„ჩვენ ნატო-სთან ინტეგრაციის ტემპის დაჩქარება გვაინტერესებს“

„ჩვენ ნატო-სთან ინტეგრაციის ტემპის დაჩქარება გვაინტერესებს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნატო-ს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსთვის კონკრეტული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრებს.

ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

„მივემგზავრები ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში. მექნება შეხვედრები ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან და რაც მთავარია, გამოსვლა მექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იქნებიან და ჩვენ საშუალება გვექნება დაახლოებით 2 საათი ვისაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რაც გვაინტერესებს ნატო-სთან. ჩვენ კი გვაინტერესებს ინტეგრაციის ტემპის დაჩქარება და ძალიან კონკრეტული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, როგორც პოლიტიკური, ისე სხვა თვალსაზრისით. ასე, რომ  ეს ვიზიტი გარკვეულწილად გაგრძელებაა. მე ორი თვის წინ მქონდა შესაძლებლობა მიმემართა ნატო-ს საპარლამენტო ასემბლეისთვის ბუდაპეშტში, სადაც საშუალება მქონდა წარმომეჩინა არა მხოლოდ ჩემი პირადი, არამდე პარლამენტის წარმომადგენელი ძალების პოლიტიკური ხედვა და მე ზუსტად ამას გავაკეთებ იქ იმიტომ, რომ ნატო-ში აინტერესებთ ქვეყნის დამოკიდებულებები და განწყობები და არა რომელიმე პარტიის და თანამდებობის პირის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 22 ივლისს ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინას ეწვევა. როგორც ნატო-ს პრესსამსახური იტყობინება, უსუფაშვილი შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ალექსანდრე ვერშბოუსთან და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში სიტყვით გამოვა.