თურქეთი სირიის საზღვარზე უსაფრთხოებას გააძლიერებს

თურქეთი სირიის საზღვარზე უსაფრთხოებას გააძლიერებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმედ დავუთოღლუ პირობას დებს, რომ სირიის საზღვარზე უსაფრთხოებას გააძლიერებს. 

"ბიბისის" ცნობით, ამის შესახებ დავუთოღლუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც გუშინ სასაზღვრო ქალაქ სურუჩში აფეთქებას 30 ადამიანი შეეწირა. გამომძიებელთა ვარაუდით, აფეთქება "ისლამური სახელმწიფოს" თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა. 

"თურქეთმა მიიღო და მიიღებს ყველა საჭირო ზომას "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. ჩვენ ტერორიზმის წინაშე ვდგავართ. ჩვენ გვაქვს ნებისყოფა აღმოვაჩინოთ და დავსაჯოთ ყველა ის ადამიანი, რომელიც მომხდარზეა პასუხისმგებელი. სირიასთან საზღვარზე ზომები გამკაცრდება", - განაცხადა დავუთოღლუმ. 

გუშინ მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტს ანკარასა და სტამბოლში საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავრობა და პრეზიდენტი "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. პოლიციამ სტამბოლში აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.