კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც გაამწვავოს, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ განაცხადა.
საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენები მან "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში შეაფასა.
"გაუგებარია, რატომ სურს კრემლს ამის გაკეთება. საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობას ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით. შესაძლებელია, რომ რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურაში ვიღაცას სჯერა, რომ მოვიდა დრო გაძლიერდეს ძალისხმევა, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული," – განაცხადა კორტნიმ.
ყოფილი ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, რადგან ეს მილსადენი, მისი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაქო-სუფსის მილსადენი. ამასთან, მას იმედი აქვს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ დასავლეთი საქართველოს მეტ დახმარებას აღმოუჩენს.
"ალბათ, მოვიდა დრო დასავლეთმა დაიწყოს საქართველოსთვის მეტი დახმარების აღმოჩენა მილსადენების მონიტორინგის მიმართულებით. არ არის აუცილებელი ეს სამხედრო დახმარება იყოს. ამ მიზნის მიღწევა ტექნიკური დახმარებით, მონიტორინგის დახვეწით, დრონების საშუალებით არის შესაძლებელი. იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარღის მიწოდებაზე უარს ამბობს, რუსები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ, საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული იყვნენ და დასავლეთი არც საქართველოს მიაწოდებს შეიარაღებას. ჩემი აზრით, ამერიკის კონგრესში მალე დაიწყება საუბარი იარაღის მიწოდებაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ეს ძალიან მალე არ მოხდება, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დებატები დაიწყება", - განაცხადა უილიამ კორტნიმ.