამ, ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა ვირტუოზ მუსიკოსზე ცუდად იმოქმედა და სტივი რეის ერთწლიანი რეაბილიტაციის კურსის ჩატარება მოუწია, თუმცა იქამდე გამოსული რიგით მესამე სტუდიური ალბომი Soul To Soul, ინერციით მაინც კარგი გამოვიდა, რაშიც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი მეოთხე მუსიკოსს – პიანისტ რიის ვაინიენსს მიუძღოდეს. მისმა მოსვლამ კოლექტივში ჯაზური ტენდენციები განავითარა, სტივი რეის კი სამუშაო შეუმსუბუქა. კვარტეტმა მაინცდამაინც ვერ ივარგა 1986 წლის საკმაოდ მდარე ორდისკიან საკონცერტო Live Alive–ში. უცნაურია, მაგრამ სტივი რეის მრავალ საკონცერტო ვიდეო, თუ აუდიო ჩანაწერებთან შედარებით, ოფიციალური ლაივ ალბომი ყველაზე უღიმღამო გამოდგა...

1989 წელს, სტივი რეი 4-წლიანი პაუზის შემდეგ, საუკეთესო სტუდიური  ალბომით In Step დაბრუნდა. მელოდიურობა, დრაივი, ღრმა და ლამაზი, საკმაოდ გრძელი და არავითარ შემთხვევაში მომაბეზრებელი სოლოები აერთიანებდა ყოველ სიმღერას, რომელთა დამაგვირგვინებლადაც და ალბომიდან ერთგვარ ამოვარდნადაც შესაძლოა დამაბოლოვებელი ინსტრუმენტალი Riviera Paradise მივიჩნიოთ. კომპოზიცია ლამაზია, მაგრამ სადებიუტო დამაბოლოვებელი Lenny–გან განსხვავებით, სტივი რეისთვის ოდნავ მონოტონური და ზედმეტად ჯაზური.

ძმასთან ერთად ჩაწერილმა 1990 წლის Family Style–მა, ჩარტებში მაღალი ადგილების გარდა, მუსიკოსს ბევრი ვერაფერი შესძინა. მალე კი მუსიკალურმა სამყარომ 36 წლის სტივი რეი ვოუგენის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ შეიტყო.

1991 წლის The Sky Is Crying–დან მოყოლებული, გამოიცა მუსიკოსის სიცოცხლეში გამოუქვეყნებელი არაერთი სტუდიური, თუ საკონცერტო ნამუშევარი, მაგრამ ალბათ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი, სტივი რეის მიერ მის სულიერ მამასთან – ალბერტ კინგთან ერთად ჩაწერილი სტუდიური ლაივია. საოცრად შესრულებულ ბლიუზებში იგრძნობა სტივი რეის უდიდესი პატივისცემა ასაკოვანი სახელოვანი ბლუზმენისადმი. იგი უკრავს ნაკლებს და თითქოს ცდილობს, რომ ალბერტ კინგის ჩრდილში მოექცეს. ეს კი სტივი რეის ისევე ლამაზად გამოსდის, როგორც სხვა დროს დაკრული გრანდიოზული სოლოები. სოლოები, რომელთაც დამალვა, თუ გაუჩინარება არ უწერიათ და რომელთაც ხშირად, ძალზე ხშირად შეასრულებენ მომავალი თაობების ჯაზ, როკ და ბლუზ გიტარისტები. სოლოები, რომლებიც გაგვიცოცხლებენ სტივი რეის გამონათქვამს  – „ჩემი გული პოეტურია, მიმტკიცებს სულს და გამოძახილია მოგზაურობისა სამყაროში“.