საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება, შესაძლოა, 2-3 წელიწადში დაიწყოს

საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება, შესაძლოა, 2-3 წელიწადში დაიწყოს

ამერიკულმა კომპანია "Frontera Resources Corporation"-მა შესაძლოა, საქართველოდან უკრაინაში გაზის მიწოდება 2-3 წელიწადში დაიწყოს. "უკრინფორმის" ინფორმაციით , ამის შესახებ "ნაფტოგაზ უკრაინას" დირექტორმა იური ვიტრენკომ განაცხადა.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და გრძელი გზის დასაწყისში ვართ. გავა ორი-სამი წელი, ვიდრე ჩვენ შევძლებთ დეტალურად ვისაუბროთ უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე და ეს ის ვადებია, რომლებსაც "ფრონტერასთან" ერთად განვიხილავთ, ეს 2017 წელია", - აღნიშნა ვიტრენკომ.

მისივე თქმით, ვიდრე კონკრეტულ მიწოდებას განვიხილავთ, "ფრონტერამ" მოპოვების, ექსპორტისა და გაზის გაყიდვის ეკონომიკური ანალიზი უნდა განახორციელოს, შემდეგ უნდა მოხდეს დაზვერვითი ბურღვა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მოპოვებული გაზის უკრაინის ბაზარზე გატანა. ვიტრენკოს განმარტებით, ამ პროცესს 2-3 წელიწადი დასჭირდება.

გამოცემის ინფორმაციით, "ნეფტოგაზმა" მანამდე განაცხადა, რომ კომპანია "ფრონტერასთან" ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ბუნებრივი თხევადი გაზის იმპორტის სფეროში. "ფრონტერას" შეფასებეით, საქართველოში ბუნებრივი გაზის მარაგის პერსპექტივა 300 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს 266 ძირითად საბადოზე.